საზოგადოება

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის სპეციალური საგზაო ზოლი დაიხაზება

ავტობუსებისთვის და მიკროავტობუსებისთვის სპეციალური საგზაო ზოლი დღეს ღამით დაიხაზება

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, საგზაო ზოლი კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე გაკეთდება. იგი ყვითელი ფერის იქნება და მასზე წარწერა Bus Lane განთავსდება.

საგზაო ზოლში მოძრაობის უფლება მხოლოდ ყვითელ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს ექნებათ. ზოლის დატოვების შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები დაჯარიმდებიან: ”ეს იმისთვის კეთდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპოტის მოძრაობა გამართული, მოწესრიგებული და მგზავრებისთვის კომფორტული იყოს. ველით, რომ სხვა მსუბუქი მანქანებისთვისაც კომფორტული იქნება და გარკვეულწილად მოაწესრიგებს მოძრაობას. მსუბუქი მანქანებისა და ტაქსებისათვის ალაგ-ალაგ ეს ზოლები გაწყვეტილი იქნება რათა მანქანებმა და ტაქსებმა მგზავრის ჩამოსმა ან აყვანა შეძლონ. ასევე, თუ სადმე გზის შესახვევი ქინება, ზოლი იქაც გაწყვეტილი იქნება, რათა მსუბუქმა მანქანამ შეძლოს შეხვევა”, – განაცხადა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მირიან ლებანიძემ.

როგორც ტრანსპორტის სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე თბილისში მსგავსი 3 საგზაო ზოლი არსებობს, გორგასლის ქუჩაზე, აღმაშენებლისა და ჭავჭავაძის გამზირებზე. მათივე ინფორმაციით, მსგავსი ზოლების დახაზვა მთელ ქალაქში იგეგმება.