“მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს” – სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე
საქართველოს პრეზიდენტი მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა “ტვ პირველთან” ინტერვიუში განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გადაწყვეტილება თავად მიიღო და არანაირ მოწოდებას არ დალოდებია.
“ოპოზიციური პარტიების მხრიდან პრეზიდენტისთვის მოწოდებები არაკორექტულია, იქიდან გამომდინარე, რა სიმძიმის მატარებელია შეწყალება. იმავეს ვიტყვი ხელისუფლების მუქარაზეც. რაც შეეხებათ პატიმრების ოჯახის წევრებს, რომლებიც მათ შემოტანილ განცხადებებზე ჩემს პასუხს ელოდებიან, მათ არაფერს ვეუბნები. უნდა დაელოდონ სიას, რომელიც გამოიცემა და იქ ნახავენ, შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე თუ არა. დღეს მე პირდაპირ შეწყალებაზე გადავალ და გეტყვით, რომ ეს გადაწყვეტილება ამ დილით 10 საათზე მივიღე. არ დაველოდე არც არავის მოწოდებას და არც რაღაც მუქარებს, ასე რომ, ვერავინ ჩაითვლის ქულებს. მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს.
ხელი ჯერ არ მომიწერია, რადგან რაღაც პროცედურები არის. ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე, მე, ჩემს თავთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება. ამის შესახებ რამდენიმე დღეა ვფიქრობ, მაგრამ სანამ გამამტყუნებელი განაჩენი არ იქნებოდა, ვერაფერს გავაწყობდი.
მე მინდა პოლიციას ვუთხრა, რომ ეს არანაირი წაქეზება არ არის. აქ არ არის მტკიცებულებები, რომ დანაშაულები ზუსტად ისე მოხდა. მინდა ამ ქვეყანაში ყველას მოვუწოდო, რომ პოლიცია არა მხოლოდ პატივსაცემი და ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის სადარაჯოზე. მიდის მცდელობა, რომ საზოგადოება გაყონ, დააჯახონ, წარსული გაიმეორონ და ამ ყველაფერში ჩვენი დამცველი არის და იქნება პოლიცია. მინდა მათ ჩემი უღრმესი პატივისცემა და იმედი გამოვუცხადო, ასევე, რწმენა, რომ ისინი იქნებიან იქ, სადაც ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშილმა.
მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.