27/04/2024
Latest:
მსოფლიო

“პუტინი ცდილობს ევროპულ ერთიანობას ძირი გამოუთხაროს”

ვლადიმერ პუტინი ცდილობს, ევროპულ ერთიანობას ძირი გამოუთხაროს, – ასეთი მოსაზრება ამერიკულ ტელეკომპანია CBS-ვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გამოთქვა. ობამა მიიჩნევს, რომ პუტინი ნატო-ს, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ ერთიანობას აღიქვამს როგორც საფრთხეს რუსეთის ხელისუფლებისთვის.

ობამას თქმით, მიგრაციული კრიზისი წარმოადგენს პრობლემას არამხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. თუმცა, სტრატეგიული თვალსაზრისით, გაცილებით დიდი საფრთხეა ევროპაში ულტრამემარჯვენე ნაციონალიზმის გაძლიერება, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი ადამიანები იყენებენ, როგორიცაა „ბატონი პუტინი“.

„ბატონი პუტინი ნატო-ს, ევროკავშირს, ტრანსატლანტიკურ ერთიანობას განიხილავდა როგორც საფრთხეს რუსეთის ხელისუფლებისთვის. ვფიქრობ, ის ცდება. ვუთხარი, რომ სინამდვილეში ძლიერი, ერთიანი ევროპა, რომელიც ძლიერ, გარე სამყაროზე ორიენტირებულ რუსეთთან მუშაობს – „სწორი გამოსავალია“, – განაცხადა ობამამ და იქვე დასძინა, რომ პუტინი ამ მოსაზრებას არ იზიარებდა.

გუშინ, ჰანოვერში ვიზიტის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა იქამდე უნდა გააგრძელონ, სანამ მოსკოვი მინსკის შეთანხმებებს სრულად არ შეასრულებს. ობამას თქმით, მას რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს, თუმცა მოსკოვმა საერთაშორისო საზოგადოების დაშინების პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს.