საზოგადოება

Microsoft-ი საქართველოს 32 სკოლაში Wi-Fi ტექნოლოგიას უფასოდ დანერგავს

Microsoft-ი 2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში, საქართველოს 32 სკოლაში Wi-Fi ტექნოლოგიას უფასოდ დანერგავს, – ასეთია იმ ხელშეკრულების არსი, რომელიც განათლების სამინისტროსა და Microsoft-ს შორის გაფორმდა.

მთავრობის სამინისტრაციის ცნობით, ხელშეკრულება ასევე მოიცავს Office 365 ქლაუდ სერვისს, რაც Wi-Fi-ს ქსელთან ერთად, მოსწავლეებს და მასწავლებლებს დაეხმარება თანამშრომლობითი სასწავლო პრაქტიკის დანერგვაში.

ხელშეკრულების დეტალები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კომპანია Microsoft-ის გენერალურმა მენეჯერმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მაიკლ კოგელერმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სკოლებში Microsoft-ის სათამაშო-საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს, მარტივი პროგრამირების სწავლების სისტემის ჩამოყალიბებას, ელექტრონული სწავლებისა და ინფორმაციის გაცვლის ერთიანი სივრცის შექმნასა და ელექტრონული სახელმძღვანელოების შემუშავების ხელშეწყობას.

ხაზი გაესვა თანამშრომლობას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „მაიქროსოფთ საქართველოს” შორის. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობას გააჩნია სალიცენზიო შეთანხმება, რომლის მიხედვით სახელმწიფო დაწესებულებები Microsoft-ის ლიცენზირებულ პროდუქციას იყენებენ. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა კომპანია Microsoft-ს განათლებისა და ინოვაციების სფეროში მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრნენ.

წყარო: BPI