მსოფლიო

ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე ვითარება

აზიური აქციების ფასი ბოლო 2 კვირის მაქსიმუმზეა. აზია-წყნარი ოკეანის უმსხვილესი MSCI ინდექსი 0.7%-ით გაიზარდა, 1.3%-ით მოიმატა ავსტრალიურმა ინდექსმა. 0.3%-ით გაიზარდა კორეული KOSPI ინდექსი. ერთდღიანი სადღესასწაულო შესვენების შემდეგ გაიხსნა იაპონური ბირჟაც და Nikkei-ის ინდექსზე 0.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ იაპონიის კაბინეტმა 2016 წლის ბიუჯეტი უფრო მაღალი ზრდით და მაღალი საგადასახადო შემოსავლებით დაამტკიცა, რითაც შინძუ აბეს კაბინეტი ქვეყნის მიმდინარე ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას გეგმავს. ამასთან, ექსპერტები იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ აქტივების შესყიდვის პროგრამის გაფართოებასაც ელიან 2%იანი მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად.

ზრდის ტენდენცია იყო ევროპის საფონდო ბირჟებზეც. ბოლო მონაცემებით, Euros Stoxx 50 2.25%-ით, FTSE 100 2.60%-ით, CAC 40 2.34%-ით, IBEX 35 2.39%-ით, DAX 2.28%-ით და SMI 2.23%-ით გაიზარდა. აშშ-ს ახალმა სტატისტიკამ ვერ გამოკვეთა რეალური სურათი – ერთი მხრივ კლებაა ამერიკული პროდუქტის გაყიდვებში, ხოლო მატებაა პერსონალურ შემოსავლებში.

აშშ დოლარის ინდექსი 6 წამყვანი ვალუტის კალათის მიმართ 0.2%-ით დაეცა და 98.134-ზე ფიქსირდება. ასევე 0.3%-ით დაეცა დოლარი იენთან მიმართებით და 1 აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისთვის 120.62 იაპონურ იენს შეადგენს. დოლართან მიმართებით 0.2%-ით გამყარდა ევროც და დღეს ერთი ევროს ღირებულებამ 1.0937 აშშ დოლარი შეადგინა. აშშ-ის ნედლი WTI ნავთობის ფიუჩერსის ფასმა 0.6%-ით მოიმატა და 37.71 აშშ დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო ბრენტის ბარელი ნავთობის ფასი 37.58 აშშ დოლარია 0.6%-იანი მატებით.