05/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“გაზრდილი ყურადღება სოფლის მეურნეობისადმი მოსაწონია”

 

საქართველოში სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად ახალი ხელისუფლების პირობებში იქცა. დარგის განსავითარებლად მთავრობის სამწლიანი მუშაობის მიუხედავად, ფაქტია, რომ ამ მიმართულებით კვლავ უამრავი პრობლემა არსებობს. ჯერ კიდევ მრავალი შემაფერხებელი ფაქტორია, რაც ფერმერის წარუმატებლობას განაპირობებს. თუმცა, არსებობენ გამონაკლისებიც, რომლებმაც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში შეძლეს ამ კუთხით წარმატების მიღწევა და გამართული ფერმერული მეურნეობის ჩამოყალიბება. სწორედ მსგავსი ადამიანების გამოცდილების გაზიარება არის საინტერესო და სასარგებლო ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის. დღეს ერთ-ერთ მათგანს, კერძოდ, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ნინო ზამბახიძეს ვესაუბრებით:

რა იყოს ის მთავარი პრობლემები, რის წინაშეც აღმოჩნდით, როცა გადაწყვიტეთ, რომ ფერმერი გამხდარიყავით?

-პირველი პრობლემა, ალბათ, იყო ის, რომ მე არ მქონდა საკმარისი განათლება, იმიტომ, რომ აბსოლუტურად სხვა სპეციალობა მაქვს და ჩემი კარიერა აბსოლუტურად სხვა სპეციალობით დავიწყე. სიმართლე გითხრათ, მაშინაც არ არსებობდა ადამიანი, ვისაც შეეძლო რომ სწორ გზაზე დავეყენებინე. ანუ, რეალურად, როდესაც მე დავიწყე სოფლის მეურნეობაში ჩართვა, იყო 2007 წელი. სოფლის მეურნეობა მაშინ არ იყო მიჩნეული, როგორც ბიზნესი და არც პრიორიტეტს წარმოადგენდა მაშინდელი ხელისუფლებისთვის. აქედან გამომდინარე, ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობდა იმაზე, თუ როგორ იყო შესაძლებელი, რომ ფერმერის საქმიანობა ბიზნესად გექცია.  ერთადერთი გამოსავალი იყო საგრანტო ხელშეწყობა. მაშინაც არსებობდა და დღესაც არსებობს ამერიკის მთავრობის ხელშეწყობის პროექტი. ეს არის ფონდი ათასწლეულის გამოწვევა. დღეს უფრო მეტი ფინანსური რესურსია ამისთვის. უფრო მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და დონორი მუშაობს იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა იქცეს ბიზნესად. მე დავწერე საგრანტო განაცხადი და მოვიგე თანხა თანაინვესტირებით.

დღევანდელ დღეს სწორად უნდა იყოს გაგებული ის, რომ არ შეიძლება ბიზნესი მხოლოდ გრანტით დაიწყო. საჭირო და აუცილებელია თანადაფინანსება. მეორე მხარემ, რომელიც თანხას გაძლევს, უნდა იცოდეს, რომ შენ შენს დანაზოგს დებ და ამას აღიქვამ ბიზნესად. და ეს არ არის მხოლოდ ის, რომ გრანტით შექმნა რაღაცა და შემდეგ, როდესაც პროექტი დამთავრდება, ..ბიზნესიც დამთავრდება. თუ გინდა, რომ შენი ბიზნესი აქციო წარმატებულად, შენც უნდა იყო მზად. თუნდაც იმით, რომ იპოთეკით დატვირთო შენი სახლი.  რისკი უნდა  გაიზიაროს არასამთავრობო ორგანიზაციამაც, დონორებმაც და იმანაც, ვინც ამ ბიზნესს იწყებს.  თუ ვიღაცა რისკავს შენი გულისთვის, შენც უნდა გარისკო შენი ბიზნესისთვის.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. როდესაც მე დავიწყე, არ არსებობდნენ კონსულტანტები. ეს დღსაც პრობლემური საკითხია, თუმცა გადაიდგა  ძალიან ბევრი ნაბიჯი.

(((როდესაც მე დავიწყე საწარმოს კეთებაინტერნეტში ვეძებდი ჩემღვის საჭირო ინფორმაციას და ბიზნესგეგმასაც ასე ჰაერიდან ვწერდი. დღეს უკვე საკონსულტაციო კომპანიებია შექმნილი. არსებობენ ბიზნესოპერატორები, ვისგანაც შეიძლება სჭირო ინფორმაციის მიღება, ის, რომ ვიღაცა ვიღაცას ინფორმაციას არ აწვდის, დღეს ასეთი რამ არ ხდება, ყველა ცდილობს, რომ ერთმანეთს ხელი გაუმართოს. დღეს სოფლის მეურნეობაში კონკურენცია არ არსებობს. 80%-იანი იმპორტი გვაქვს და როდესაც ვიგებ, რომ რომელიღაცა ყველის საწარმო სადღაც ფინანსდება, მზად ვარ, რომ კონსულტაცია გავუწიო და ის შეცდომები, რაც მე დავუშვი, მათ აღარ დაუშვან.

მათ კონკურენტებად არ აღიქვამთ

-მე არ აღვიქვამ მათ კონკურენტებად.  დღეს ყველის დღიური მოხმარება 40 ტონაა. ჩემი წარმოება 400 კგ-იანია. პროცენტულად ეს ძალიან ცოტაა, ამიტომ, რაც უფრო მეტი კონკურენტი იქნება ბაზარზე, ეს უფრო უკეთესია ბაზრისთვის. ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის ძალიან კარგია. მე არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ, ვთქვათ, რომელიღაცა ოპერატორი არ აკეთებს რაღაცას კეთილსინდისიერად. როცა კეთილსინდისიერი კონკურენტები ოპერირებენ ბაზარზე, ბევრად უფრო მოტივირებული ხარ. როდესაც ბაზარი სრულად შენია, ვფიქრობ,  ეს არ არის კარგი, რადგან კარგავ მოტივაციას. კონკურენცია პირდაპირპროპორციულია ხარისხის.

“საქართველოს ფერმერთა ასოციაცია” ბიზნესზე ორიენტირებულმა რამდენიმე ადამიანმა  დავაარსეთ. ადამიანებს, რომელთაც სურთ მოიპოვონ ინფორმაცია, ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლიათ მოვიდნენ და ჩვენგან აიღონ ეს ინფორმაცია. აბსოლუტურად გახსნილები ვართ. ასოციაციაში უკვე 1500-მდე წევრია. წევრობა უფასოა, ჩვენთვის მთავრია, რომ ჩვენთან მოსულ ადამიანებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია. ძალიან ხშირ შემთხვევაში არის ძალიან კარგი პროექტები, თუმცა ადამიანებს ინფორმაცია არ აქვთ.  არის ადამიანური რესურსის ნაკლებობაც. ფერმერებს და მეწარმეებს ხშირად არ აქვთ დრო, რომ ტელევიზორს უყურონ ან სოციალური მედიაზე დახარჯონ დრო. ამიტომ წვდომა საჭირო ინფორმაციასთან მათ ნამდვილად არ აქვთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ფერმერთა გზამკვლევი. ჩვენ თვითონ დავდივართ რეგიონებში და ვაწვდით ინფორმაციას, თუ რას აკეთებს სახელმწიფო და რა არის სიახლე ზოგადად. ყოველივე ამაში დონორი ორგანიზაციები და ბანკი დაგვეხმარა.

ანუ გაცილებით ცუდი მდგომარეობა იყო, ვიდრე დღევანდელი მოცემულობაა?

-ბევრად ცუდი. ბოლო ოცი წელია სოფლის მეურნეობა განადგურდა. ის არ იყო პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის. მე როდესაც ბანკის სესხი ავიღე, საპროცენტო განაკვეთი ფერმერისთვის 18% იყო. დღეს საპროცენტო განაკვეთი 3%-ია, ხშირად 0%-იც; თუ რამე კეთდება დღეს საქართველოში, ეს არის სოფლის მეურნეობისადმი ყურადღება. მე მესმის,  ვიცი, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა. არის შემთხვევები, როცა დამწყები ბიზნესისთვის არ არის ხელშეწყობის პროექტი, რაც ყველაზე ცუდია. თუ გინდა მცირე და საშუალო ბიზნესი განავითარო, უნდა გააკეთო დამწყები პროექტი. ამჟამად არსებობს პროექტი მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის.  ადამიანს შეუძლია მცირე, საწყისი კაპიტალით შექმნას ბიზნესი. ჩემთვის ხშირად დაუსვამთ კითხვა, თუ როგორ შეიძლება 15 000 ან 5 000 ლარით ბიზნესის დაწყება. შემიძლია ვთქვა, რომ შეიძლება! როდესაც ბიზნესი  დავიწყე, 2 ძროხა მყავდა, რომელთა შეძენა 5 000 ლარზე მეტი არ დამჯდარა. შეიძლება ეს 2 საწყისი ძროხა იყიდო და მერე განავითარო ბიზნესი. რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსია საჭირო. Bბანკის დახმარების გარეშე ძნელია წინ წაიწიო. ამავდროულად დღეს არსებობს ხელშეწყობა სუბსიდიების კუთხით. შეიძლება, ერთი მხრივ, სწორი არ იყოს ეკონომიკისთვის სუბსიდირება, მაგრამ ამ ეტაპზე, სოფლის მეურნეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მიმაჩნია, რომ  რაღაც ეტაპზე მთავრობა უნდა გავიდეს ამ პროცესებიდან. Uანუ გავიდეს დაზღვევიდან, ბანკების სუბსიდირებიდან, გადამუშავებიდან. მაგრამ სანამ გავა, დარგი ფეხზე უნდა დააყენოს. 20 წელი არაფერი კეთდებოდა სოფლის მეურნეობაში და დღეს გვინდა, რომ 3 წელიწადში შედეგი დავდოთ.

ეს წარმოუდგენელია იმ პირობებში, როდესაც ინფრასტრუქტურა მოშლილია, სარწყავი, საირიგაციო სისტემა არ არსებობს და ა.შ. ფინანსური მხარის გარდა, დღეს ასევე პრობლემაა განათლების დონე. შეიძლება გქონდეს ფინანსები, მაგრამ თუ არ გაქვს სათანადო ცოდნა და განათლება, სათანადო შედეგი არ დადგება. უბრალოდ ვერც დაიწყებ ბიზნესს.  მე როდესაც დავიწყე ბიზნესი, ყველაზე მეტად ცოდნა და განათლება მაკლდა, რომელიც მერე ეტაპობრივად მივიღე, რადგან სხვა გამოსავალი არ იყო, დღევანდელი ბიზნესის კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ლიდერების არარსებობაა. არ არსებობს სულისკვეთება. უცხოელები ამას ანტრეპრენიორს უწოდებენ. მეწარმე არ შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც მაღაზია გახსნა და გაყიდა რაღაცა საქონელი. ანტრეპრენიორი არის იდეის მსახური. ის მოწოდებულია, რომ რაღაცა საკუთარი, ნოვატორული გააკეთოს.

როდესაც ბიზნესს იწყებ და გინდა, რომ წარმატებული იყოს, შენ უნდა იყო ლიდერი. ანუ გადაწყვეტილება უნდა მიიღო; უნდა ხედავდე შენს ბიზნესგეგმას და იმას, თუ როგორ გინდა განავითარო ისჩემს შემთხვევაში იმდენი შეცდომა იყო დაშვებული, რომ დღეს უკან რომ დამაბრუნო, აბსოლუტურად სხვანაირად წარვმართავდი ჩემს ბიზნესმოდელს. ბევრ რამეს შევცვლიდი. მე დავიწყე რძის გადამამუშავებელი საწარმოდან. გავთვალე, რომ ფერმერები მომაწვდიდნენ რძეს. სექტემბერში მათ რძე აღარ ჰქონდათ. რომ ვიკითხე, რატომ მეთქი, მითხრეს, პირუტყვს საკვები სჭირდება და წელს გვალვა იყოო. გავაკეთე კომბინირებული საკვების ქარხანა, რათა პირუტყვისთვის საკვები მიგვეწოდებინა. მერე გავარკვიეთ, რომ პირუტყვის გენეტიკა არ იყო ხახარბიელო, ამიტომ მოგვიწია ფერმის გაკეთება. ეს ყველაფერი კი პირიქით უნდა გაკეთებულიყო. ანუ ჯერ უნდა მოამზადო საკვები, პირუტყვი შემოიყვანო და მერე გააკეთო გადამამუშავებელი საწარმო. არასწორად წარმართულმა პროცესმა ბევრი რამ მასწავლა. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ეს მოდელი ძალიან კარგად მუშაობს.

რა პრობლემებს აწყდებით პროდუქციის რეალიზაციის კუთხით?

– ასოციაციის წევრი 1500 ფერმერიდან ყველას ყველაფერი ეყიდება. არავინ არ მითხრას, რომ პროდუქცია, თუ კარგი ხარისხის არის და ფასიც ადეკვატურია, არ იყიდება. ყველა ყველაფერს ყიდის საქართველოში, თუმცა ქაოტურად. თუ ერთ წელს კარგად გაიყიდება ნიორი  და მეორე წელს ყველა ნიორს დათესავს, რა თქმა უნდა, ნივრის რეალიზაცია ძალიან რთული იქნება. თავიდან თუ არ მოიძიე სარეალიზაციო ბაზარი და ბრმად რაღაცა დათესე, იმას, ბუნებრივია, მარტივად ვერ გაყიდი. ამიტომ როცა ბაზარი შესწავლილი გაქვს, თუ რა არის მოთხოვნადი, მე ვფიქრობ, რომ შემდეგ იმ პროდუქტის რეალიზება არ არის პრობლემა. თუ ასეთი სქემები არ მუშაობს დღეს, ეს იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობას არ უყურებენ როგორც ბიზნესს. ბრმად დავთესეთ, ეს გვინდოდა და მოვიყვანეთ, ასე არ შეიძლება. დღეს უკვე მუშაობს ექსტენციის ცენტრები. ამ საქმეს ემსახურება საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები, სადაც სდება აღწერა, რომელ ფერმერს რა მოყავს, ვინ რას აწარმოებს და ა.შ. შესაძლებელია იმის გაგება, რამდენია წარმოებულ პროდუქცში ექსპორტის და იმპორტის წილი და როგორ დაიკავო ესა თუ ის ნიშა. 80%-იან იმპორტზე ვართ დამოკიდებული და ვმსჯელობთ იმაზე, რომ პროდუქციის რეალიზების პრობლემა გვაქვს. რანაირად შეიძლება პროდუქცის რეალიზების პრობლემის მოგვარების საშუალება გქონდეს. ვერ გექნება.

მე მესმის, რომ შემოდის იაფი პროდუქტი, ჩვენ უფრო ძვირი გვიჯდება  წარმოება და ვერ ვუწევთ კონკურენციას. გამოსვალი ძალიან მარტივია; ეს არის კოოპერაცია. შენ ძვირი გიჯდება იმიტომ, რომ ნახევარ ჰექტარზე იგივე შრომა გჭირდება, იგივე რესურსი გჭირდება და ნახევარი ჰექტარი ნაკლებად მოსავლიანია, თუ იქნება 5 ჰექტარი და 5 ადამიანი გაერთიანდებით, იგივე შრომის ფასად მიიღებთ უფრო მეტ მოსავალს.

რა პრობლემებსაც ჩვენ 2007 წლიდან 2012 წლამდე მე პირადად ვაწყდებოდი, დღეს ის პრობლემები აღარ არის. მოსახლეობა ინფორმირებული გახდა, რესურსები ხელმისაწვდომია. დღეს არსებობს და მუშაობს  სახელმწიფო სუბსიდირება. რომელ გადამამუშავებელ საწარმოს აძლევდნენ 1,4 მილიონამდე სესხს? არავის. ეს წარმოუდგენელი იყო. ყველაზე მეტი, რასაც დონორი ორგანიზაციები იძლეოდნენ,  150 000 დოლარი იყო; ამაზე მეტი არასდროს არავის არაფერი გაუცია. აი, ასეთ პირობებში დავიწყეთ საწარმოების შექმნა. დღეს სიტუაცია თვისობრივად შეცვლილია და არსებობს ბევრი საშუალება, რათა ეროვნულმა სოფლის მეურნეობამ  განვითარება დაიწყოს.

ესაუბრა იზი ალადაშვილი