03/05/2024
Latest:
საზოგადოება

მომხმარებელი m2-ს მოტყუებაში ადანაშაულებს

ქვეყნის ერთერთ უმსხვილეს სამშენებლო კომპანიას მომხმარებელი მოტყუებაში ადანაშაულებს. საუბარია m2-ზე, რომელიც, მისივე განცხადებით, მომხმარებელს უმაღლესი კლასის ბინებს სთავაზობს. ფასებიც შესაბამისია. თუმცა, როგორც თავად კომპანიის ფეისბუქის გვერდიდან ჩანს, ზოგ შემთხვევაში ეს განცხადებები  რეალობას სცილდება.

ერთერთი მომხმარებელი m2–ის „ფეისბუქის“ გვერდზე ამის დამამტკიცებლად ფოტომასალასაც აქვეყნებს და წერს:

„სამარცხვინო მდგომარეობაა პარკინგზე (მ2 იპოდრომთან, რომელი კორპუსითაც ამაყობთ). ელემენტარულად მანქანიდან ლიფტთან მისასვლელად მთელი პარკინგის გავლა მიწევს რომ დიდ გუბეებში არ ჩავდგა ფეხი! პარკინგის კომფორტი ალბათ ამას არ გულისხმობს და ამაში არ იხდის ხალხი 10 000$ ! იგივე მდგომარეობა იყო ჩუბინაშვილზე თქვენს კორპუსში, სადაც მოსახლეობის დიდი ძალისხმევით გამოსწორდა მდგომარეობა და კომპანიამ 100–ჯერ ცდის შემდეგ მოახერხა პრობლემის მოგვარება. იპოდრომთან ამ პრობლემის მოგვარებაზე მხოლოდ ცოცხებით შეიარაღებულები ზრუნავენ (3 კაცი მაქსიმუმ), ამხელა კომპანია ვერ ხვდება, რომ ცოცხით ეს წყალი (რომელიც უკვე ყარს) ვერ დაშრება?! პრობლემა არის სულ წვიმიან თუ მზიან, მშრალ დღეებში. ბოლო პერიოდია გაუსაძლისი გახდა ეს მდგომარეობა, რადგან ეს წყალი (წყალია თუ რა არის საიდან ჩამოდის არ ვიცი) უკვე ისე ყარს, თავი მგონია სოფლის მიგდებულ “ტუალეტში” ! იგივე ხდება ეზოშიც, სულ გუბეებია, არ არის წყლის გასასვლელი გაკეთებული! აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ზოგადად უაღრესად უხარისხო პროდუქტს ყიდით (დაწყებული თხელი კედლებით და სიფრიფანა კარით, პარკინგით დამთავრებული), გაზვიადებულ ფასად! მარკეტინგში და სატელევიზიო რეკლამებში ამდენი ფულის ხარჯვას, ჯობია მოსახლეობა გყავდეთ კმაყოფილი, ალბათ იციან თქვენმა მარკეტოლოგებმა რომ “word of mouth” ძალიან ეფექტური მარკეტინგია ჩვენს პატარა ქალაქში. ყველას ვურჩევ წაიკითხონ შეფასებები და მოსახლეობას კითხონ აზრი სანამ ამ კომპანიას თავს მოატყუებინებენ!.“

აღნიშნულ პრეტენზიაზე m2–ს პასუხი არ აქვს გაცემული.