საზოგადოება

„ქართული ოცნება“: ტრამპის ხელმძღვანელობით, საქართველო – აშშ-ს თანამშრომლობა ახალი ენერგიით გაგრძელდება

პარტია „ქართული ოცნება“ დონალდ ტრამპს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, საქართველო – აშშ-ს შორის არსებული თანამშრომლობა ახალი ენერგიით გაგრძელდება მშვიდობის, უსაფრთხოების, თავისუფლებისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად.

„პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით ვულოცავთ ბატონ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევას. ასევე ვულოცავთ აშშ-ს „რესპუბლიკურ პარტიას“ გამარჯვებას აშშ-ს კონგრესის არჩევნებში.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს აკავშირებს 25 წლიანი სტაბილური სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ურთიერთობები ვითარდებოდა ყველა ხელისუფლების მმართველობის პირობებში სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, საქართველო – აშშ-ს შორის არსებული თანამშრომლობა ახალი ენერგიით გაგრძელდება მშვიდობის, უსაფრთხოების, თავისუფლებისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას კონგრესის ახალ შემადგენლობასთან და ახალ ადმინისტრაციასთან ერთად გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ უკვე არსებული წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ მილოცვაში.