საზოგადოება

“სახელმწიფო უნდა შეეცადოს ჯანდაცვის ტვირთი კერძო სექტორს გადაუნაწილოს”

ჯანდაცვის ალტერნატიულ დაფინანსებაზე საუბარი და ფიქრი და მოქმედება დღესვეა დასაწყები და  საკითხისადმი კომპლექსური მიდგომის შემთხვევაში, შედეგი დადებითი იქნება ყველა მხარისთვის, – სახელმწიფოსთვის, ბენეფიციარისთვის, ჯანდაცვის ობიექტისთვის თუ სადაზღვევო სექტორისთვის

ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. საყოველთაო ჯანდაცვის და  ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამები ის პროექტებია, რომელიც პრაქტიკულად საქართველოს ყველა ოჯახს უშუალოდ შეეხო და პოზიტიურად აისახა პაციენტების როგორც ჯანმრთელობის, ისე მატერიალურ მდგომარეობაზე. არავინ უარყოფს, რომ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამამ იმ ათეულ ათასობით ადამიანს, რომელთაც უსახსრობის გამო ფიქრიც კი არ შეეძლოთ ხარისხიანი და კვალიფიციური სამედიცინო სერვისების მიღებაზე,  ამბულატორიების, პოლიკლინიკებისა და ჰოსპიტალების კარის შეღების და საკუთარ ჯანმრთელობაზე ელემენტარული ზრუნვის საშუალება მისცა. უხეში გათვლებით, ამ პროგრამის წყალობით, სულ მცირე, 8 000 ადამიანის სიცოცხლეა გადარჩენილი. კიდევ სხვა, სპეციფიკური, თუმცა თავისი გავრცელებიდან (საქართველოს მოსახლეობის 6,7%) გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს  ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას. სულ ახლახანს მინისტრმა სერგეენკომ ახალ პრიორიტეტად ჯანდაცვის პირველადი რგოლის მასშტაბური რეფორმა გამოაცხადა. ამ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ცნობილია, რომ სამინისტროს პირველადი რგოლის რეფორმაში დახმარებას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია “გლობალ ალიანსი” გაუწევს.

მიუხედავად ამ წარმატებული პროექტებისა, ჯანდაცვაში უამრავი გამოწვევა არსებობს, იქნება ეს პირველადი რგოლის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ამ რგოლში დასაქმებული მედიკოსების ღირსეული ანაზღაურება, მათი კვალიფიკაციის და უწყვეტი პროფესიული განათლების საკითხი, თუ მთლიანად სისტემაში ხარჯეფექტურობის მიღწევის პრობლემა, რამდენადაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გამო გაზრდილი მიმართვიანობიდან გამომდინარე, ეს საკითხი საკმაოდ მწვავედ წამოიჭრა.

გამოწვევებისა და მათთან გამკლავების გზებზე “ბანკები და ფინანსები” საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღამასრულებელ მდივანს, არჩილ მორჩილაძეს ესაუბრა.

 

 

ბატონო არჩილ, რა არის ის ძირითადი და მთავარი გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დგას?

– თქვენი შეკითხვა კომპლექსურია და შევეცდები თანმიმდევრობით გავცე პასუხი. ყველაზე მთავარ ამოცანად მაინც სისტემაში ხარჯეფექტურობის მიღწევა მიმაჩნია და საამისოდ არ არის აუცილებელი ველოსიპედის გამოგონება. საჭიროა მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილების შესწავლა, მისი ადაპტირება ჩვენს რეალობასთან და ამ გამოცდილების დასანერგად მიზანმიმართული ნაბიჯების გადადგმა. რას ვგულისხმობ – ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამამ, რომელიც უდავოა, აუცილებლად გასაკეთებელი იყო, ნათლად წარმოაჩინა, რომ ამ მასშტაბის დატვირთვის გაძლება ბიუჯეტს გაუჭირდება და ეს რომ არ აისახოს სერვისების ხარისხზე და ხელმისაწვდომობაზე, აუცილებელია პარალელურად ალტერნატიულ გზებზე ფიქრი.

ისიც უნდა ითქვას, რომ იმას, რაც 2005 წლიდან 2012 წლამდე განხორციელდა ჩვენთან ჯანდაცვაში, ჰქონდა ერთი სიკეთე. კერძოდ ის, რომ მოხდა ჯანდაცვის ლეგალიზება, ანუ ყველაფერი გადავიდა ფურცელზე, ანგარიშ-ფაქტურაზე, ფორმა ასზე. განვითარდა კერძო სადაზღვევო სექტორი და მოხდა ჯანდაცვის შემოსავლების ლეგალიზება. გამოსწორდა ინფრასტრუქტურაც. თუმცა ეს იყო პოლიტიკური პროცესი. რეალურად, არავის სჭირდებოდა თხუთმეტ და ოცკაციანი საავადმყოფოები რეგიონებში. ამან დარტყმა მიაყენა სადაზღვევო სექტორსაც. იმ კომპანიებმა, რომელშიც საერთაშორისო კაპიტალი იყო ჩადებული, გაუძლეს, პატარებმა კი ბაზარი სხვადასხვა ფორმით დატოვეს.

დღევანდელი გადასახედიდან, ხარჯთეფექტურობის მისაღწევად არსებობს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის შეიძლება გამოვყოთ ორი, – გადაუდებელი შემთხვევის მკაცრი კონტროლი და მონიტორინგი და პროვაიდერების შეზღუდვა, როგორც გეგმიური, ასევე სტაციონარული მომსახურეობის დროს.

დღეს, პროვაიდერების არჩევანი სრულიად თავისუფალია და ყველასთვის ხელმისაწვდომია. არსებობს თანადაფინანსების კოეფიციენტი და ზოგ კლინიკაში შეიძლება ნაკლების გადახდა მოგიწიოს, ზოგან მეტის. თუმცა, ვფიქრობ, როცა საუბარია გეგმიურ მომსახურებაზე, აქ შესაძლებელია უფრო მეტი შეზღუდვა. მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა სქემა, ე.წ. უპირატესი პროვაიდერის სისტემა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნების სადაზღვევო სქემა. ასეთი სისტემების გამოყენება გაცილებით დაეხმარება სახელმწიფოს.

რა თქმა უნდა,  დიდია კერძო სადაზღვევო სექტორის როლი. წინა წლებში ჩვენთან განხორციელებულმა რეფორმამ, მოიტანა ის, რომ კერძო სადაზღვევო სისტემა უფრო მეტად ფარავს მკურნალობის ხარჯებს, ვიდრე სხვა ჩვენი დონის ქვეყანაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ევროპის რამდენიმე ქვეყანაზე მეტიც გვაქვს კერძო სქემით დაფარვები. ევროკავშირში კერძო სადაზღვევო სქემებით დაფარული წილი არ აღემატება საშუალოდ 10%-ს, დანარჩენი 90% მოდის სავალდებულო დაზღვევის გადასახადიდან და სხვადასხვა ფონდის დაფინანსებაზე. თუმცა, გამონაკლისი ქვეყნებია საფრანგეთი, სლოვაკეთი და ჰოლანდია. ყველა ქვეყანაშია განსაზღვრული, რომ როდესაც ადამიანი იხდის გადასახადს, მასში შედის სავალდებულო დაზღვევის გადასახადის წილი.

სწორედ აქ ვხედავ რეალურ გამოსავალს. სახელმწიფო უნდა შეეცადოს, რომ ტვირთი გადაუნაწილოს კერძო სექტორს. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ რადგან ის დასაქმებულია, რატომ უნდა ისარგებლოს მან სახელმწიფო დაფინანსებით, როცა შეუძლია კერძო დაზღვევა შეიძინოს. საკითხი ასე არ უნდა დადგეს.  რეალურად, ვინც დასაქმებულია და აქვს მაღალი ხელფასი, მის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი, ფულად გამოხატულებაში, უფრო მაღალია. ყოველთვის არსებობს სოციალური რისკი, რომ ადამიანი დარჩეს უმუშევარი. აქედან გამომდინარე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთ დღეს, როდესაც უმუშევარი დარჩები, – ამის გამო მას მეორე დღეს არ უნდა შეუწყდეს სამედიცინო მომსახურება.

ამიტომ, ვფიქრობ, უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც ევროპის ქვეყნები. მაგალითად, დღევანდელი მონაცემით რომ ავიღოთ და უხეშად დავთვალოთ, დაახლოებით საშემოსავლოს გადასახადის მესამედი სჭირდება საყოველთაო ჯანდაცვას, იმ მასშტაბით, რასაც ახორციელებს დღეს სახელმწიფო. ჩვენთანაც უნდა განისაზღვროს საშემოსავლო გადასახადში გარკვეული წილი ჯანდაცვისათვის. ამას სჭირდება დათვლა, უნდა ჩაერთოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, ასევე საუკეთესო გამოცდილების მქონე ქვეყნების წარმომადგენლები უნდა მოვიწვიოთ.

თითოეულ ადამიანს, საკუთარი გადახდილი წილის მიხედვით, უნდა შეეძლოს წავიდეს კერძო სადაზღვევო კომპანიაში და მიიღოს შესაბამისი მომსახურება. ეს დაინტერესებას წარმოადგენს თავად სადაზღვევო კომპანიებისთვისაც. თუ ადამიანს აქვს საშუალოდ ათასი ლარი ხელფასი, ჩვენი გათვლით 70-80 ლარით შეუძლია მივიდეს კერძო სადაზღვევო კომპანიაში, დაამატოს თანხა და მიიღოს საბაზისო პაკეტზე გაცილებით უკეთესი პირობები.

ამ შემთხვევაში, სახელმწიფოსაც უნდა ჰქონდეს  ინდექსაციის უფლება. მაგალითად, ის მთლიან თანხას არ გაატანს კერძო სადაზღვევო ფონდში, შესაძლოა მისცეს თანხის 50 ან 60%. სახელმწიფოს ასევე შეუძლია ჯანდაცვის გადასახადისგან გაათავისუფლოს ბენეფიციარი თუ ის იტყვის, რომ მიდის კერძო სადაზღვევო სექტორში. ეს გამოცდილება არსებობს და რიგ ქვეყნებში დადებითი შედეგი მოიტანა.

მსგავსი სისტემებით არის აწყობილი ევროპის ქვეყნები, კერძო სადაზღვევო სქემა აწყობილია დამატებით სადაზღვევო დაფარვებზე. ისეთი მოტივაციებიც არსებობს, რომ ადამიანს შეუძლია მთლიანად უარი თქვას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დაზღვევაზე და მთლიანად გადავიდეს კერძო სადაზღვევო სქემაში. ამ ყველაფერზე საუბარი და ფიქრი და მოქმედება დღესვეა დასაწყები და დარწმუნებული ვარ, საკითხისადმი კომპლექსური და რაც მთავარია, გულითადი მიდგომის შემთხვევაში, შედეგი დადებითი იქნება ყველა მხარისთვის, სახელმწიფოსთვის, ბენეფიციარისთვის, ჯანდაცვის ობიექტისთვის თუ სადაზღვევო სექტორისთვის.

რამდენად არის ადაპტირებული საქართველოს სამედიცინო სისტემა დასავლურ სამედიცინო სისტემებთან. რამდენად ახლოს ვართ იმ სურათთან, რომ საქართველოში, უახლოეს წლებში, მივიღოთ ისეთი სამედიცინო სისტემა, როგორიც გამართულად ფუნქციონირებს დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში. მით უფრო, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ჯანდაცვის საკითხებშიც ბევრ რამეს დაგვავალდებულებს.

– ეს პრობლემა 2004–2005 წლიდან დგას საქართველოში. საერთოდ, ჯანდაცვა ევროპული სტრუქტურებისა და ევროპული კონვენციების მიერ განიხილება, როგორც ერთ–ერთი სოციალური რისკი, დანარჩენ 9 სოციალურ რისკთა შორის და რაც მთავრია, ჯანდაცვა, ამ რისკებში, პირველ ადგილზე დგას.

ეს საკითხი ასახულია კონკრეტულ დოკუმენტში, ამ დოკუმენტს კი  ევროპის სოციალური დაცვის კოდექსი ჰქვია. პირველივე მუხლში, სადაც არის სოციალური რისკების ჩამონათვალი, არის ჯანდაცვა და შემდეგ მოყვება ისეთი რისკები როგორიცაა მოხუცებულობა, მარჩენალის დაკარგვა, ფეხმძიმობა, დროებითი შრომისუუნარობა და ასე შემდეგ. ეს დოკუმენტში 1961 წელს არის მიღებული და მასზე მიერთებულია ევროპის ყველა ქვეყანა და რატიფიცირებული აქვთ მისი სხვადასხვა ვერსია (ევროპის წამყვან ქვეყნებს რატიფიცირებული აქვთ განახლებული ვერსიები). ამ კოდექსის რატიფიცირება ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ დაასრულა 2010 წლამდე. ჩვენ კი არა.

რატომ ვერ მოახერხა საქართველომ ამ დოკუმენტის რატიფიცირება?

საქართველო ევროპის სოციალური დაცვის კოდექსს არ არის მიერთებული, რადგან მაშინდელმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩვენ ვიღებთ ტაიმაუტს, ვინაიდან გვაქვს ლიბერალური ტიპის რეფორმები გასატარებელი და აქედან გამომდინარე ის ვალდებულებები, რაც კოდექსით არის განსაზღვრული ვერ ჩაჯდება ამ სულისკვეთებაში, რაც განსაზღვრული იყო ქართული სოციალური ტიპის რეფორმისთვის.  სამწუხაროდ ტაიმაუტი დღემდე გრძელდება.

 

ჯანდაცვის სამინისტრომ ახალ პრიორიტეტად ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა გამოაცხადა. თქვენი აზრით, რას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება ამ რგოლის რეფორმირებისას?

– მთავარია, რომ პირველადი მიმართვა განხორცილედეს ოჯახის ექიმთან და მან მართოს ავადობის პროცესი. ჩვენთან დიდი პრობლემაა მედიკამენტების არარაციონალური ხარჯვა. მოგეხსენებათ, ჯანდაცვაში მთლიანი დანახარჯის დიდი წილი სწორედ მედიკამენტებზე მოდის.

რეფორმამ ერთ–ერთ შედეგად სწორედ ექიმის მიერ მედიკამენტების მენეჯმენტის გაუმჯობესება უნდა მოიტანოს.

როდესაც საუბარია ხარჯების დაზოგვაზე, ოჯახის ექიმის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, – მან სწორად უნდა განსაზღვროს პაციენტის მდგომარეობის ხარისხი და შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობა უნდა დაუნიშნოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი დადის განათლებასა და კვალიფიკაციაზე.

დიპლომის შემდგომი განათლება და უწყვეტი განათლება უმნიშვნელოვანესია, რადგან დღეს ეს არის ნებაყოფლობითი და აქ გარკვეული სავალდებულო ელემენტების შეტანა აუცილებლად მიმაჩნია, რათა გაიზარდოს კვალიფიკაცია და სამედიცინო მომსახურების ხარისხი. პირველადი რგოლის რეფორმისას მთავარი მედ–პერსონალის განათლება და გადამზადება უნდა იყოს.

ეს მომენტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც სახელმწიფო აფინანსებს პირველადი ჯანდაცვის მთელ რიგ სერვისებს და აპირებს მედიკამენტების სუბსიდირებასაც. აქ. ხარჯეფექტურობის თვალსაზრისით, ოჯახის ექიმის როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება.

 

ესაუბრა ელენე ბურკაძე