საზოგადოება

საქართველოში ყალბი ატესტატები და დიპლომები მზადდება

ყალბი ატესტატებისა და დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, დავით გურამიშვილის სასწავლო უნივერსიტეტ “იბერიას” დირექტორი და ორი მოქალაქე სუს-მა დააკავა.

აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ  “იბერიას” დირექტორმა და ერთ-ერთმა მოქალაქემ, გასაღების მიზნით, დაამზადეს უმაღლესი სასწავლებლის, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესის სასწავლებლების სსხვადასხვა ფაკულტეტების ყალბი დიპლომები.
“ბრალდებულებმა ყალბი დიპლომების სანაცვლოდ მოქალაქეებს მოსთხოვეს და გამოართვეს 3500 აშშ დოლარი, რა დროსაც ისინი ბრალდებულების სახით დააკავეს. ყალბი დიპლომები და გადაცემული თანხის ნაწილი 1500 აშშ დოლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით იკვეთება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი ზემოხსენებული პირების შემადგენლობით ამზადებდა და ასაღებდა ყალბ დიპლომებს და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს სხვა მოქალაქეებისთვისაც, რომელთა ვინაობები დგინდება”, – განაცხადეს სუს-ში.
გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.