01/03/2024
Latest:
პოლიტიკა

„მინდა განსაკუთრებულად დავლოცო ბატონი ბიძინა… თქვენც გთხოვთ, რომ ილოცოთ მისთვის” – მიტროპოლიტი თეოდორე

ფერისცვალების დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აბასთუმანში ახლადაგებული ფერისცვალების სახელობის ტაძარი აკურთხა. ინფორმაციად საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მსახურების დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა ქადაგებისას თქვა, რომ ტაძარი „ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ძალისხმევით აშენდა.

მიტროპოლიტმა თეოდორემ ივანიშვილი და მისი ოჯახი „განსაკუთრებულად” დალოცა და მათ მადლობა გადაუხადა.

მიტროპოლიტი მოქალაქეებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის ილოცონ.

„მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც იშრომა ამ შესანიშნავი ტაძრის ასაშენებლად. მე მინდა განსაკუთრებულად დავლოცო და დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომელმაც ააშენა ეს ტაძარი და რა თქმა უნდა, არა მარტო ეს ტაძარი, მათ მრავალი ტაძარი აქვთ აშენებული საქართველოში, მრავალი ძველი ტაძარი არის რესტავრირებული და ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ტაძარი მთელი საქართველოსთვის, აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელიც იყო აწყურის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი, აწყურის ღვთისმშობლის ხატი იყო დავანებული ამ ტაძარში, ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი. უკვე თითქმის მთავრდება, გუმბათის გადახურვა მიმდინარეობს და ალბათ ახლო მომავალში აწყურის ტაძარიც იქნება და რა თქმა უნდა, ეს ტაძარიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დაფინანსებით კეთდება. ასევე, ეს შესანიშნავი მონასტერი, რომელიც თქვენ კარგად გახსოვთ, განსაკუთრებით აბასთუმნელებს, რა მძიმე მდგომარეობაში იყო 2008 წლის ხანძრის შემდგომ, უმძიმეს მდგომარეობაში და დღეს უკვე თითქმის განსრულებული არის და მე მინდა ამ სიკეთისთვის და ყველა იმ სიკეთისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის აკეთებს, ყველა ამ სიკეთისთვის უდიდესი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, მის მთელ დიდ ოჯახს, რომელიც ასევე განსაკუთრებულია და განსაკუთრებულად იცავს ყველა იმ ტრადიციას, რომელიც ჩვენს მამა-პაპას შემოუნახავს და ცხოვრობს ამ ტრადიციით და არის მოყვარული ღვთისა და ღვთის გზაზე მავალი ოჯახი.

მე მინდა, დავლოცო ეს ოჯახი და თქვენც ყველას გთხოვოთ რომ ილოცოთ მისთვის რათა უფალი შეეწიოთ კიდევ უფრო მეტი სიკეთის კეთებაში ჩვენი ხალხისათვის, ჩვენი ერისათვის და ჩვენი სამშობლოსათვის” – თქვა მიტროპოლიტმა თეოდორემ.

კომენტარის დატოვება