ეკონომიკა

“საქართველოში აგროსექტორში ინვესტირებისთვის საუკეთესო დროა”

ირაკლი ლექვინაძე, ეკონომისტი, ,,გაყიდვების მართვის კომპანიის’’ პარტნიორი


,,გაყიდვების მართვის კომპანია’’ ფერმერებს და ადგილობრივ აგროწარმოებებს სთავაზობს გაყიდვების მართვას, მარკეტინგულ, სარეკლამო, საკონსულტაციო სერვისებს, კომპანიის მიერ შექმნილია სავაჭრო ნიშანი ,,აირჩიე ქართული!’’. ამჟამად კომპანიის პროფილში სამი პროდუქტია – აჭარაში წარმოებული თაფლი ,,მაჭახელას დათუნია’’, აჭარაში წარმოებული ელიტარული ჩაი – ,,ელიტა’’ და ბათუმი, აჭარაში წარმოებული ციტრუსის და ხილის ნატურალური წვენები LIVO.

ბატონო ირაკლი, როგორ შეაფასებდით სოფლის მეურნეობაში არსებულ დღევანდელ მდგომარეობას?

სოფლის მეურნეობა ერთ–ერთი ყველაზე განუვითარებელი სექტორია საქართველოს ეკონომიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობაა დასაქმებული. 2005 წლიდან 2011 წლის ჩათვლით სხვა სექტორების ზრდის პარალელურად სოფლის მეურნეობის სექტორი მცირდებოდა. დღეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვების წილი მთლიანად ეკონომიკაში 16%, მშპ–ში 8%–ის ფარგლებშია (2 მლრდ. ლარი). ზოგადად განვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში მცირეა – (2–4%) პროცენტი, დასაქმებულთა წილიც მცირეა, მაგრამ ფულად გამოხატულებაში და ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით რამდენჯერმე აღემატება საქართველოს მაჩვენებლებს. საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან სომხეთს, მოლდავეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს და უკრაინას სექტორის განვითარების თვალსაზრისით. მთლიანობაში სურათს რომ შევხედოთ 1988 წლიდან, როდესაც საქართველოში ყველაზე მეტი პროდუქცია იქნა შექმნილი აგროსექტორში, დღემდე მონაცემები საშუალოდ სამჯერ არის შემცირებული, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია და ადგილობრივი კვების პროდუქტების წარმოება შიდა მოთხოვნის მხოლოდ 8–12% აკმაყოფილებს.


საქართველოში თითქმის 90%–ით იმპორტორებულია ხორბალი, 55–60 ხორცი, იმპორტირებულია ბოსტნეული და ხილი (წილი იცვლება სეზონის მიხედვით), კვერცხი, თაფლი, მემცენარეობის და მეცხოველეობის სხვადასხვა პროდუქტები.

და მაინც, რა არის მთავარი პრობლემა?

ტრადიციული და განვითარებაზე ნაკლებად ორიენტირებული ტექნოლოგიები სექტორში, ფიზიკური კაპიტალი და ინფრასტრუქტურა, კაპიტალის სიძვირე და დეფიციტი, მცირემიწიანობა, ფერმერების განათლება, მწირი ინფორმაცია მსოფლიო ბაზრის ტრენდების და სტანდარტების შესახებ, ძვირი ენერგომატარებლები (შუქი, წყალი, გაზი), დაზღვევის სისტემის არარსებობა, კვალიფიციური საკონსულტაციო და საბროკერო კომპანიების არარსებობა, რომლების იმუშავებენ გაყიდვების მიმართულებით, ნაკლები წვდომა რეგიონალურ ბაზრებზე (სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი), მაშინ როდესაც ქართული ბაზარი მათთვის სრულიად ლიბერალურია, არაფერს ვამბობ ევროპულ ბაზარზე. არ არსებობს და ფორმალურია დარგობრივი ასოციაციების როლი, რომლებთაც შეუძლიათ რესურსების გაერთიანებით მოიპოვონ წარმატებები შიდა და გარე ბაზრებზე. ასევე საგადასახადო კოდექსში არსებული ხარვეზები, რომლებიც ორაზროვან გაგებას იწვევს დაბეგვრის საკითხებში, მაგალითად ითვლება თუ არა პირველად წარმოებად თაფლი, ყველი, ჩაი, შეფუთული ხილი და უნდა იბეგრებოდეს ის დღგ–თი. ამ მიმართულებით, ვფიქრობ, უფრო მეტი სიცხადეა შესატანი. არსებობს პრობლემები ლაბორატორიების კუთხით, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტებზე საერთაშირისო სერთიფიკატებს გასცემემდნენ.

სად და კონკრეტულად სოფლის მეურნეობის რომელი მიმართულებით ხედავთ პრობლემებს?

პრობლემას უფრო ზოგად ჭრილში თუ შევხედავთ, შევამჩნევთ, რომ პრობლემა არის ყველა მიმართულებით და მთავარი მიზეზი არის განათლება, საქმიანი და უნარიანი ადამიანების დეფიციტი ამ სექტორში. დღეს ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ფერმერის გასაკეთებელი საქმე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა გააკეთოს, მათ მიერ წარმოებული პროდუქტი სახელმწიფომ უნდა იყიდოს ან გაყიდოს, სუბსიდია და დაფინანსება უნდა გასცეს. სამინისტროს ფუნქცია ინფრასტრუქტურის მოწყობა, ლიბერალური გარემოს შექმნა, ბაზრებზე წვდომის გაზრდა, ფერმერების საკონსულტაციო მომსახურება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ქართული აგროკომპანიების საერთაშორისო გამოფენებში ჩართულობით შეიძლება შემოიფარგლოს, დანარჩენ საკითხებში ინიციატივა კერძო სექტორმა უნდა აიღოს.

როგორ არის განვითარებული დღეს სოფლის მეურნეობის თითოეული მიმართულება და რა პერსპერქტივა არსებობს?

მიუხედავად პრობლემებისა, საქართველოში არსებობს წარმატებული სექტორები და მაგალითები, საექსპორტო პროდუქტების ათეულში არის ღვინო, მინერალური წყლები და თხილი, ეს სექტორები შეგვიძლია მივიჩნიოთ ყველაზე წარმატებულ ინდუსტრიებად. რაც შეეხება სხვა სექტორებს, საქართველოდან ხდება ლიმონათების, ნატურალური წვენების, საკონსერვო პროდუქციის, ჩაის ნედლეულის ექსპორტი, თუმცა მათი მოცულობა დიდი არ არის, მხოლოდ რამდენიმე კომპანიის მიერ ხორციელდება. პოტენციალი რეალურად არსებობს და საქართველოში მიწის, კლიმატური და სხვა რესურსების ხარჯზე შესაძლებელია ბევრი მიმართულების განვითარება, მეცხოველეობის და მეფრინველეობის მიმართულებით, ბოსტნეულის და ხილის წარმოება, ადგილობრივი მცირე გადამამამუშავებელი საწარმოების შექმნით, ძალიან დიდი რესურსია ხილის კონცენტრანტების წარმოების სექტორში. ვფიქრობ, პირველ ეტაპზე ადგილობრივი ბაზარია მოსაგები, რატომ ხდება თურქეთში იაფი კარტოფილის წარმოება და რატომ ვერ ხერხდება საქართველოში, იგივე რატომ ღირს ჩინური ნიორი უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში წარმოებული და ა.შ. მიზეზი ტექნოლოგიებში და მასშტაბის ეფექტშია. ამიტომ კომპანიებმა და ფერმერებმა პირველ რიგში ამის გააზრება და გამოცდილების გაზიარება უნდა შეძლოს, თუ ხელს ადგილობრივი ინფრასტრუქტურა ან კანონმდებლობა უშლით აქ უკვე სახელმიწფოს რესურსი უნდა ჩაერთოს. იმპორტირებული უხარისხო პროდუქციის კონტროლი მნიშვნელოვანია და კარგია, რომ ეს ბოლო პერიოდში საბაჟოზე აქტიურად ხორციელდება.

რამდენად მნიშვნელოვანია და წაადგება სოფლად ადამიანს იაფი კრედიტები, ე.წ. აგროსესხები. დღეს ვინ სარგებლობს ამ კრედიტებით და რეალურად რამდენად ხელმისაწვდომი და შეღავათიანია?

ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი პროექტი, რომელსაც შეუძლია ძვირი კაპიტალის პრობლემა მოხსნას სექტორში, მოლოდინი ამ პროგრამის მიმართ იყო მაღალი და გარკვეული უკმაყოფილება იყო, რომ ყველას ვერ შეეძლო სარგებლება და ბანკებს აქვთ მკაცრი კრიტერიუმები. მიმაჩნია, რომ ბანკების კომპონენტი ამ პროექტში არის მნიშვნელოვანი, რადგან არ მოხდეს ფინანსური რესურსის ფლანგვა და მისი მართვა განხორციელდეს ეფექტურად. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პროგრამა მიმდინარეობს და უკვე რამდენიმე ათეული მილიონი ლარია გაცემული. მისი სარგებლობა ამ ეტაპზე მხოლოდ გამოცდილ ფერმერებს შეუძლიათ. იმისათვის, რომ შედარებით ნაკლები გამოცდილების მქონე ფერმერების ჩართულობაც გაიზარდოს, საჭიროა სტარტაფებიც დაფინანსდეს და და პროგრამა უფრო მაოსბრივი გახდეს. ასევე სასარგებლო და საჭიროა, თუ ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნება საკონსულტაციო და ტექნიკური ჯგუფები, რომლებიც ასეთ ფერმერებს მიეხმარებიან კაპიტალის და გაყიდვების მართვაში. ეს უკანასკლნელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მიღებული ფულით შეიძლება გადააიარაღო საწარმო, შექმნა კარგი პროდუქტი, მაგრამ მთავარი მისი გაყიდვებია. კარგი მწარმოებელი არ ნიშნავს კარგ მარკეტოლოგს და გამყიდველს. გასულ წლებში იყო ამის მაგალითები, როდესაც მილენიუმის და იაფი სესხის ფარგლებში შეიქმნა საწარმოები, მაგრამ მათ არასწორი მარკეტინგით, პოზიციონირებით და გაყიდვების სქემის ვერ აწყობით ვერც ადგილობივი და ვერც უცხოური ბაზრებზე წარმატებას ვერ მიაღწიეს. მნიშვნელოვნად მიმაჩნია აგროსესხების მე–5 კომპონენტი, რომელიც რთველის სუბსიდირებაზე ეტაპობრივად უარის თქმას გულისხმობს.

თქვენი აზრით, რა არის მთავარი საკითხები, რაც ამ ეტაპზე გადაუდებლად გასაკეთებელია?

მე ვფიქრობ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ფერმერებთან და ბევრ საინტერესო რეფორმას ახორციელებს, რომელიც ეხება იაფი კრედიტის პროგრამას, კოოპერატივების შესახებ კანონმდებლობის შექმნას, მიწებთან დაკავშირებულ საკითხებს, უხარისხო იმპორტის კონტროლის ღონისძიებებს, ინფასტრუქტურის მოწესრიგებას, საირიგაციო სისტემების, ტრაქტორების პროგრამებს რეგიონებში, მცდელობებს გაიაფდეს სოფლის წარმოება და ა.შ.


დამატებით, აუცილებელია ინვესტიციები განათლებაში, კვლევით ინსტიტუტებში და საცდელი მეურნეობების განვითარებაში, ლაბორატორიული ტექნიკით აღჭურვის პროგრამა, რათა საქართველოში იყოს შესაძლებელი საერთაშორისო სერთიფიკატების გაცემა. ძლიერი მარკეტინგული ჯგუფის ფორმირება, რომელიც გასწევდა კონსულტაციებს სხვადასხვა სექტორში ფერმერებისთვის, ქართული პროდუქციის აქტიური პრომოუშენი შიდა ბაზარზე. აქტიური კომერციული პოლიტიკა ქვეყნის გარეთ და ჩართულობა აგროგამოფენებში. მუშაობა კანონმდებლობაზე, საგადასახადო კოდექსზე, რადგან ის უფრო ცხადი და მარტივი გახდეს ფერმერებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ენერგომატარებლებზე ტარიფების შემცირების ინიცირება და მუშაობა. ადგილობრივ კომპანიებს უნდა შეუმცირდეთ წყლის, გაზის და დენის ტარიფი. ეს მნიშვნელოვნად შეუმცირებთ მათ ხარჯებს და გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას (მაგ. ლუდის, ნატურალური წვენების, პურის, რძის პროდუქტების და სხვადასხვა წარმოებები). საქართველოს რეგიონში კომპანიებისთვის ყველაზე მაღალი ტარიფები აქვს, რაც აქ არსებულ ლიბერალურ საგადასახადო ტვირთს აბალანსებს და ხელს უშლის კონკურენტული უპირატესობის განმტკიცებას. ამის კარგი მაგალიათია საქართველოში მინის და შუშის ბოთლების მწარმოებელი ქარხნის გაჩერება რამდენიმე წლის წინ, რომელიც სწორედ მაღალი ხარჯების გამო ვერ გახდა კონკურენტუნარიანი სომხურ წარმოებებთან, დღეს ქართული კომპანიები შუშის ბოთლებს სომხეთში, თურქეთში და უკრაინაში ყიდულობენ.

დღესდღეობით ყველაფერი იმპორტირებულია?

საქართველოში არსებობს მოქმედი კომპანიები, ფერმერული მეურნეობები, რომლებიც ცდილობენ აქტიურად ჩაანაცვლონ იმპორტირებული პროდუქტები და მათ წარმატებებიც აქვთ, მაგალითად, იგივე მარნეულის სასურსათო ქარხანა, კულა, კამპა და ა.შ. თუმცა მათი რიცხვი ძალიან მცირეა და მთლიანობაში ბაზარზე სურათს ვერ ქმნიან. აქტიური ქმედებებით და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ეს სურათი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. საქართველოს აქვს რესურსი დღეს არსებული წარმოება აგროსექტორში 4–5 ჯერ გაზარდოს, ამისთვის საჭიროა ტექნოლოგიები, განათლება და წვდომა ბაზრებზე. დღესდღეობით იმპორტის წილი სოლიდურია, განსაკუთრებით არასეზონურ პერიოდებში.

ამ ფონზე, რა მნიშვნელობა აქვს ექსპორტს და რა პრობლემებია ექსპორტში?

ექსპორტი არის შემოსავალი ქვეყნისთვის და იმ კომპანიებისთვის, ვინც ამას აკეთებს, უფრო მეტი დასაქმებული ამ მიმართულებით. მთვარი პრობლემა არის წვდომა ბაზრებზე, შესაბამისი სტანდარტების და მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობის არქონა ხშირ შემთხევაში. ეს კარგად ჩანს ქართული ბოსტნეულის და ციტრუსების მაგალითზე, როდესაც მათი მოყვანა მხოლოდ სეზონზე ხდება, შენახვა ვერ ხორციელდება ტექნოლოგიების და სამაცივრე მეურნეობების არ არსებობოს გამო. ეს პრობლემა არ აქვს თურქეთს, სომხეთს და, შესაბამისად, ამ კონკურენტულ ბრძოლაში ჩვენ ვაგებთ. ასევე მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური ხაზები და მათი ოპტიმიზაცია მისი გაიაფების კუთხით. ბარიერების მინიმიზირება რეგიონის ბაზრებზე (აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი), თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროპასთან და აშშ–თან.


– რამდენად მიმზიდველია ინვესტორებისთვის საქართველოში აგროსექტორში ფულის დაბანდება?


ვფიქრობ, საქართველოში აგროსექტორში ახლა ინვესტირებისთვის საუკეთესო დროა. იაფია მიწით სარგებლობის ხარჯები, აუთვისებელია საწარმოო ფაქტორები, იაფია მუშახელი, ლიბერალურია ბიზნესგარემო და საგადასახადო სისტემა. რეგიონალურ ბაზრებზე კი ქართული პროდუქციის ცნობადობა მაღალია. სწორი მართვის და სტრატეგიის პირობებში საქართველოში ეს ბიზნესი საკმაოდ რენტაბელური იქნება, განსაკუთებით მეღვინეობა, ბიო და ნატურალური პროდუქტების წარმოება, თხილის წარმოება, წყლის რესურსების ათვისება, სხვადასხვა ხილის მოყვანა და მისი გადამუშავება, აუთვისებელი და ძალიან მოთხვნადი პროდუქტია ხილის ნატურალური კონცენტრანტების წარმოება. საქართველოში უკვე გამოჩნდნენ პირველი უცხოელი ფერმერები ინდოეთიდან, სომხეთიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, ჩეხეთიდან, აშშ–დან და არაბეთიდან, რომლებმაც სწორედ ბიზნესის წარმოების სიიაფის გამო, კლიმატური პირობების გამო მიიღეს საქართველოში ფერმერული მეურნეობების და აგრობიზნესწარმოების გადაწყვეტილება. ჩვენი კომპანია აქტიურად სწავლობს აგროსექტორში ბიზნესშესაძლებლობებს და მაქსიმალურად უწევს ქართული პროდუქციას პოპულარიზაციას შიდა და გარე ბაზრებზე.

ესაუბრა გიორგი კაპანაძე