28/04/2024
Latest:
საზოგადოება

ალექსიძის ქუჩაზე სტუდენტური პროექტით სკვერი მოეწყობა

თბილისში მდებარე ალექსიძის ქუჩის სარეკრეაციო ზონის პროექტზე, საბურთალოს რაიონის გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოლოგიკის” ინიციატივით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა იმუშავეს. ნამუშევრების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში გაიმართა, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული პროექტი. მისი ავტორია ტექნიკური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ნუცა დემეტრაშვილი.

როგორც „სითი კვირას“ ორგანიზაცია „ეკოლოგიკის“ ხელმძღვანელმა დიანა ბერიამ განუცხადა, სტუდენტებმა საინტერესო პროექტები წარმოადგინეს, მათგან ჟიურიმ ნუცა დემეტრაშვილის პროექტი შეარჩია. თუმცა, დემეტრაშვილის გარდა, ალექსიძის ქუჩაზე სკვერის მოწყობისას კონკურსში მონაწილე სტუდენტების პროექტებიდან სხვადასხვა დეტალებს გამოიყენებენ. ამ საკითხს ორგანიზაცია სტუდენტებთან, ჟიურის წევრებთან და თბილისის მერიასთან შეათანხმებს. კონკურსში ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

დიანა ბერიას თქმით, ალექსიძის ქუჩაზე რეკრეაციული ზონა მოეწყობა, ტერიტორიაზე არსებულ მწვანე საფარს მაქსიმალურად შეინარჩუნებენ. ფართობის სიმცირის გამო, ტერიტორიაზე არ იქნება საქანელები და ატრაქციონები, რადგან იგი ამის  საშუალებას არ იძლევა. ის ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. სკვერში დარგავენ ყვავილებს, დადგამენ დასასვენებელ სკამებს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის მოეწყობა ზონა, სადაც მათ შეეძლებათ სხვა ბავშვებთან ერთად თამაში.

“ეს ადგილი მიტოვებული ზონა იყო, თუმცა აქ ოდესღაც სკვერი ყოფილა. ახალი ხეების დარგვა არ დაგვჭირდა – იმდენად გამწვანებულია ტერიტორია. უბრალოდ, ხეების ის ნაწილი, რომელიც იყო დაავადებული და გამხმარი, მოვჭერით. სხვლა-ფორმირების ღონისძიება ჩავატარეთ და ახლა უკვე დავიწყებთ სკვერის მოწყობის სამუშაოებს“, – განაცხადა დიანა ბერიამ.

მისივე თქმით, ტერიტორია უკვე დაასუფთავეს. მიტოვებულ ადგილს რამდენჯერმე დაჭირდა გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება.
ალექსიძის ქუჩაზე სკვერი ორგანიზაცია „ეკოლოგიკის“ პროექტ „მწვანე გარემოს“ ფარგლებში ხორციელდება. სკვერის მოსაწყობად საჭირო ხარჯებს თავად ორგანიზაცია გაიღებს. პროექტი მერიასთან და გამგეობასთან არის შეთანხმებული. სკვერის მოწყობის სამუშაოები, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოდან აქტიურად დაიწყება.

[wpolling id=”13″ width=”” height=””]
წყარო