21/05/2024
Latest:
საზოგადოება

ირაკლი ლექვინაძე: სტიქიით დაზარალებული 50 ოჯახიდან 42 უკვე დაკმაყოფილებულია

ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 13 ივნისის სტიქიისას დაზარალებულებისთვის განკუთვნილი პროდუქტი საწყობში გაფუჭდა. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ კამერების წინ თავად აღმოაჩინა გაფუჭებული ზეთისხილი.

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, ზეთისხილის შემთხვევა იყო ერთი, რომლის ტრანსპორტირების დროს მოხდა რეჟიმის დარღვევა. ამის გამო მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული. რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, ლექვინაძის თქმით, არცერთი ვადაგასული პროდუქტი  საწყობში არ არის.

„პირველივე დღიდანვე რიგდებოდა დაზარალებულებზე პროდუქცია, იმიტომ რომ იმ დღიდანვე იყო ამის საჭიროება.  მედიკამენტების, ჰიგიენის საშუალებების. როდესაც ეს ადამიანები სასტუმროებში გადავიყვანეთ, მათი უზრუნველყოფა ამ პროდუქტებით ხდებოდა. ეს პროდუქცია მხოლოდ შემოწირულობებია, მერიას არ უყიდია. ახლა რაც გვაქვს საწყობში, მისი დარიგება დაიწყება უახლოეს დღეებში.

ამ ეტაპზე ერთ საწყობშია განთავსებული მშრალი ტვირთი, ტანსაცმელი, მეორადი ტანსაცმელია, ძირითადად. მთელი ამ დროის მანძილზე ხდებოდა შემოდინება. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში რამდენიმე ქვეყნიდან გამოგზავნა დიასპორებმა, წითელმა ჯვარმა მოახდინა ამ ყუთების დახარისხება. ამას გარკვეული დრო დასჭირდება და უახლოეს დღეებში დარიგდება. დოკუმენტალურად ყველაფერი  წესრიგშია.

ტვირთის დიდი ნაწილი დაფასოებულია და მიეწოდება სტიქიისგან დაზარალებულებს. ამაში გვეხმარება წითელი ჯვარი, რომელთანაც გვაქვს მემორანდუმი. მას აქვს გამოცდილება ამ პროდუქტების დახარისხების და პლუს დაზარალებულების საჭიროებებიც იცის. მათთან კომუნიკაცია აქვს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მერის მოადგილის თქმით, 200 ოჯახია ამ ეტაპზე დაზარალებულთა სიაში, რომელთაც გადაუნაწილდებათ ეს ტვირთი. რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რა სახის დახმარებებია გაცემული მთლიანად დაზარალებულებზე და რამდენი ოჯახი დარჩა საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელი, ირაკლი ლექვინაძე პასუხობს:

„ზოგადად, დახმარება რამდენიმე ნაწილად შეიძლება დაიყოს. ეს არიან დაზარალებულები, რომლებმაც საცხოვრისი დაკარგეს, ან დაუზიანდათ. საცხოვრებელით უზრუნველყოფის ნაწილში, პროცესი თითქმის დასრულებულია. 12 მილიონ ლარამდეა საცხოვრისით უზრუნველყოფის ნაწილში გადარიცხული სტიქიით დაზარალებულებისთვის. ეს არის იმ ადამიანების ოჯახები, რომლებმაც სახლ-კარი დაკარგეს და მერიამ დონორების შემოწირულობებიდან მოახდინა ამ საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

თანხის ნაწილი მეორე კატეგორიის დაზარალებულებს მოხმარდებათ. ეს არის სარემონტო სამუშაოები მათთვის, ვისაც სტიქიამ დაუზარალა სახლ-კარი. ამ თანხიდან ხდებოდა ასევე ქირის გადახდა, სასტუმროებში და სხვა ქირით გაყვანილებისთვის. იყო არაფულადი დახმარებები, რომლის მხარდაჭერაც ჰქონდათ სტიქიისგან დაზარალებულებს, მედიკამენტების და ნივთების სახით.

დონორების მიერ შემოწირული თანხა მთლიანობაში 22 მილიონამდეა, აქედან 12 მილიონამდე უკვე გაცემულია საცხოვრებლით უზრუნველყოფის ნაწილში, ასევე გადახდილია ქირებით უზრუნველყოფის ნაწილში, მიმდინარეობს რეაბილიტაციის სამუშაოები მეორე კატეგორიის დაზარალებულებისთის.

50 ოჯახიდან, დაახლოებით, 42 უკვე დაკმაყოფილებულია. დანარჩენებთანაც მიმდინარეობს სამუშაო პროცესი“, – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

წყარო