მსოფლიო

ინდოეთში თამბაქოს კონტროლზე გამართულ კონფერენციაზე პრესა არ დაიშვება

სიტყვის თავისუფლებას არა მხოლოდ დიქტატორული რეჟიმების დრო ექმნება პრობლემები, ბოლო პერიოდში მომრავლდა შემთხვევები, როდესაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები მედიის წარმოამდგენელთა უფლებებს ლახავენ. ამ პრობლემას ვრცელი სტატია მიუძღვნა The Daily Caller-მა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში ინდოეთში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აწყობს შეკრებას, თამბაქოს კონტროლის შესახებ, რომელში მონაწილეობას საქართველოდან ჩასული ჩინოვნიკებიც მიიღებენ, თუმცა ქართველ ჟურნალისტებს იგივე პრობლემები შეექმნათ, რაზეც The Daily Caller-ის ჟურნალისტი დრიუ ჯონსონი წერს. სამწუხაროდ, შეხვედრაზე აკრედიტაციის გავლას ვერ ახერხებენ ჟურნალისტები, მაშინ როცა იქ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შემდეგ ქვეყნის ჯანდაცვისა და ეკონომიკურ პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა უნდა მოახდინოს, შეხვედრის მაქსიმალური დახურვა და გასაუდუმლოება მიმდინარეობს.

რასთან არის დაკავშირებული გაეროსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ასეთი „დახურულობა“ ძნელად სათქმელია, თუმცა ლოგიკურად, რომ ვიმსჯელოთ ყველაფერი წესრიგში რომ  იყოს, დასამალიც არაფერი იქნებოდა. ასე რომ, ორგანიზაცია, რომელიც წესით მსოფლიო მასშტაბით დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების დამცველი უნდა იყოს, თავად არღვევს დემოკრატიის უპირველეს პრინციპს სიტყვის თავისუფლების შესახებ.

აქვე გთავაზობთ The Daily Caller-ის სტატიას, ბოლო პერიოდში გაეროს მიერ ჟურნალისტთა უფლებების შეზღუდვის შესახებ.

გაერო-ს მსოფლიო მასშტაბით პრესის თავისუფლება უნდა დაეცვა, ამის ნაცვლად კი, ორგანიზაცია თავად იქცა მედია თავისუფლებისთვის უდიდეს საფრთხედ. გაერო რეგულარულად აჩუმებს ჟურნალისტებს და მედიის წარმომადგენლებს ამ მოვლენების გაშუქებას უკრძალავს, – ამის შესახებ The Daily Caller-ის ჟურნალისტი დრიუ ჯონსონი წერს.

გაერო-ს მომდევნო თავდასხმა პრესის თავისუფლებასა და გამჭვირვალობაზე სავარაუდოდ ნოემბერში, ინდოეთში მოხდება, სადაც, როგორც მოსალოდნელია, პრესა თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებულ კონფერენციაზე არ დაიშვება.

ყოველ მეორე წელს, გაერო-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი განშტოება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) აწყობს შეკრებას, რომელიც თამბაქოს გლობალური მოხმარების შემცირებას ემსახურება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია, 180 ქვეყანაში, როგორც პარლამენტი, ისე მოქმედებს. შეხვედრაზე განიხილავენ, მოახდინონ თუ არა რატიფიცირება თამბაქოს კონტროლის ზომების მიღებასთან დაკავშირებული საკითხების, რაც გლობალურ დონეზე თამბაქოს გადასახადების დაწესებას, სიგარეტის შეფუთვისა და რეკლამირების კონტროლსა და რეგულაციებს ითვალისწინებს, რაც როგორც ჩვეულებრივ, ისე ელექტრონულ სიგარეტებზე გავრცელდება.

წლევანდელი შეხვედრა Expo Centre & Mart in Noida-ში, ინდოეთში, დელიში ჩატარდება.

შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იქნებიან. სამწუხაროდ, საზოგადოება ვერ გაიგებს, თუ როგორ იხარჯება მათი ფული, ან როგორ აძლევენ ხმას მათი ქვეყნის ლიდერები ემისიებს, რომლებიც გავლენას მოახდენს სახელმწიფო შემოსავლებზე, ჯანმრთელობის დაზღვევასა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებებზე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.

კონფერენციის დაწყების შემდეგ ამ შეხვედრას არც საზოგადოებისა და არც პრესის წარმომადგენლები დაესწრებიან. ორი წლის წინ ასე მოხდა, როდესაც შეხვედრა მოსკოვში შედგა. ასე მოხდა სეულშიც – ჯერ კიდევ მოსკოვამდე.

„ეს ვიცი, თავად ვიხილე. მოსკოვში, თამბაქოს საკამათო გლობალური გადასახადის რატიფიცირებამდე, ჟურნალისტებს, მათ შორის მეც, დაგვემუქრნენ და ძალით გაგვიყვანეს სათათბირო ოთახიდან. მომდევო დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ჟურნალისტები კონფერენციიდან საერთოდ მოხსნა. დისკუსიამ და გადაწყვეტილების მიღებამ კი დახურულ კარს მიღმა ჩაიარა“, – აღნიშნავს ჟურნალისტი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ 2014 წელს, გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციების ხელმძღვანელმა, ჰერვ ლადსუსმა სცადა, რეპორტიორებისთვის ხელი შეეშალა საზოგადოებრივი პრესკონფერენციის გადაღებაში, რომელიც სუდანში ტარდებოდა და როდესაც მისმა გაუაზრებელმა ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო, მან ბრიფინგი საერთოდ გააუქმა. ამის შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოეხადათ ამ შეურაცხყოფისთვის, რომელიც პრესას მიაყენეს, უარესი ქნეს და შეეცადნენ საინფორმაციო ვებ-გვერდებზე ეძალადათ და წაეშალათ ვიდეომასალა, რომელიც ამ ინციდენტს ასახავდა.

მაშინ როდესაც დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდემია გავრცელდა, გაერო-მ შავ სიაში შეიყვანა რეპორტიორი, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქმედებები გააკრიტიკა. გაერო-მ დაბლოკა ჟურნალისტი, იგი აღარ ღებულობდა საფოსტო განახლებებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ებოლას წინააღმდეგ ბრძოლასთან გამოჩენილი ძალისხმევის შესახებ.

ახლახანს, მიმდინარე წელს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მარგარეტ ჩანმა, უარი განაცხადა პრესკონფერენციის ჩატარებაზე და რეპორტიორები მაშინაც კი უგულებელჰყო, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეხვედრები მსოფლიოში, ჯანდაცვის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს.

აკრძალვებთან, მუქარებთან და რეპორტიორების შავ სიაში შეყვანასთან ერთად, რომლებიც გაერო-ს შეხვედრების გაშუქებას ცდილობენ, ორგანიზაცია რეგულარულად ცდილობს პრესტიჟული შეხვედრებისა და კონფერენციების იმ ქვეყნებში გამართვას, სადაც პრესის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს, ან თუ არ არსებობს – შეზღუდულია.

გასულ წელს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ორი შეხვედრა ჩაატარა თურქმენეთში – ქვეყანაში, რომელიც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ პრესის თავისუფლების ინდექსით, ყველაზე ცუდი შედეგების მქონე ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტიკა “თურქმენეთში მხოლოდ ჩუმად შეიძლება აკეთო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებელ ჟურნალისტს დაიჭერენ, მას ციხე და წამება ელის”.

გაერო-ს მიერ თავისუფალი პრესის იგნორირების ყველაზე აბსურდული ასპექტი ისაა, რომ ყოველ მაისს, გაერო მასპინძლობს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს – მოვლენას, რომელიც დღესასწაულობს მედიის კრიტიკულ როლს თავისუფალ საზოგადოებაში და ამხნევებს მედიას იმ ქვეყნებში, სადაც მედიის თავისუფლება დარტყმის ქვეშაა. საოცარია, როდესაც ვიღაც სერიოზულად აღიქვამს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს, როდესაც გაერო ასე სამარცხვინოდ იქცევა პრესასთან მიმართებაში.

გაერო-ს არ უნდა მიეცეს იმის უფლება, რომ მედიას დაუშალოს იმ გადაწყვეტილებების გაშუქება, რასაც სახელმწიფო მოხელეები გადასახადების გადამხდელების გადახდილ თანხებთან დაკავშირებით იღებენ და რაც მილიარდობით ადამიანის სიცოცხლეზე ახდენს გავლენას.

იმ შემთხვევაში, თუ წელს გაერო-ს შეხვედრაზე აკრძალული იქნება მედიის წარმომადგენლების დაშვება, მაშინ ეს უკვე ინდოეთის მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე იქნება დამოკიდებული – მსოფლიოს გააგებინონ, რომ პრესის თავისუფლება დარტყმის ქვეშაა. იმედი ვიქონიოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ინდოეთი ხმამაღლა ილაპარაკებს და დანარჩენი მსოფლიო მოუსმენს, ბოლო მოეღება გაერო-ს საზიზღარ თავდასხმას, რომელსაც იგი პრესის თავისუფლებაზე ახორციელებს.

დრიუ ჯონსონი, ვაშინგტონი, The Daily Caller-ის ჟუნალისტი.