მსოფლიო

Johnson & Johnson-ის პროდუქცია კიბოს გამომწვევია – კომპანიას $72 მილიონის გადახდა დაეკისრა

მისურის შტატის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ  კომპანია Johnson & Johnson-ს $72 მილიონის გადახდა დააკისრა. საქმე ეხება კიბოს დიაგნოზით გარდაცვლილ ქალს, რომელიც აღნიშნული კომპანიის საბავშვო პუდრსა (Baby Powder) და შამპუნს (Shower to Shower) ათეულობით წლის განმავლობაში მოიხმარდა. მისი სიკვდილი სწორედ აღნიშნული პროდუქციის მოხმარებასთან არის კავშირში.

სანამ საკვერცხის კიბოს დაუდგენდნენ, გარდაცვლილი ქალბატონი ჰიგიენის დაცვის მიზნით Johnson & Johnson-ის პროდუქციას, Baby Powder-სა და Shower to Shower-ს დაახლოებით 35 წლის მანძილზე იყენებდა. იგი ოქტომბერში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატის, ჯიერ ბისლის განმარტებით,  „Johnson & Johnson-მა აღნიშნული რისკების არსებობის შესახებ ჯერ კიდევ 1980-იან წლებში იცოდა.“

კომპანია Johnson & Johnson-ის წინააღმდეგ უკვე არაერთი სარჩელია სასამართლოში შეტანილი: გაყიდვების ზრდის მიზნით, კომპანია მომხმარებელს არ აფრთხილებდა, რომ მისი პროდუქცია კიბოს გამომწვევი იყო. მისურის სასამართლოში დაახლოებით 1000 საქმეა შეტანილი, ნიუ ჯერსიში კი 200.

Johnson & Johnson-ის წარმომადგენელმა, კეროლ გუდრიჩმა განაცხადა, რომ კომპანია მომხმარებლის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებაზე ზრუნავს და სასამართლოს შედეგებით უკმაყოფილოა. „ჩვენ მოსარჩელე მხარეს თანავუგრძნობთ, თუმცა ჩვენი პროდუქციის უსაფრთხოებაში  აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ,“ – აღნიშნა მან.

2013 წლის ოქტომბერში სიუ ფოლსში (სამხრეთ დაკოტის უდიდესი ქალაქი) Johnson & Johnson-ის წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი იყო შეტანილი. დიანა ბერგი ასევე წლების მანძილზე იყენებდა Johnson & Johnson-ის პროდუქციას და მასაც საკვერცხეების კიბო განუვითარდა.

commersant.ge