მსხვილი ბიზნესი საპოლიციო გამოსახლების დაბრუნებას ცდილობს
საპოლიციო გამოსახლების” წესის გაუქმების ერთ-ერთი ინიციატორი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა კიკნაველიძე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ბიზნეს ასოციაციისა და ბანკების ასოციაციის საჩივარს არ დააკმაყოფილებს.
ბიზნეს ასოციაციამ და ბანკების ასოციაციამ პარლამენტის მიერ გასული წლის ბოლოს მიღებული ცვლილება, რომლის მიხედვით გაუქმდა უძრავი ნივთების უკანონო/არამალთზომიერი მფლობელების გამოსახლების შესაძლებლობა სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე, საკონსტიტუციო სასამართლოში თვის დასაწყისში გაასაჩივრა.
როგორც კიკნაველიძე ამბობს, კონსტიტუციაში არ წერია, რომ საპოლიციო გამოსახლება ნორმაა. საკუთრების უფლება და სასამართლოსთვის მიმართვის უფლება კი კონსტიტუციითაა დაცული. მისივე თქმით, მიღებული კანონი არცერთ საკონსტიტუციო ნორმასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. პირიქით კონსტიტუციაში არსებობს მეოცე მუხლი, რომლის მიხედვით არავინ შეიძლება შევიდეს სხვის ბინაში სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.
პაატა კიკნაველიძე ამბობს, რომ არგუმენტი, თითქოს სასამართლო პროცესები დროში ჭიანურდება, არარელევანტურია ამ საკითხთან მიმართებაში, რადგან გამოდის, რომ თუ სასამართლო მაგალითად სამემკვიდრეო დავაზე ვერ ახერხებს დროულად გადაწყვეტილების გამოტანას, საკითხი პოლიციას უნდა მივანდოთ. „საპოლიციო გამოსახლება ეს იყო პოლიციური სახელმწიფოს პრინციპი, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს ვაშენებდით, დღეს ჩვენ უარი ვთქვით პოლიციურ სახელმწიფოზე და გვინდა სამართლებრივი სახელმწიფო,” – აცხადებს კიკნავეელიძე. მისივე განცხადებით თუ რაიმე ხარვეზია სასამართლო ადმინისტრირების კუთხით, ეს არ ნიშნავს, რომ პოლიციამ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა და თუ დათქმულ 30 დღეში არ გამოდის საქმის დასრულება და ხდება 35-40 დღეში, ეს პრობლემა არ უნდა იყოს.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალიას განცხადებით კი, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს ცვლილება სერიოზული ზიანის მომტანი იქნებოდა და ეს ზიანი უკვე სახეზეა. გვასალიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო სარჩელი და ელოდებიან უახლოეს ხანებში გარკვეული გადაწყვეტილების გამოტანას. მისივე თქმით, მოლოდინი, რომ არსებული ნორმა ცალსახად გაუქმდება, არ აქვთ, თუმცა გვასალია მიიჩნევს, რომ საკითხი ისევ პარლამენტს უნდა დაუბრუნდეს, რომელმაც უნდა მოძებნოს გამოსავალი.
“სასამართლო სისტემა გადატვირთულია სამოქალაქო საქმეებით და ამას თავად სასამართლო ხელისუფლებაც აღიარებს, განხილვების ვადები ირღვევა და ხშირად გადაწყვეტილების მიღებას წელიწადზე მეტი სჭირდება,” – განმარტავს გვასალია. მისივე თქმით, ცვლილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო, რეფორმის ტოლფასია და როდესაც ამხელა ცვლილება ხდება, ბაზა უნდა იყოს მომზადებული. მისივე თქმით, ბიზნეს სექტორი არ ამბობს, რომ საპოლიციო გამოსახლება კარგია. თუმცა გამოსავალი რეალობიდან გამომდინარე უნდა მოიძებნოს.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება შესაძლებელი. გაუქმდა ნორმები, რომლებიც პირის გამოსახლება-გამოყვანას იძულების წესით ითვალისწინებდნენ.
ამ კომპეტენციის სასამართლოსთვის გადაცემა მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა. თუმცა საქართველოში აღნიშნულ ინიციატივას არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, განსაკუთრებით საბანკო სექტორიდან. კანონპროექტის მომხრეების განცხადებით კი, ბანკების შეშფოთება გამოწვეული იყო იმით, რომ საპოლიციო გამოსახლების გაუქმების შემდეგ, მათ გაურთულდებათ სესხის უზრუნველყოფის სახით ჩადებული უძრავი ქონების რეალიზაცია. ექსპერტებისა და ბიზნესმენების ეს ნაწილი აცხადებდა, რომ საპოლიციო გამოსახლების გაუქმება ბანკებს აიძულებს, ორიენტირებულნი იყვნენ არა ჩადებული ქონების რეალიზაციაზე, არამედ საბანკო სერვისებზე ამ სიტყვის ცივილიზებული გაგებით.