17/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ხელისუფლება 2020 წლისთვის მცირე და საშუალო საწარმოებში დასაქმებულთა რიცხვის 15%-ით გაზრდას გეგმავს

2020 წლისთვის მცირე და საშუალო საწარმოებში დასაქმებულთა რიცხვი 15%-ით უნდა გაიზარდოს, მწარმოებლურობის ზრდა 7%-ით უნდა მოხდეს, მცირე და საშუალო საწარმოებისგამოშვების ზრდა კი წლიურად საშუალოდ 10%  უნდა იყოს. სწორედ ესაა 2016-2020 წლების მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მიზანი, რომელიც მთავრობამ თებერვალში დაამტკიცა.სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია ეკონომიკის სამინისტრომ დღეს გამართა.

დოკუმენტს რამდენიმე სტრატეგიული მიმართულება გააჩნია, მათ შორის: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება;  მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარების განვითარება და სამეწარმეო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა; ექსპორტის ხელშეწყობა და მცირე და საშუალო საწარმოთა ინტერნაციონალიზაცია და ინოვაციების, კვლევის და განვითარების ხელშეწყობა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ირმა ქავთარაძის განცხადებით, ევროკავშირისქვეყნებში მცირე მეწარმეობას ძალიან დიდი ნაწილი უჭირავს, მოსახლეობის90% იქ არის დასაქმებული და ქმნიან დამატებითი ღირებულების 40%-ს. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოში  მცირე და საშუალო ბიზნესი ამ ეტაპზე დამატებითი ღირებულების 18%-ს ქმნის და ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ეს ციფრი გაუმჯობესდება.

„შექმნილია მეწარმეობის ხელშეწყობისა და ინოვაციების სააგენტოები, ძალიან მოხარული ვართ, როცა ვხედავთ ამ სააგენტოების და სხვა სტრუქტურების წარმატებულ მუშაობას. ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული. არის გარკვეული ქმედებები კიდევ განსახორციელებელი, რასაც დაეხმარება ეს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ჩვენ გვაქვს ხუთი პუნქტი, რომლის მიმართულებითაც იქნება მუშაობა მომდევნო ორი წლის განმავლობაში და იმის შემდგომაც. ეს გახლავთ ინსტიტუციური და ბიზნეს გარემოს გაუჯობესება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ინოვაციებსა და კვლევების ხელშეწყობა, ასევე სამეწარმეო უნარების განვითარება და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებაში ჩართულია როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ასევე სხვა უწყებები, რადგან მუშაობა მიმდინარეობს ყველა მიმართულებით, მათ შორის იმ მიმართულებით, რომ სამეწარემო უნარები იყოს გაუმჯობესებული და ასევე მოხდეს მათი ინტერნაციონალიზაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ მათ შეეძლოთ თავიანთი მომსახურეობის და საქონლის გატანა ევროკავშირის ბაზარზე”, – აღნიშნა ქავთარაძემ.

პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ კი განაცხადა, რომ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის DCFTA-ით გათვალისწინებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.

„მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, რომ მსხვილი ბიზნესი მეტწილად ვითარდება და ამას დიდი წილი უკავია ჩვენს ეკონომიკაში, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესს და ზოგადად მეწარმეობას, სჭირდება ხელშეწყობა. რაც შეეხება ფინანსების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, მოგეხსენებათ, EBRD-ი მზად არის, რომ გარკვეულწილად ფინანსური მხარდაჭერა აღუთქვას მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე დიდ მონაწილეობას ღებულობს ევროპის საინვესტიციო ბანკი.  ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც დღეს ქვეყნოს წინაშე დგას არის DCFTA ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო მეწარმეები ინფორმირებული იყვნენ თუ რას მოიცავს ეს ხელშეკრულება, როგორ უნდა გამოიყენონ მათდა სასიკეთოდ და  როგორ უნდა მოახდინონ უფრო ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, რომ გაიტანონ ის ექსპორტზე“,- განაცხადა მაია მელიქიძემ.

ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

წყარო: კომერსანტი