საზოგადოება

ხელისუფლება ჭარბი ყურძნის შეძენას და მისგან სპირტის გამოხდას გეგმავს

რა ზომების მიღებას გეგმავს ხელისუფლება ყურძნის რეალიზაციის გაზრდის მიზნით? როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, სუბსიდიის გარდა, მთავრობა ადგილობრივ ბაზარზე ყურძნის რეალიზაციის წახალისების გეგმას ამუშავებს. ამასთან, მზადაა, ჭარბი მოსავალი თავად შეიძინოს, მისგან სპორტი გამოხადოს და დაარეზერვოს.

გიორგი სამანიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო კერძო სექტორს ღვინით კონკურენციას არ გაუწევს. გამოხდილი სპირტი შესაძლოა დარეზერვდეს, რადგან ღვინის შენახვა უფრო საფრთხილოა, და ის შეიძლება დროთა განმავლობაში გაფუჭდეს.

სამანიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო ყველანაირად ეცდება, რომ ყურძენი კერძო სექტორმა მაქსიმალურად აითვისოს. გარდა ამისა, გამოინახება სხვა გზებიც. მაგალითად, გასულ წლებში ყურძნის მაღალი ფასის გამო ადგილობრივ ბაზარზე მისი გაყიდვა შემცირებული იყო. წელს კი მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებით შეეცდება გამოყოს ადგილები, სადაც ყურძნის ბაზრობები მოეწყობა.

„თუ ამ ყველაფრის შემდეგ, მაინც დარჩა ყურძენი, მაშინ სახელმწიფო იძულებული იქნება შეისყიდოს”-აცხადებს სამანიშვილი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველი 2015-ის ფარგლებში სუბსიდიის სახით 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 35 თეთრი გაიცემა, საფერავზე 15 თეთრი. ღვინის კომპანიები ამ ეტაპზე ყურძნის მისაღებ ფასს ოფიციალურად არ აკონკრეტებენ, თუმცა როგორც სამანიშვილი აცხადებს, ეს მოთხოვნა-მიწოდებით დარეგულირდება.

სამანიშვილი აცხადებს, რომ 2015 წელს მთავრობა ყურძნის სუბსიდირებას აღარ აპირებდა, თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა. მისი თქმით, ამის მიზეზი ბაზარზე არსებული, დაურეგილირებელი სიტუაციაა. „სუბსიდირება მხოლოდ კახეთში მოწეულ ყურძენზეა, ეს რომ ასე არ იყოს, რეგიონში საკმაოდ დიდ პრობლემებს გამოიწვევდა. სხვა რეგიონებში სუბსიდირება არ არის, რადგან იქ ბაზარი საკმაოდ დარეგულირებულია. იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი რთველი გარდამტეხი იქნება და მომავალ წელს სახელმწიფოს გაცილებით ნაკლები ჩარევა დასჭირდება”-აცხადებს სამანიშვილი.

ბიუჯეტს რთველი 2015-ის სუბსიდირება, გასული წლის მსგავსად 30 მილიონ ლარამდე დაუჯდება.

წელს სუბსიდიის გაცემის წესი შეიცვალა. სუბსიდია გაიცემა არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, როგორც ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ხდებოდა, არამედ პირდაპირ მევენახეებზე.

2014 წელს კახეთში ყურძენს 97 ღვინის კომპანია იბარებდა. რთველი 21 აგვისტოს დაიწყო. კომპანიები საფერავის ჯიშის ყურძენს 1.30 ლარად იბარებდნენ, რქაწითელს 1 ლარად.

მოგვიანებით ყურძენი გაძვირდა. და 1 კილოგრამი ხარისხიანი საფერავის ფასი 2-დან 2.40 ლარამდე გაზდა. მიკროზონაში მოყვანილ ყურძენში კი 3 ლარსაც იხდიდნენ. 31 აგვისტოს, ღვინის 34-ვე კომპანიამ, რომლებიც იმ დროისთვის ყურძენს იღებდნენ, საფერავზე ფასი ერთდროულად 1.50 ლარამდე დააგდო.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, წელს ყურძნის ფასი შარშანდელთან შედარებით დაიკლებს და რქაწითელის ფასი სუბსიდიის ჩათვლით 85 თეთრი იქნება, საფერავის 1.25 ლარი.

უცხოეთის ბაზრებზე, განსაკუთრებით კი რუსეთსა და უკრაინაში რეალიზაციის პრობლემის გამო, კომპანიების ნაწილი ყურძნის ჩაბარებას წელს საერთოდ არ გეგმავს, ნაწილი კი ჩასაბარებელი ყურძნის მოცულობის შემცირებას აპირებს.

წყარო: commersant.ge