28/04/2024
Latest:
ეკონომიკა

როგორ ითვისებს საქართველო არსებულ ენერგოპოტენციალს

ენერგეტიკის სამინისტროს პრიორიტეტი ჰიდროპოტენციალის ათვისებაა

გასულ კვირას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ენერგეტიკული სექტორის განვითარების პირველი გრძელვადიანი სტრატეგიის დოკუმენტის პროექტი გამოქვეყნდა, სტრატეგიაში განხილულია ის ძირითადი გამოწვევები, რომელთა წინაშეც ენერგეტიკის სექტორი დგას. ძირითადად, სტრატეგიული განვითარების ხედვა დაკავშირებულია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებასთან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში მკაფიოდ არის განხილული ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ენერგეტიკის სამინისტროს სამოქმედო გეგმა.

ჰიდროპოტენციალი

საქართველოს ენერგეტიკულ რესურსებს შორის პირველი ადგილი ჰიდროენერგორესურსებს უკავია. როგორც სხვადასხვა კვლევების საფუძველზე გამოიკვეთა, ქვეყნის ძირითად მდინარეთა ეკონომიკურად მიზანშეწონილი წლიური პოტენციალი, დაახლოებით, 40 მილიარდი კვტ.სთ-ითაა შეფასებული.

ამავე მონაცემების გათვალისწინებით, საქართველოს ჰიდროპოტენციალის ეკონომიკურად გამართლებული ნაწილის, დაახლოებით, 20%-ია (2.8 ათას მგვტ-მდე) ათვისებული.

გასათვალისწინებელია, რომ ჰიდროენერგორესურსები საქართველოს ტერიტორიაზე არათანაბრადაა გადანაწილებული. მათი 72% დასავლეთ საქართველოზე მოდის, ხოლო აღმოსვლეთზე – მხოლოდ 28%. ენერგეტიკული რესურსის მქონე მდინარეებიდან, განსაკუთრებით ენგური, რიონი და მტკვარი გამოირჩევა, რომელთა აუზებში განლაგებულია არსებული ჰესების უმეტესობა. აქვე მოიაზრება პერსპექტიული ჰესების მნიშვნელოვანი ნაწილიც.

საქართველოს მდინარეების უდიდესი ნაწილი მკვეთრი სეზონურობით ხასიათდება, რაც გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში წყალუხვობით და შემოდგომა-ზამთარში წყალმარჩხობით გამოიხატება. ამიტომ, მათი პოტენციალის ეფექტიანი ათვისება სხვადასხვა ტიპის ჰესების მშენებლობით არის შესაძლებელი, სადაც მდინარის ბუნებრივ რეჟიმებზე ზეგავლენა მინიმალური იქნება და მოხდება ბუნებრივი და ხელოვნური სისტემების თანაარსებობის სრულყოფა-განვითარება.

საქართველოს ენერგეტიკის დარგის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია ქვეყნის ჰიდროპოტენციალის, როგორც ენერგეტიკულად მნიშვნელოვანი რესურსის, შესწავლა და გამოყენების შესაძლებლობების დაზუსტება, ახალი ობიექტების განთავსებისა და პარამეტრების დადგენა წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენების მასშტაბებისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით.

ამჟამად ხორციელდება საერთაშორისო პროექტი, რომელიც ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გრანტით ფინანსდება. მის მიზანს წარმოადგენს საქართველოს მდინარეების აუზების შესწავლისა და შეფასების საფუძველზე პოტენციური ჰიდროელექტროსადგურების იდენტიფიცირება. პროექტის ფარგლებში, განხორციელდა არსებული ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური ისტორიული მონაცემების ციფრულ ფორმატში გადაყვანა, შეცდომების გასწორება და გამოტოვებული ინფორმაციის შევსება. როგორც საბოლოო შედეგი, GIS სისტემის საფუძველზე შეიქმნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მდინარეების ციფრული რუკა, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია პოტენციური ჰიდროსადგურების სავარაუდო მონაცემების შესახებ: კოორდინატები, სიმძლავრე, გამომუშავება, მშენებლობისათვის საჭირო ინვესტიციის ოდენობა და სხვა.

ენერგეტიკის სტრატეგიული დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში, ნათქვამია, რომ ქვეყნის ძირითადი მდინარეების წყალშემკრები აუზების შესწავლის, არსებული ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გამოვლენისა და ახალი პროექტების შემუშავების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. ხაზგასასმელია, რომ ასეთი კომპლექსური მიდგომა, მომავალში ენერგეტიკული სფეროს განვითარებისა და ტექნიკურ-ეკონომიკურად გამართლებული რესურსების ათვისების მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის.

ქარის პოტენციალი

ბოლო პერიოდში, სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს საუბრები ქარის ენერგეტიკის განვითარებასთან დაკავშირებით. ამ კუთხით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და ენერგეტიკის განვითარების ფონდს მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ და წლის ბოლომდე საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსში პირველი ქარისგან წარმოებული ენერგიაც გაჩნდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ქარის ენერგიის პოტენციალის შესწავლა გაცილებით კომპლექსური და მასშტაბური საკითხია.

გარკვეული კვლევების თანახმად, საქართველოს გააჩნია ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი. ამავე კვლევებზე დაყრდნობით, ქარის ელექტროსადგურებისათვის ყველაზე ხელსაყრელი ტერიტორიები კავკასიის მაღალმთიან ზონაში, სამხრეთ საქართველოს ზეგანზე (ჯავახეთის რეგიონში) და შავიზღვისპირეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ამ ტერიტორიებზე ქარის მუშა სიჩქარის საერთო ხანგრძლივობა წელიწადში 1400-დან 7100 საათამდე მერყეობს. აღნიშნული სიდიდე გეოგრაფიული მდებარეობისა და სეზონების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება.

90-იან წლებში ჩატარებული კვლევების შედეგად, გამოვლენილია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობისათვის რამდენიმე პერსპექტიული მოედანი, რომლებიც განთავსებულია ფოთის, ქუთაისის, რუსთავის, თბილისის, რიკოთის უღელტეხილისა (მთა საბუეთი) და მდინარე ჭოროხის მიმდებარე ტერიტორიებზე. ქარის ენერგიის საშუალო წლიური პოტენციალი შეფასებულია 4 ტრვტ.სთ-ით, ხოლო დადგმული სიმძლავრე – 1500 მგვტ-ით.

მზის პოტენციალი

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მზის ეფექტური და ხანგრძლივი გამოსხივება საკმაოდ მაღალია. ქვეყნის უმეტეს ნაწილში, მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა დაახლოებით 1900-2200 საათია. ამასთან, მუშა საათების რაოდენობა ზამთარში 10-15%-ს, ხოლო ზაფხულში – 30-35%-ს შეადგენს. მზის ჯამური წლიური რადიაცია რეგიონების მიხედვით 1300-2500 კვტ.სთ/მІ დიაპაზონში მერყეობს. ცხელ პერიოდში მზის პირდაპირი რადიაციის მიხედვით, საქართველო ტერიტორია დაყოფილია 14 რაიონად, აქედან მზის ენერგიის მისაღებად ყველაზე პერსპექტიულია იორის ზეგანი, ხოლო ყველაზე ნაკლებ პერსპექტიული – შავი ზღვის სანაპირო. მზის ენერგიის სრული წლიური პოტენციალი საქართველოში 34 ათასი ტონა პირობითი სათბობის ეკვივალენტურია.

მიუხედავად იმისა, რომ მთაგორიან ადგილებში მდებარე, ძნელად მისასვლელი და მცირედ დასახლებული სოფლების ენერგიით მომარაგებისთვის საქართველოს პირობებში ოპტიმალურ ვარიანტს მზის ენერგიის ფოტოელექტრული გარდამქმნელების ბაზაზე მომუშავე ავტონომიური მიკროელექტროსადგურები წარმოადგენს, ქვეყანაში მზის პოტენციალი მცირედ არის ათვისებული.

ევროკავშირთან ინტეგრაცია

საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული პოლიტიკა აქვს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თაობაზე. აღნიშნული მიმართულებით, ხელისუფლების ყველა შტო აქტიურად მუშაობს. ბუნებრივია, გამონაკლისი არც ენერგეტიკის დარგი არ არის და შესაბამისად, როგორც სამინისტრო, ისე მარეგულირებელი კომისია თუ სხვა ენერგოსექტორთან დაკავშირებული უწყებები, აქტიურად მუშაობენ იმ დირექტივების შესრულებაზე, რომლებიც  “ასოცირების შესახებ შეთანხმებით” საქართველოს მთავრობამ იკისრა.

აღნიშნულ შეთანხმებაშივეა განსაზღვრული ნახშირწყალბადის რესურსების ძიების, მოპოვებისა და წარმოების ნებართვების მიღებისა და გამოყენების პირობების შესახებ დირექტივისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით დირექტივებისა და რეგულაციების პაკეტის შესრულების ვადები. აღსანიშნავია, რომ შეთანხმებაში გათვალისწინებული დათქმის შესაბამისად, დანართში გაწერილი დირექტივებისა და რეგულაციების ძირითადი ნაწილის შესრულების ვადები და პირობები,   საქართველოს “ენერგეტიკულ გაერთიანებაში” გაწევრიანების პროცესში გამართული მოლაპარაკებების შედეგად განისაზღვრა.

აღნიშნულ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე, “ენერგეტიკული გაერთიანების” მინისტრთა საბჭოს მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში 2016 წლის ოქტომბრიდან საქართველო გახდება “ენერგეტიკული გაერთიანების” დამფუძნებელი ხელშეკრულების ხელშემკვრელი მხარე, რის საფუძველზეც გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები ლიბერალური ენერგეტიკული ბაზრის მოწყობის, ენერგეტიკული რესურსების მიწოდების უსაფრთხოების, განახლებადი ენერგეტიკული წყაროების ათვისებისა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის, ასევე გარემოსდაცვისა და სტატისტიკის მიმართულებით, რომელთა განხორციელებაზეც შესაბამისი სახელმწიფო უწყებები იზრუნებენ.

მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან ეტაპობრივად დაახლოების, ზემოთ აღნიშნული დირექტივებისა და რეგულაციების მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით ეტაპობრივად განახლდება და დაიხვეწება ენერგეტიკის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზა.

ენერგეტიკული ბაზრის ცვლილების ხედვა

დღეის მდგომარეობით, საქართველოს საკმაოდ მოძველებული ენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურა აქვს. დღეს, საქრათველოში მოქმედებს ეგრეთ წოდებული ვერტიკალურად ინტეგრირებული მონოპოლიური სისტემა. თუმცა, ეტაპობრივად, დაგეგმილია აღნიშნული მოდელის შეცვლა და ჰორიზონტალურად ინტეგრირებული კონკურენტული ბაზრის ფორმირება. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში, ერთ-ერთ დირექტივად სწორედ კონკურენციის პრინციპებზე დამყარებული ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი.

არსებული მონოპოლიური ენერგეტიკული ბაზრის მოდელის თანახმად, საქართველოში ელექტროენერგიით ვაჭრობა ხორციელდება საბითუმოდ და საცალოდ. საბითუმოდ ვაჭრობის მოდელი დაფუძნებულია ორმხრივ ხელშეკრულებებზე. აღნიშნული მოდელის სუბიექტი კვალიფიციური საწარმოების მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, (დასაბალანსებლად) გამომუშავებული საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა ხორციელდება მხოლოდ ბაზრის ოპერატორის მეშვეობით, როგორც პირდაპირი ხელშეკრულებების სტანდარტული პირობებით, ასევე პირდაპირი ხელშეკრულებებით.

აღსანიშნავია, რომ კონკურენტული ელექტროენერგეტიკული ბაზრის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობისა და რეგიონულ ელექტროენერგეტიკულ ბაზრებთან დაახლოების პრინციპების შესაბამისად, გაგრძელდება მუშაობა საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ტრანსფორმირების მიმართულებით. მოდელის დანერგვა განხორციელდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე მოხდება ყველა იმ ასპექტის შესწავლა, რაზეც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამგვარმა ცვლილებამ (ბაზრის მონაწილეები, საბოლოო მომხმარებლები და ა.შ.), რის შემდეგაც ჩამოყალიბდება ახალი ბაზრის კონცეფცია. ამ ეტაპზე მიჩნეულია, რომ ბაზრის სრული ლიბერალიზაცია ეტაპობრივი ტრანსფორმაციის გარეშე, არ იქნება ხელსაყრელი ქვეყნის განვითარებისთვის. აღნიშნულ მოსაზრებას მთელი რიგი მიზეზები გააჩნია: მეზობელ ქვეყნებში რეგულირებულ ელექტროენერგეტიკულ ბაზრებზე შეზღუდული წვდომა, ტრანსასაზღვრო ვაჭრობისას ტექნიკური შეზღუდვები, ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის გრძელვადიანი ხელშეკრულებები და ამასთან, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დეფიციტური ელექტროენერგეტიკული შიდა ბაზარი.

გამომდინარე აქედან, სავარაუდოდ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ფარგლებში იარსებებს ბაზრის ორი სეგმენტი: რეგულირებული და დერეგულირებული. ბაზრის აღნიშნული სეგმენტების წილების გადანაწილება და მოქმედების არეალი ეტაპების მიხედვით ახალი ბაზრის მოდელის ჩამოყალიბების პროცესში განისაზღვრება. კონცეფციაში, ასევე გათვალისწინებული იქნება კონკურენტული ბაზრის პირობებში მიწოდების უსაფრთხოების და სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებები.

ბაზრის მოწყობის დირექტივის შესაბამისად, იგეგმება ქსელური (გადაცემა, განაწილება) და კონკურენტული (წარმოება, მიწოდება) საქმიანობების გამიჯვნა, რათა გამოირიცხოს მათ შორის ინტერესთა კონფლიქტი. აღნიშნული ხელს შეუწყობს სექტორში კონკურენტული და გამჭვირვალე გარემოს შექმნას. გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების მიზნით, შეირჩევა განმხოლოების მოდელი.

ბაზრის კონცეფციის საბოლოო სახით ჩამოყალიბების შემდგომ ეტაპზე, “ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობის განვითარების პლატფორმის” (WPEP) პროექტის ფარგლებში (WB-ს ფინანსური მხარდაჭერით) განხორციელდება აღრიცხვის, ერთი დღით ადრე და სასისტემო მომსახურებების ბაზრების ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკური ინვენტარისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და დანერგვა საქართველოში. პროექტის დასრულების შემდეგ, სააღრიცხვო სისტემა შესაბამისობაში იქნება საათობრივ საბალანსო სისტემის მოთხოვნებთან, რომელიც მიაწვდის ინფორმაციას სავაჭრო საბალანსო პლატფორმას. აღნიშნული პროექტი, ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზრის განვითარებას ქვეყანაში და თურქეთთან ელექტროენერგიით ვაჭრობას.

ხედვა “გიგანტურ” ჰესებთან დაკავშირებით

განხილვები არ წყდება დიდ ჰესებთან დაკავშირებით. საზოგადოების გარკვეულ წრეებში  კვლავ აქტუალურია ისეთი ობიექტების მშენებლობის საკითხი, როგორიცაა ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და ა.შ. ამ მიმართულებით, არსებობენ, როგორც აქტიური მოწინააღმდეგეები, ისე აქტიური მომხრეები. ამ საკითხთან დაკავშირებით, ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტრატეგიულ დოკუმენტში, მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ასეთი ობიექტების მშენებლობა, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. შესაბამისად, სრატეგიაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ენერგეტიკის სამინისტროს პოლიტიკა ამ მიმართულების ხელშეწყობაზე საკმაოდ აქტიური იქნება.

“ქვეყანაში არსებული ჰიდროპოტენციალის ოპტიმალური ათვისება მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ამაღლების მიმართულებით. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენერაციის ისეთი ობიექტების ამოქმედება, რომლებიც ენერგიის აკუმულირების საშუალებას იძლევა და ამცირებს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იმპორტზე დამოკიდებულებას, ამასთან ზრდის მზის და ქარის ელექტროსადგურების სისტემაში ინტგრირების შესაძლებლობებს. ამგვარად, სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს უახლოეს პერიოდში მდ. ენგურზე ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის მშენებლობა, ენგურის აუზის ზედა წელის ათვისება სეზონური ელექტროსადგურებით, ხუდონის, ნენსკრასა და ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების განხორციელება”, – ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს სტრატეგიაში.

ანდრო ღამბაშიძე

გაზეთი “ბანკები და ფინანსები”