24/02/2024
Latest:
საზოგადოება

მედიკამენტებზე ფასების კლების ტრენდი შენარჩუნებულია

ფანასკერტელის ინდექსი კიდევ 12,5%–ით შემცირდა 

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ“ და „ჯანდაცვის პლატფორმამ“ ერთობლივი პროექტის – მედიკამენტების ფასების ცვლილების სპეციალიზებული ინდექსის – „ფანასკერტელის ინდექსის“ მარტის თვის კვლევის შედეგები შეაჯამეს.

ინდექსი თებერვლის მონაცემთან შედარებით 12,5%–ით შემცირდა და 11,1 პუნქტი შეადგინა.

ფასების კლება, ბოლო მონაცემების საფუძველზე, ძირითადად, ორ მნიშვნელოვან ფაქტორთან არის დაკავშირებული. პირველი მიზეზია, უკანასკნელ პერიოდში, ეროვნული ვალუტის გამყარება დოლართან მიმართებაში, რამაც სტიმული მისცა იმპორტიორ კომპანიებს და შესაბამისად, სააფთიაქო ქსელებს, ფასები შეემცირებინათ უმეტესი დასახელების მედიკამენტზე. ხოლო მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ბაზარზე კონკურენციის გამძაფრება.

ბოლო პერიოდში ფარმაცევტულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ფიქსირდება. კერძოდ, სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად ხელი შეეწყო ბაზარზე იაფი ჯენერიკული მედიკამენტების შემოსვლას. არის მოლოდინი, რომ „ჰუმანითი ჯორჯიას“ მსგავსად, გახსნილი კონკურენციის პირობებით ასევე ისარგებლებენ სხვა ახალი იმპორტიორები თუ მწარმოებლები. ასევე მნიშვნელოვანია „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ („საქართველოს ბანკის“ ჰოლდინგი) სააფთიაქო ქსელის GPC–ის შეძენის ფაქტიც, რამაც ტრადიციულ ფიგურანტებთან მიმართებაში კონკურენცია კიდევ უფრო უნდა გაამძაფროს და შედეგად მედიკამენტების გაიაფების ტენდენციას უნდა შეუწყოს ხელი.

„აფბა“–სთვის დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტის ფასი, რის მიხედვითაც ყოველთვიურად დაიანგარიშება „ფანასკერტელის ინდექსი“. როგორც ქვემოთ მოცემულ გრაფიკზეა ნაჩვენები, ორგანიზაციის მიერ მედიკამენტების ბაზრის კვლევა 5 თვიან პერიოდს მოიცავს. ამ დროის განმავლობაში მედიკამენტებზე არსებული ფასები ძირითადად კლებადი ტენდენციით ხასიათდება. ბოლო მონაცემების საფუძველზე, ჯამში, 76 მედიკამენტზე ფასები შემცირებულია.

აფბაში მიაჩნიათ, რომ ფასების კლების არსებული ტრენდის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან კიდევ უფრო აქტიური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ასეთი შეიძლება იყოს ბაზრის კიდევ უფრო მეტად დივერსიფიცირება, როგორც მწარმოებლების, ისე იმპორტიორი კომპანიების მოზიდვის კუთხით. მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლისთვის აუცილებელი შესაბამისი ლაბორატორიების ინფრასტრუქტურის შექმნა. ამ პროცესში, არანაკლებ მნიშვნელოვანია ლარის კურსის სტაბილურ ნიშნულზე შენარჩუნება.


გრაფიკზე გამოსახულია „ფანასკერტელის ინდექსის“ 5 თვის დინამიკა:

fan index