მსოფლიო

კენეტ იალოვიცი: საქართველოში მოვიდა დრო ძველი ლიდერები გვერდზე გადადგნენ

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი მიიჩნევს, რომ მოვიდა დრო ძველი ლიდერები გვერდზე გადადგნენ. ამის შესახებ იალოვიცმა ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას განუცხადა.

გამოცემასთან ექსპერტებმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები და საარჩევნო პროცესის მსვლელობა შეაფასეს. ჰერიტიჯის ფონდის მკვლევარმა ლუკ კოფიმ განაცხადა, რომ არჩევნები არის პროცესი და არა ერთი მოვლენა. ამიტომ, არჩევნებში მონაწილე ყველა მხარემ მის დემოკრატიულად ჩატარებაზე ყოველთვის უნდა იზრუნოს.

„იმის გამო, რომ ვერც ერთმა პარტიამ ხმების 51 პროცენტი ვერ მიიღო, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მეორე ტური ჩატარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულმა თითოეულმა მხარემ გააგრძელოს თავისუფალი და სამართლიანი პროცესის პატივისცემა და გააცნობიეროს, რომ ყველას აქვს მეორე ტურის სამართლიანად და თავსუფლად ჩატარების უფლება“, – აღნიშნა კოფიმ.
მისივე თქმით, ჩვეულებრივ, ქვეყნის შიდა პოლიტიკის შეფასებას თავს არიდებს, მაგრამ ამ შემთხვევაში სურს „არჩევნების წარმატება“ აღნიშნოს. თუმცა, კოფი ამბობს, რომ „პროცესი ჯერ არ დამთავრებულა და ჯერ ისევ არის იმის საშიშროება, რომ ადგილობრივ დონეზე არჩევნებს საფრთხე შეექმნას.“

კოფის განცხადებით, ის ფაქტი, რომ პარლამენტში ზოგიერთ პროდასავლური პარტია, მათ შორის „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ვერ შევიდნენ, გულდასაწყვეტია, თუმცა მიაჩნია, რომ ამით ქვეყნის დასავლურ კურსს საფრთხე არ მიადგება.

„ეს სამწუხაროა, რადგან ისინი გამოკვეთილად პროდასავლური ძალებია. მაგრამ მთავრობაში ბევრი ადამიანია დასავლეთისკენ ორიენტირებული. ქვეყნის პროდასავლურობას მხოლოდ მთავრობა და პარლამენტი არ საზღვრავს. ეს მთლიანობაში – ქართველ ხალხს სურს – ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს წრეებს,“- აღნიშნა კოფიმ.

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი კოფის შეხედულებას ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველო პროდასავლურ განვითარებას გააგრძელებს.

„ვისურვებდი, რომ ეს ორი პარტია პარლამენტში შესულიყო, მაგრამ მათი პარლამენტს გარეთ დარჩენის მიუხედავად, ქვეყნის ტრაექტორია, ვფიქრობ, უცვლელი დარჩება,“ – განაცხადა ყოფილმა ელჩმა.

გარდა იმისა, რომ საქართველო დასავლეთისკენ სვლას გააგრძელებს, კოფის ასევე სჯერა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ქვეყანა ნატოსთან უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდება.

„ნატოს შიგნით არ არის თანხმობა იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია. ამ გამოწვევის გადასალახად, ჩემი აზრით, ერთ-ერთი კომპრომისი ის არის, რომ ყოველი სამიტის შემდეგ, ყოველ კომუნიკეში ალიანსი ამბობს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროგრესი მომდევნო არჩევნებზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა კოფიმ. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყანა რამდენიმე არჩევნებს ზედიზედ დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ჩაატარებს.

არჩევნების დადებითი შეფასების მიუხედავად კენეტ იალოცივი ამბობს, რომ ქვეყნის ორ უდიდეს პოლიტიკურ ძალას – „ქართულ ოცნებას“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თითქმის იდენტური გამოწვევა აქვს გადასალახი.

„საქართველოს ეფექტური პრემიერ-მინისტრი და კარგი პრეზიდენტი ჰყავს. ვისურვებდი, რომ დამთავრდეს მესიების პერიოდი. კარგი იქნება, რომ გადავაბიჯოთ პერიოდს, როცა ორივე მხარეს მყოფი „სიცოცხლეზე დიდი“ ადამიანების გავლენა ჯერ ისევ იგრძნობა. ვისურვებდი, რომ გადავიდეთ მოწესრიგებულ, გამჭვირვალე და ჩვეულებრივი მმართველობის სისტემაზე, სადაც არჩეულ ადამიანებს სისტემატურად არ სჭირდებათ გვერდზე ყურება და ვიღაცა სხვისგან მითითებების მიღება. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში ლიდერები იყვნენ, გვერდზე გადადგნენ“, – განაცხადა იალოვიცმა.

მისი თქმთ, შეერთებულ შტატებში ყოველთვის ასე ხდება – „არჩევნებში წაგებული ადამიანები ჩამავალი მზის სხივების ფონზე უჩინარდებიან”.

”ვისურვებდი ეს საქართველოშიც მოხდეს. ვისურვებდი, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ საკუთარ თავზე აიღოს სრული პასუხისმგებლობა და განახორციელოს საჭირო ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები ქვეყნის დასაწინაურებლად,“ – აღნიშნა ყოფილმა ელჩმა.

ექსპერტები, რომლებსაც „ამერიკის ხმა“ ესაუბრა, ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგები ჯერ ბოლომდე ცნობილი არ არის, საბოლოო ჯამში, პროცესმა მშვიდობიანად ჩაიარა და ეს არჩევნები საქართველოში ჩატარებულ დემოკრატიული არჩევნების სიას დაემატება. თუმცა ისინი მეორე ტურისთვის პოლიტიკურ ძალებს დემოკრატიული პროცესების პატივისცემისკენ მოუწოდებენ.