ეკონომიკა

აფბა: 2016 წელს ენერგოსექტორის ყველაზე დიდი გამოწვევა ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება იქნება

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა“ 2015 წლის მიწურულს,  მიმდინარე წელს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებულ მნიშვნელოვან მოვლენებს და იმ გამოწვევებს აფასებს, რაც დარგს მომავალი წლისთვის ექნება.

როგორც „აფბა“-ს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი აცხადებს, მიმდინარე წელი საკმაოდ საინტერესო იყო ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობის თვალსაზრისით და ენერგეტიკის სექტორისთვის საკმაოდ ბევრ მნიშვნელოვან პროექტს რეალური პერსპექტივა გამოუჩნდა.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წელი ენერგეტიკისთვის საკმაოდ საინტერესო წელი გახლდათ. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს მხრიდან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, ჰიდრორესურსების ათვისების პროცესში. ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ზოგადად ენერგოსექტორის განსავითარებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ჰიდრორესურსების ათვისება, რაც საქართველოს გააჩნია. ამ კუთხით მინდა გამოვყო ნენსკრაჰესის პროექტი, რომელსაც მიმდინარე წელს ჩაეყარა საფუძველი, და ვფიქრობ, რომ აღნიშნული ჰესი ქართული ენერგეტიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება.

აქვე აუცილებლად მინდა შევეხო საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელებულ გარდაბნის თბოელექტროსადგურის პროექტს, რომელიც, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია ენერგეტიკისთვის და მიმაჩნია, რომ აღნიშნული თბოსადგური ენერგოსექტორის გამართულად მუშაობის ერთ-ერთი საყრდენი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის  ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის  წარმოშობის შემთხვევაში, გარდაბნის თბოსადგური უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას და აღნიშნული თბოსადგური იქნება ენერგოსისტემის ყველაზე მდგრადი რეზერვი“, – აცხადებს ანდრია გვიდიანი

ანალიტიკოსმა ასევე ისაუბრა მიმდინარე წელს განხორციელებულ სატარიფო ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაციის ფონზე ელექტროენერგიის ტარიფების კორექტირება გარდაუვალი აუცილებლობა იყო.

„მოკლედ მინდა შევეხო 2015 წლის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და რეზონანსული მოვლენის, ტარიფების კორექტირების საკითხს. მიმაჩნია, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფში ცვლილებების შეტანა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაციის ფონზე თბოსადგურებს მნიშვნელოვანად გაეზრდათ გენერაციის ტარიფი, რამაც პირდაპირი ასახვა ჰპოვა სამომხმარებლო ტარიფზე. ვფიქრობ, რომ ტარიფი სრულად უნდა ასახავდეს იმ ხარჯებს, რაც დარგში არსებობს და ენერგეტიკა არ გახლავთ სფერო, რომელიც სოციალური პრობლემების გადასაჭრელად გამოდგება.

საზოგადოებრივ წრეებში არაპოპულარულობის მიუხედავად ამ კუთხით სემეკის საქმიანობა შეიძლება დადებითად შეფასდეს, რომელმაც სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე, დაადგინა სამართლიანი ტარიფები, რომელიც დარგში არსებული კომპანიებისთვის და მოსახლეობის უწყვეტი ენერგომომარაგებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო“, – აღნიშნავს ანალიტიკოსი.

რაც შეეხება მომავალი წლის გეგმებს და 2016 წლის სირთულეებს,  გვიდიანის აზრით ენერგეტიკის სექტორში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება იქნება.

„დიდი მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გარეშე ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის დონის ამაღლება საკმაოდ საეჭვოა. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ხელისუფლებისთვის 2016 წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება იქნება. როგორც ვიცით, მიმდინარე  წელს  მნიშვნელოვანი  ცვლილებები  შევიდა ერთ-ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი ობიექტის „ხუდონჰესის”  მემორანდუმში, რომელიც ინვესტორს ავალდებულებს გამომუშავებული  ელექტროენერგიის  სრული  მოცულობის, 1.5  მლრდ.კვტ.სთ. საქართველოში დატოვებას რითიც მნიშვნელოვანად შემცირდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულების ხარისხი და შესაბამისად გაიზრდება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების დონე“, – აცხადებს „აფბა“-ს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი.

ანალიტიკოსი თავის განცხადებაში, ასევე შეეხო ტრანსანატოლიური პროექტის დაწყებას, რომელსაც 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი. გვიდიანის თქმით TANAP-ის პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ერთი მხრივ, რეგიონის ქვეყნების და მეორე მხრივ, ევროპის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას.

„ტრანსანატოლიური მილსადენის მშენებლობა უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს, ევროპის გაზმომარაგების და ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ტრანსანატოლიური პროექტის განხორციელებით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს რეგიონული როლი და გავლენა რეგიონში. აღსანიშნავია, რომ TANAP-ის პროექტის ექსპლოატაციაში შესვლის შემდგომ საქართველო ბუნებრივი აირის ტრანზიტიდან გარკვეული ოდენობის ბუნებრივ აირს მიიღებს, რაც საქართველოს ენერგოუსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული პროექტის საფუძველზე შემოსული ინვესტიციები ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებას“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.