ინდოეთი ნავთობის მონსტრს ქმნის, რომელიც „როსნეფტს“ ემუქრება
ინდოეთი ქმნის ნავთობის მეგაკორპორაციას, რომლის საბაზრო ღირებულება რუსული ნავთობგიგანტის „როსნეფტის“ კაპიტალიზაციას (54,5 მილიარდი დოლარი) გადააჭარბებს.
კერძოდ, ინდოეთი გეგმავს 13 ნაციონალური ნავთობკომპანიის გაერთიანებას ერთიან კორპორაციაში. ინდური საქმიანი გამოცემის The Economic Times–ის ინფორმაციით, მთავრობაში ამ საკითხზე კონსულტაციები უკვე დაიწყო. ნავთობის სამინისტრო ამ ეტაპზე სახელმწიფო კორპორაციის შექმნის პერსპექტივებს აფასებს, რომელშიც შევლენ ინდოეთის ნავთობმოპოვების ლიდერი ONGC, უმსხვილესი გადამამუშავებელი Indian Oil Corporation–ი, ასევე Bharat Petroleum Corporation, Hindustan Petroleum, GAIL, Mangalore Refinery and Petrochemicals (MRPL), Chennai Petroleum, Numaligarh Refinery და Oil India. კიდევ სამი კომპანია არ სახელდება.
ნავთობგიგანტის შექმნის იდეას ინდოეთის ხელისუფლება2005 წელსაც განიხილავდა, თუმცა მაშინ ჩათვალეს, რომ ეს არამიზანშეწონილია.
დასახელებული ცხრა ინდური კომპანიიდან 8 კომპანიის საბაზრო ღირებულება $54,08 მილიარდი დოლარია.
რუსული კომპანიის „როსნეფტის“ კაპიტალიზაციამ კი, ლონდონის ბირჟაზე ორშაბათის ვაჭრობის მონაცემებით, $54,528 მილიარდი დოლარი შეადგინა.
„როსნეფტმა“ და კონსორციუმმა, რომელშიც ერთიანდება Oil India, Indian Oil და Bharat Petroresources, მარტში გააფორმეს შეთანხმება ინდოელების მიერ „ვანკორნეფტის“ 23,9%–ის შეძენის ძირითადი პირობების შესახებ.
„როსნეფტის“ აღნიშნული სტრუქტურა ფლობს ლიცენზიას ვანკორის საბადოზე – ესაა რუსეთის ტერიტორიაზე ბოლო 25 წლის განმავლობაში აღმოჩენილი და ამოქმედებული უმსხვილესი საბადო, რომლის მარაგები 500 მილიონ დოლარადაა შეფასებული. მომავალი გარიგების თანხა არ სახელდება.
კიდევ 26% უნდა მიიღოს ONGC–მ. „ვანკორნეფტის“ 15%–ის შეძენის გარიგება უკვე დაიხურა მაისის ბოლოს და მისმა ღირებულებამ 1,27 მილიარდი დოლარი შეადგინა.
გარდა ამისა, Oil India–მ, Indian Oil–მა და Bharat Petroresources–მა უნდა მიიღონ „ტაას–იურიახ ნავთობმოპოვების“ 29,9%, რომელიც 167 მილიონი ტონა თხევად ნახშირწყალბადს და 180 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ფლობს. აღნიშნული კომპანიის 20% ВР–ს საკუთრებაა.
ექსპერტების განცხადებით, ამ პროექტებში მონაწილეობისთვის ინვესტორებს მსხვილი კაპიტალდაბანდებები დასჭირდებათ და თანხების კონსოლიდირებაა საჭირო. სწორედ ამ მიზნითაა დაგეგმილი კომპანიების გაერთიანება.
მეგაკორპორაციის შექმნის შემდეგ ერთი მოთამაშის კონტროლქვეშ აღმოჩნდება „ვანკორნეფტის“ თითქმის 50%, რაც მნიშვნელოვნად გაამყარებს ინდოელების პოზიციებს კომპანიის დირექტორთა საბჭოში.
ინდოეთს ნავთობის სფეროში საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვს: ქვეყნის საკუთარი მარაგები 800 მილიონ ტონას შეადგენს. ამასთან, ქვეყანაში მოპოვება ეცემა, ახალი საბადოების გახსნის პერსპექტივები კი არ არსებობს.
ექსპერტების გათვლებით, ქვეყანაში ნავთბპროდუქტების მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 0,14 ტონას შეადგენს, საშუალოდ მსოფლიოში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით ერთი ტონაა. თუმცა მაგალითად იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ეს მაჩვენებელი 2 ტონას აღწევს.
ექსპერტების შეფასებით, ინდოეთში ნავთობპროდუქტების მოხმარება სწრაფი ტემპებით იზრდება და უახლოეს წლებში მის 15–ჯერ ზრდას უნდა ველოდოთ. საკუთარი რესურსებით კი ქვეყანა მისი მოხმარების მხოლოდ 20%–ს აკმაყოფილებს.
ინდოეთი მსოფლიოში ნავთობის იმპორტით მეოთხე ქვეყანაა აშშ–ის, ჩინეთისა და იაპონიის შემდეგ. ამასთან, ინდოელები ელოდებიან, რომ 2014 წლისთვის ისინი მინიმუმ მეორე პოზიციაზე აღმოჩნდებიან.
ინდოეთის საბოლოო მიზანია სტრატეგიული მარაგების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს იმპორტის სრულ გადაფარვას 90 დღის განმავლობაში.
წყარო: კომერსანტი