“ხელისუფლების მიერ გაკეთებული არჩევანით საბოლოოდ დაკანონდება ის მახინჯი გზა, რომელიც საქართველოს ეკონომიკას აქვს”
ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძნობს. საქართველოს მთავრობამ 4 ფუნქტიანი გეგმა შეიმუშავა სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად და მთელი რიგი გადასახადების მომატება დააპროგნოზა. რამ განაპირობა ეროვნული ვალუტის გაუფასურება და რამდენად შედეგის მომცემია მთავრობის ახალი ინიციატივები, თემაზე ეკონომისტი, ვლადიმერ პაპავა, საუბრობს.
– ლარი გაუფასურებას განაგრძობს. რამდენად ადეკვატურია ხელისუფლება ამ პრობლემისადმი, სად ხედავთ ლარის გაუფასურების რეალურ შემაკავებელ ფაქტორებს?
-ის რომ ლარი გაუფასურებას განიცდის არის წმინდა ეკონომიკური პროცესი. ლარი რომ სტაბილური ყოფილიყო არ იქნებოდა ჯანსაღი, რადგან ეს არ იქნებოდა ქართულ ეკონომიკაში და არც მეზობელი ქვეყნების ეკონომიკაში რეალური სურათის ამსახველი. ცუდია, რომ გაუფასურება ხდება ნახტომისებრ. აქ პასიურობს ეროვნული ბანკი. პასიურობა გამოხატულია იმაში, რომ ლარი მიშვებულია თავის ნებაზე და სინამდვილეში ეს ასე არ უნდა იყოს. როცა საჭიროა ეროვნული ბანკი ინტერვენციებს ახორციელბს, ხან რეფინანსირების სესხებს გასცემს, ანუ საჭიროებისამებრ ამ საკითხებს არეგულირებს.
-თვლით, რომ ქვეყნის ეეკონომიკური მდგომარეობა ისეთივე არასტაბილურია, როგორიც ეროვნული ვალუტა?
-რა თქმა უნდა. ხშირად ლარს აკრიტიკებენ და შესაძლებელია ადამიანი ავად იყოს, სიცხე ჰქონდეს 40 გრადუსი და ამის გამო შესაძლებელია რომ თერმომეტრი დაამტვრიო? კურსი გაიქცა იმის გამო რომ მდგომარეობაა გაუარესებული ეკონომიკაში. ჩვენი ეკონომიკა არ არის მწარმოებელი ეკონომიკა. ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდით როგორც მწარმოებელი ერი.
-პარლამენტში განიხილეს 2017 წლის ბიუჯეტი და ის ცვლილებები რაც შემოსავლების მობილიზაციისთვის შეიმუშავე მთავრობამ. თქვენ იზიარებთ მთავრობის ამ გეგმებს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დედოლარიზაციის მიღწევაა?
-არის საკითხები რაშიც ვეთანხმები და არის საკითხები რაც პრინციპულად მიუღებელია. პარლამენტში იყო ბიუჯეტის განხილვა და უმთავრესი განხვილის თემა, რა თქმა უნდა, იყო გაცვლითი კურსი. რა თქმა უნდა, ვეთანხმები განათლების პრიორიტეტად გამოცხადებას და ამ მიმართულებით დაფინანსების ზრდას. რაც შეეხება საგადასახადო ცვლილებებს, დაუფიქრებლად იქნა ქვეყანაში შემოტანილი ესტონური მოდელი. ახლა ბიუჯეტში არსებული დანაკლისია დასაფარი. იმის ნაცვლად, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ პასუხისმგბლობა აიღოს იმის გამო, რომ დაამახინჯა კონსტიტუცია და კანონში შეიტანა რეფერენდუმის შედეგად გადასახადების შეცვლის პრაქტიკა, ხოლო საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ქართული ოცნება იმის ნაცვლად, რომ გაატაროს ცვლილებები კონსტიტუციაში, თუნდაც ისეთ მარტივ ცვლილებებს, რომ პარლამენტი გადმოიტანოს თბილისში და ამით შევამციროთ პარლამენტის ხარჯები და კონსტიტუციიდან ამოიღოს რეფერენდუმის შედეგად გადასახადების გაზრდა, ვხედავთ საპირისპირო მოვლენას.
-უმრავლესობის წარმომადგენელმა, აკაკი ზოიძემ, განაცხადა რომ 2017 წლის ბიუჯეტს ტაძრამდე მივყვართო, თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
-ბატონ აკაკის პატივს ვცემ. ეს იყო პოლიტიკური დებატები. არ გახლავართ პოლიტიკური დატვირთვის მქონე პიროვნება და არ ვაპირებ პოლიტიკოსობანა ვითამაშო. არანაირ კომენტარს ასეთი ტიპის განცხადებებზე არ გავაკეთებ. როგორც ეკონომისტი გეტყვით, რომ ლარი ასახავს იმ მდგომარეობას რაც ხდება ქართულ ეკონომიკაში. ასახავს იმას, რომ ის არ არის მწარმოებელი ქვეყანა, ის არის მომხმარებელი ქვეყანა. ამას 9 წლის განმავლობაში ხელს უწყობდა ნაციონალური მოძრაობა. პრაქტიკულად იგივე პოლიტიკა გრძელდება დღესაც. დეკემბერში გაკეთდა რამდენიმეჯერ ისეთი განცხადება, რომელმაც 2-ჯერ გამოიწვია სავალუტო ბაზრის პანიკა. ერთი იყო ე.წ. ლარიზაციის გეგმა, რომელიც ბოლომდე არ იყო გააზრებული, არ იყო ბანკებთან შეთანხმებული. ამან ბაზარზე პანიკა გამოიწვია. ეროვნულ ბანკს ჰყავს ძალიან კომპეტენტური შემადგენლობა. მან უნდა მოამზადოს ცვლიბები, გაძლიერდეს საზედამხედველობო ფუნქცია. კომერციულ ბანკებს უნდა აეკრძალოს არაპროფილური საქმიანობა.
-ხომ არ ხედავთ ბანკების ბრალეულობას ბოლო დროინდელ ლარის კურსის გაუფასურებაში?
-ბანკი არის კერძო კომერციული სტრუქტურა და ის მუშაობს მოგებაზე. ის არაფერშია დამნაშავე. უბრალოდ მარეგულირებელი კანონები არ არის დღეს ისეთი, რომელიც ბანკებს მოაქცევდა გარკვეულ ჩარჩოში. ეს არ არის ბანკების ბრალი. ზედამხედველურმა ორგანომ, ეროვნულმა ბანკმა უნდა მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები. აუცილებელია ბანკებს ჩამოცილდეს არაპროფილური საქმიანობა. დღეს ბანკები მუშაობენ საკუთარ ბიზნესზე. არ ავითარებენ ამის გამო ეკონომიკას. ეს მარტო ბანკების ბრალი არ არის. მთლიანობაში მთავრობას შესანიშნავი დოკუმენტი აქვს. სტრატეგია 2020, სოციალური და ეკონომიკური განვითარების, სადაც წერია რომ ქვეყანაში უნდა შეიქმნას ინოვაციური ეკონომიკა. ჯერჯერობით ვებ-გვერდზეც აქვთ ეს დოკუმენტი. რატომ ლაპარაკობენ კუდ შეკრეჭილ 4 პუნქტიან გეგმაზე და რატომ არ ლაპარაკობენ ნორმალურ დოკუმენტზე რაც აქვთ მე არ მესმის. ნაცვლად ამაზე ლაპარაკისა, ლაპარაკობენ იმაზე რაშიც საქართველო ვერ ჩაძვრება, ვერ ჩაეტევა ამ 4 პუნქტში.
-ექსპერტულ წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა ლარის გაუფასურების პროცესს უფრო დააჩქარებს, რადგან ის მეტ დოლარს მოითხოვს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ხელისუფლებას არჩევანის გაკეთება უწევს სწრაფ ეკონომიკურ ზრდასა და ეროვნული ვალუტას შორის?
-ეს ცოტა სხვანაირად იყო ნათქვამი. ვერ ვიტყვი ასეთ არჩევანს აკეთებს. ესტონური მოდელი პრაქტიკულად არის მომხმარებლური ეკონომიკის შენარჩუნება, ეს არ არის განვითარება. როცა აქცენტი კეთდება ტურიზმზე და არ არის ეკონომიკის რეალური სექტორი, ეს არის ქვეყნის დაღუპვის გზა. ტურიზმის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ტურისტი რომ ფულს შემოიტანს, ამ ფულის რამდენი პროცენტი გადის ქვეყნიდან, რასაც ჭამს, მოიხმარს, იმის 80% ხომ იმპორტირებულია. აქ რომ მანქანით იმგზავრებს იმისათვის, რომ რაღაც დაათვალიეროს, ის მანქანაც ხომ იმპორტირებულია. იმ მანქნას რომ საუბარი გაუცვდება, საწვავი დაუმთავრდება, ისიც ხომ შემოტანილია. ტურიზმით აშენებული ქვეყანა არ არსებობს. ტურიზმი უნდა იყოს დანამატი ეკონომიკის რეალური სექტორის. ნაციონალური მოძრაობა ტურიზმს აწვებოდა, დღესაც ტურიზმს აწვებიან. გაახილონ თვალები, ჩაიხედონ თავისივე დაწერილ დოკუმენტში, სტრატეგია 2020-ში. შავით თეთრზე წერია, რომ უნდა აშენდეს ინოვაციური ეკონომიკა. უნდა დაფინანსდეს უმაღლესი სასწავლებლები, უნდა მომზადდეს კვალიფიცური კადრები. საპარტნიორო ფონდმა უნდა დაიწყოს არა სასტუმროების და მეღორეობის ფერმების თანადაფინანსება, არამედ უნდა გადავიდეს მაღალ ტექნოლოგიურ პროექტების დაფინანსებაზე. მაშინ ეკონომიკური ზრდაც იქნება და ლარსაც ეშველება. ხელისუფლების მიერ არჩეული გზა არის, ის რომ საბოლოოდ დაკანონდეს ის მახინჯი გზა რაც აქვს არჩეული საქართველოს ეკონომიკას. საგადასახადო შეღავათებით, ესტონური მოდელით, ისევ უნდა განვითარდეს საფინანსო სექტორი, ტურიზმი, სასტუმროები, რესტორნები, ხოლო ის სექტორები, რომლებიც არ გვაქვს მაინც არ შეიქმნება. არც საარჩევნო პერიოდში არ გაჟღერებულა სტრატეგია 2020, არც მას შემდეგ რაც მთავრობამ ნდობა მიიღო და არც ამ ბიუჯეტის განხილვის დროს. ერთ-ერთი ოპოზიციონერი გვეუბნება, რომ დაიზეპირა 4 პუნქტიანი გეგმა. მართალია, განათლების მინისტრი გვეუბნება, რომ არაფერი დავიზეპიროთ, თუმცა ოპიზიციონერს დაუზეპირებია.
-საექსპერტო წრეებში გაკეთდა განცხადებები, ისეთი მექანიზმით კურსით დადგენა როგორიცაა ბლუმბერგი, სასწრაფოდ შესაცვლელია. რამდენად სწორია ლარის კურსის დადგენის მოქმედი მექანიზმი?
-ეროვნულმა ბანკმა უნდა გადახედოს ამ ყველაფერს, რადგან ხშირ შემთხვევაში მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ეს მექანიზმი არ არის გამჭირვალე. სუბიექტების მონაწილეობა კურსის განსაზღვრის მონაწილეობაში არის ლიმიტირებული. ხშირად ვინც კურსს განსაზღვრას, სულაც არ არის მისი ვაჭრობა განხორციელებული. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ეროვნულ ბანკს ჰყავს ძალიან კომპეტენტური ხელმძღვანელობა, მათ აქვთ ძალიან კარგი ხედვა. მთავარია პარლამენტმა მისცეს მხარდაჭერა მათ მიერ ინიცირებულ ცვლილებებს კანონში, რათა ეროვნულმა ბანკმა უკეთ განახორციელოს ზედამხედველობა და ყველა ოპერაცია. რა თქმა უნდა, საბიუჯეტო დეფიციტი აისახება ლარის გაცვლით კურსზე, მაგრამ ვაკრიტიკოთ მთავრობა და არ გავიხედოთ ეროვნული ბანკისკენ ასე არ გამოვა. ბოლოს და ბოლოს ლარის ემიტენტი არის ეროვნული ბანკი.