04/05/2024
Latest:
საზოგადოება

მიმდინარე წელს აჭარის მიმართ ყაზახეთში განსაკუთრებული ინტერესია

საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა კვლავ ყურადღების ცენტრშია

საქართველოს არამატერიალურმა კულტურულმა ძეგლებმა და აჭარის ღირსშესანიშნაოებებმა ასტანაში დიდი მოწონება დაიმსახურეს. ყაზახეთის დედაქალაქში გამართულ აჭარის დღეზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა პოპულარიზაცია გაუწია ქართულ ფოლკლორს, სამზარეულოს, ღვინოსა და აჭარის ტურისტულ პოტეცნიალს. რეგიონისადმი მიძღვნილ საღამოზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე მოესმინათ, ენახათ და დაეგემოვნებინათ ყველაფერი ის, რაც აჭარაში ჩამოსვლისას  რეგიონში დახვდებათ და რაც ზოგადად იზიდავს აჭარის სტუმრებს. აჭარის დღეზე სტუმრების განსაკუთრებული მოწონება აჭარული ხაჭაპურის კულინარიულმა მასტეკლასმა და ქართულმა ფოლკლორმა დაიმსახურეს. რეგიონისადმი მიძღვნილ მიღებას ყაზახეთის დედაქალაქში წამყვანი ყაზახური მედია საშუალებების, მსხვილი ტურისტული სააგენტოების, დიპლომატიური კორპუსისა და ყაზახეთის მთავრობის 140-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

„მიმდინარე წელს აჭარის მიმართ ყაზახეთში განსაკუთრებული ინტერესია.ზაფხულში ყაზახეთიდან ბათუმის სეზონზე სამი ავიაკომპანია გეგმავს ფრენების შესრულებას, მათ შორის ავიაკომპანია Skybus ყაზახეთის რვა ქალაქიდან, SCAT და Southern sky.  გაზრდილი ფრენებისა და ჩვენს მიერ ყაზახეთში ჩატარებული პიარ კამპანიების შედეგად რეგიონში   ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებით ველოდებით ყაზახი ტურისტების მზარდ რაოდენობას. რაც შეეხება, რეგიონის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილ საღამოს ასტანაში კარგი გამოხმაურება მოყვა მედიაში და როცა ტურისტულ ადგილზე ამდენს წერენ და ლაპარაკობენ, ის აუცილებლად მოახდენს გავლენას ჩვენი პოტენციური ტურისტების გადაწყვეტილებაზე, რომ ზაფხულში აჭარაში დაისვენონ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

გასულ წელს, რეგიონში ყაზახეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 3,5 პროცენტით იყო გაზრდილი. მიმდინარე წელს, კი დეპარტამენტი რეგიონში ყაზახი ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიური პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს ეწევა, რაც როგორც გარე რეკლამას (აჭარის სარეკლამო ბილბორდები და ლაითბოქსები ყაზახეთის 7 მსხვილ ქალაქში 130-მდე ადგილზეა განთავსებული), ასევე პრეს და ინფო ტურების ორგანიზებას ითვალისწინებს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა აჭარის დღეები ასტანის გარდა, მისკში, თელ-ავივსა და ვარშავაში ჩაატარა. 28-29 მაისს, კი რეგიონის პოპულარიზაცია უკვე ვილნიუსში იგეგმება.