ეკონომიკა

გაზის მარაგები – “ფრონტერას” სპეკულაციები თუ საქართველოს გადარჩენის გზა?!

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ძალიან აქტუალურია კომპანია “ფრონტერას” მიერ გახმოვანებული ინფორმაცია, რომელიც კახეთში 3,8 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესაძლო აღმოჩენას უკავშირდება. საქართველოში “ფრონტერას” მიერ რამდენიმე ტრილიონი კუბური მეტრი გაზის აღმოჩენა ამჯერად ატლანტიკური საბჭოს ანგარიშიდან გახმოვანდა.

,,სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში საქართველო გაზის ექსპორტიორი გახდება და შეძლებს ბუნებრივი აირით თურქეთი და აღმოსავლეთ ევროპა მოამარაგოს”, – ეს განცხადება ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში კომპანია ,,ფრონტერას” ხელმძღვანელმა სტივ ნიკარსონმა გააკეთა.

,,ვფიქრობთ, რომ საქართველოში აღმოჩენილი გაზის რესურსი, დაახლოებით 5 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. საბადო აღმოსავლეთ საქართველოშია, მოცულობა ბაზარზე 10 წლის განმავლობაში გავა და გაზის მიწოდების კუთხით თამაშის წესებს შეცვლის. საქართველო გაზს მიაწვდის თურქეთს და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებს. სამიდან ხუთი წლის ვადაში საქართველო გაზის ექსპორტიორი გახდება”, – განაცხადა სტივ ნიკარსონმა.

გაზეთი “ბანკები და ფინანსები” დაინტერესდა, თუ რას წარმოადგენს და რა მიზნები აქვს აღნიშნული განცხადების ავტორ კომპანიას. ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენი საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 20 წელია ოპერირებს, კომპანია წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებში (შტატი ტეხასი) დაარსებული ნავთობისა და გაზის დამოუკიდებელ კომპანიას, რომლის სტრატეგიაა შავი ზღვის აუზის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განვითარებადი ბაზრების შესაძლებლობების შეფასება და ამ ბაზრებზე გასვლა. კომპანიის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება (საბაზრო სიმბოლო Fღღ).

ექსპერტების და ანალიტიკოსების ნაწილი აღნიშნულ ინფორმაციას არარეალურად მიიჩნევს და კომპანიის მიერ ასეთ განცხადებას სპეკულაციებად აფასებენ, ხოლო მეორე ნაწილი კი ასეთი მარაგების არსებობას უბრალოდ წარმოუდგენლად და არასერიოზულად მიიჩნევს მისი მოცულობიდან გამომდინარე.

კომპანიის განცხადებას, ასევე, არარეალურად მიიჩნევს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც. მისი განცხადებით, “ფრონტერას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ძალიან დიდ მარაგებზეა საუბარი, რის დასამტკიცებლადაც მილიარდობით დოლარის ინვესტირებაა საჭირო.

“იმხელა მოცულობებზე იყო საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც და სხვადასხვა ქვეყანას, ვინც ნავთობის და გაზის მოპოვებით არის დაკავებული, არ გააჩნიათ. შეიძლება მიწის ქვეშ რაღაც გარკვეული მარაგები იყოს, თუმცა ამის დასამტკიცებლად მილიარდობით ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო.

დამტკიცების შემთხვევაში, მერე უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, თუ რამდენად სწორი იქნება კომერციულად, ფინანსურად ბიზნესის თვალსაზრისით, ამ გაზის ამოღება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დასძინა, რომ “ფრონტერასა” და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულება ყოველწლიურად ახლდება და ბოლო ხელშეკრულებაში ამ სამუშაოების განხორციელების შესახებ წინადადებები მიღებული არ ყოფილა, რაც მისი აზრით დამატებით შეკითხვებს ბადებს.

კომპანიის განცხადებასთან დაკავშირებით, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ კომპანიის მიზანი საფონდო ბირჟებზე აქციების ფასების ზრდას ემსახურება.

“აღნიშნული კომპანია წლების განმავლობაში ძალიან ხშირად ავრცელებდა ახალი მარაგების აღმოჩენასთან დაკავშირებულ განცხადებებს. როგორც ვიცით, საფონდო ბირჟაზე აქციებით ვაჭრობა საკმაოდ მგრძნობიარე პროცესია და ნებისმიერ განცხადებას თუ მოვლენას, რომელიც კომპანიის საქმიანობას უკავშირდება დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია აქციების ფასებზე.

კონკრეტულად “ფრონტერას” მაგალითზე ნათლად ჩანს კომპანიის განცხადებებისა და ბირჟებზე ფასების ცვლილების ურთიერთდამოკიდებულება. ხშირ შემთხვევაში ასეთი ხმაურიანი განცხადებები საკმაოდ დადებითად ისახება ხოლმე აქციების ფასებზე. მაგალითად “ფრონტერას” ბოლო განცხადების შემთხვევაში, (5 ტრილიონი კუბური მეტრის მარაგების აღმოჩენასთან დაკავშირებით) ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ფასის ზრდამ 28% შეადგინა. ანალოგიური გზით “ფრონტერამ” აქციების ფასების 18%-იანი ზრდა დეკემბრის თვეშიც მოახერხა, როცა კახეთის საბადოზე მოპოვებითი სამუშაოების პროგრესის შესახებ განცხადება გაავრცელა. ასეთი მაგალითები საკმაოდ მრავლად არის, და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მეთოდებით ბირჟაზე ვაჭრობა, კომპანიის სტრატეგიულ ხედვად ჩამოყალიბდა, ასევე უნდა აღნიშნოს, რომ ასეთი გზებით აქციების ფასების ზრდა, სხვა არაკეთილსინდისიერად მოთამაშე კომპანიებისთვის, აპრობირებული მეთოდია.

აქვე საგულისხმოა, რომ “ფრონტერასა” და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის სამართლებრივი დავაც კი იყო. სახელმწიფო ფრონტერასგან გაზის მარაგების შესახებ ანგარიშს ითხოვდა, ფრონტერა კი ამ დოკუმენტაციის წარდგენაზე უარს აცხადებდა, რის საფუძველზეც სახელმწიფომ კომპანია დააჯარიმა. სწორედ ამიტომ ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ “ფრონტერა” მიუღებელი თამაშის წესებით თამაშობს საფუძვლიანია”, – განაცხადა “აფბას” ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა.

ეკონომიკის დოქტორი, ექსპერტი, ზურაბ გარაყანიზე მიიჩნევს, რომ “ფრონტერამ” ასეთი არარეალური განცხადება ინვესტორების დასაინტერესებლად და მათ მოსაზიდად გააკეთა.

“მსოფლიოში მოხმარებული ენერგიის 20 პროცენტზე მეტი ბუნებრივ გაზზე მოდის! 2015 წ. ზაფხულში იტალიის ენერგეტიკულმა კომპანიამ Eნი–მ სენსაციურად განაცხადა, რომ ხმელთაშუა ზღვაში ეგვიპტის ნაპირებთან მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი გაზის საბადო – “ზოჰრი” აღმოაჩინა. ის დაახლოებით ნახევარი კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს და წინასწარი მონაცემებით იგი 850 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეიცავს (ამ დროს “ფრონტერას” მენეჯერის მიერ გამოცხადდა თითქოს საქართველოში 3,8 ტრლნ კუბ.მეტრის საბადო აღმოაჩნდა…) შედარებისთვის: ციმბირში, იამალზე მდებარეობს რუსეთის ბუნებრივი გაზის უდიდესი საბადოები.

რუსეთის გაზის მონოპოლისტი კომპანია გაზპრომი, ამუშავებს “იამალის პროექტს”. ეს იქნება ისტორიაში უდიდესი ენერგეტიკული პროექტი. გაზის მარაგი აქ 55 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს და უდიდესია მსოფლიოში. სულ რუსეთს ბუნებრივი გაზის მარაგი – 47,58 ტრილიონი მეტრ კუბია, ამერიკის შეერთებული შტატების ბუნებრივი გაზის მოცულობა – 272,5 ტრლნ მეტრ კუბი (აშშ ფიქლების გაზის “მარცელუსის” საბადო სულ რამდენიმე წელია მუშავდება), საუდის არაბეთი – ბუნებრივი გაზის მარაგი 258,5 ტრილიონი მეტრ კუბია, კანადა – ბუნებრივი გაზის მარაგები 991,6 ტრილიონი მეტრ კუბია, ჩინეთი – ცოტა ხნის წინ ქვეყანაში ფიქლის გაზი აღმოაჩინეს, მაგრამ აცხადებენ რომ ჩინეთი მსოფლიოში ფიქლების გაზის უდიდეს რეზერვუარებზე დგას!

ირანის “სამხრეთის ფარსის” საბადო მსოფლიოში უდიდესია. მისი მარაგია 28 ტრლნ კუბმეტრი, მაგრამ ინვესტორების დასაინტერესებლად, ხშირად აცხადებენ 40 ტრილიონი კუბურ მეტრს! საბადო 9 700 კვადრატულ მეტრ ფართობს იკავებს. აქედან 3 700 კვადრატული მეტრი არის ირანის ტერიტორიულ წყლებში – სპარსეთის ყურეში. დარჩენილი 6 000 კვადრატული მეტრი კი – ყატარის ტერიტორიულ წყლებში.

ეს საბადო მსოფლიოს გაზის რეზერვების დაახლოებით 8%-ს მოიცავს. ბევრმა უცხოურმა ენერგოკომპანიამ გამოიჩინა ინტერესი ირანში ბიზნესის აღდგენის კუთხით. გასული კვირების მანძილზე ევროპის და აზიის წამყვანი ბიზნესდელეგაციები ეწვია თეირანს. ირანის ხელისუფლების ცნობით, მათ მომზადებული აქვთ 2020 წლამდე განსახორციელებელი დაახლოებით 50 ნავთობისა და გაზის პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 185 მილიარდი დოლარია.

2015 წ. 26 აგვისტოს ირანმა ექსპლოატაციაში გაუშვა ახალი გაზსაქაჩი სადგური, რათა გაზის ექსპორტი გაზარდოს მეზობელი კავკასიის ქვეყნებსა და ანატოლიაში. თუ აქამდე ირანიდან თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში დღეში 24 მლნ კუბური მეტრი გაზის ექსპორტი ხორციელდება ირანიდან, ეს ახალი ობიექტი საშუალებას იძლევა, რომ ექსპორტი 56 მლნ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს.

თურქმენეთის “გალკინიშის” საბადოს წარმადობა 21 ტრლნ. კუბ.მ-ია, თუმცა ბრიტანული გეოლოგიური კომპანიის ეს დასკვნა გააპროტესტეს წამყვანმა ენერგოკომპანიებმა და თურქმენეთის მთავრობა იძულებული შეიქნა მარაგები 14 ტრლნ კუბმეტრამდე “დაეწია”!

რუსეთში უდიდესია “ურენგოის” გაზის საბადო წლიური წარმადობით 10.2 ტრლნ კუბ.მ. “ფრონტერას” მენეჯერის მიერ გამოცხადებული ჩვენი საბადოს მოცულობის თანაზომადია რუსეთი მეორე ადგილზე მყოფი “იამბურგსკაიას” – 5.2 ტრლნ კუბ.მ და რუსეთი მესამე ადგილზე მყოფი “ბოვანენკოვოს” 4.9 ტრლნ. კუბ,მ საბადოები…

სავარაუდოდ, ასეთი არარეალური განცხადება ინვესტორების დასაინტერესებლად და მათ მოსაზიდად გაკეთდა”, – განაცხადა ექსპერტმა ზურაბ გარაყანიძემ.