მეტროსადგური “უნივერსიტეტი” მომავალ წელს გაიხსნება და ის სავარაუდოდ შშმ პირებზე ადაპტირებული იქნება
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 320 ადგილიანი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ დაახლოებით 5 მილიონი ლარი შეადგინა. მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. ჩატარებულ სამუშაოებსა და მიმდინარე გეგმებზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე საუბრობს.
– მშენებლობა თითქმის დასრულებულია, თუმცა გარკვეული სამუშაოები მაინც ჩასატარებელია. როდის იქნება ყველაფერი მზად?
– შენობები თითქმის დასრულებულია. რამდენიმე უმნიშვნელო დეტალი იყო გამოსასწორებელი, ისიც გამოვასწორეთ და ექსპლოატაციაში მისაღებად მერიას გადავეცით.
-რომ შევადაროთ ევროპის სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებს, რა სტანდარტებისაა და რით განსხვავდება ევროპაში არსებული სტუდენტური საერთო საცხოვრებლებისგან?
-ჩვენი საერთო საცხოვრებელი მაქსიმალურად საერთაშორისო, ყველაზე მოწინავე ევროპის ქვეყნების სტანდარტებზეა გათვალისწინებული. ევროპაში თუ ოთხი სტუდენტი იყენებს საპირფარეშოსა და აბაზანას, ჩვენთან ორი სტუდენტი გამოიყენებს. ოთახები კი დაახლოებით 18 კვადრატულია და ორ სტუდენტზეა გათვლილი. უკვე მერიას ექსპლუატაციაში მიღება მოეთხოვა. ერთ თვიანი ვადა აქვთ, მაგრამ ვიმედოვნებთ უფრო უფრო სწრაფად იმოქმედებენ.
– თქვენი ფონდი მხოლოდ სტუდენტური საცხოვრებლით არ შემოიფარგლება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მეტრო სადგური “უნივერსიტეტის“ მეორე ხაზის მშენებლობა, რომელიც 2017 წელს უნდა დასრულდეს, ვადებში თუ ეტევით?
-იგი დაახლოებით 16 წელიწადია დალუქულია. 1990 წელს მეტრო სადგური “ვაჟა-ფშაველა“ და “უნივერსიტეტი“ დაკონსერვდა. შემდეგ 1998 წელს განახლდა და 2000 წელს მეტრო სადგური “ვაჟა-ფშაველა“ გაიხსნა, რომელიც მშენებლობის პერიოდში თითქმის დასრულებული იყო. ჩვენ 2015 წლის მარტში მეტრო სადგური “უნივერსიტეტის“ მშენებლობა დავიწყეთ. სამშენებლო პერიოდი 24 თვიანია და 2017 წლის მარტში წესით უნდა გავხსნათ.
-რა თანხაა აღნიშნული საქმისთვის გამოყოფილი და სამუშაოები გართულებული ხომ არ არის?
– ჯერჯერობით გეგმა-გრაფიკს მივყვებით. შესაძლოა ერთი თვე გადაგვიცდეს, ესკალატორები გვაქვს შეკვეთილი, ესპანური სამშენებლო კომპანიაა განმახორციელებელი. ასევე საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიაც გვყავს. ეს მეტრო სადგური თბილისის სხვა მეტრო სადგურებისგან თავისი თანამედროვეობით გამორჩეული იქნება. დაწყებული ესკალატორებით, თვითონ სადგურის დიზაინიც სხვანაირი, ბევრად თანამედროვე იქნება. ასევე პროექტში არ იყო გათვალისწინებული და ვცდილობთ ცვლილება შევიტანოთ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ადაპტირებული იყოს.
– კიდევ რა პროექტებს ახორციელებთ?
– ჩვენ დაახლოებით 70 მიმდინარე პროექტი გვაქვს. რამდენიმეს გაგაცნობთ. ბაკურიანში ძალიან საინტერესო პროექტებს ვახორციელებთ. ბაკურიანის ცენტრალური პარკი, რომელიც აბსოლუტურად მიტოვებულია, მის რეაბილიტაციას ვგეგმავთ უკვე პროექტი გვაქვს, დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაჯდება და იქ ახალი სარეკრეაციო ზონები, ბავშვებისთვის გასართობი ადგილები და მოსასვენებელი ადგილები შეიქმნება. სავარაუდოდ ამაზე მუშაობას სექტემბერში დავიწყებთ და მომავალი სეზონისთვის იქნება. ასევე ახლა ბაკურიანში გზების რეაბილიტაციის პროექტს ვიწყებთ. თითქმის ყველა შიდა გზა რეაბილიტირდება. ასევე წრიული ბაკურიანის ხიბლი რაც არის, მთელ წრიულზე საფეხმავლო და ველო ბილიკს ვაკეთებთ.
ვაპირებთ, რომ აბასთუმნის 17 სახლს რეაბილიტაცია გავუკეთოთ. განსაკუთრებულად ლამაზი, სპეციფიური სახლებია. ასევე იგეგმება ობსერვატორიის რეაბილიტაცია. იქაც სარეკრეაციო ზონები მოეწყობა და ძველი საბაგიროს რეაბილიტაცია. ჩვენი ფონდი წელიწადში დაახლოებით 300 მილიონ ლარს ხარჯავს. დონორები ამის საშუალებას იძლევა და ჩვენ შარშან 110 % ავითვისეთ. დონორებისთვის საქართველოში რჩეული ორგანიზაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდია.