17/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი გონივრული პოლიტიკის პირობებში ლარი დასტაბილურდება”

“დღეს ხელისუფლება ეკონომიკურ-მეცნიერული აზრის მიღმა საქმიანობს”

საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიას ახალი პრეზიდენტი ყავს. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის ხელმძღვანელი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში იაშა მესხია, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელად წინა კვირას აირჩიეს. თუ როგორ წარიმართება აკადემიის საქმიანობა მომავალში იაშას ხელმძღვანელობით, ამ და სხვა აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით გვესაუბრება იაშა მესხია.

– ბატონო იაშა, უპირველეს ყოვლისა გილოცავთ ასეთ საპატიო თანამდებობაზე არჩევას და გისურვებთ წარმატებებს. საინტერესოა ეკონომიკური აკადემიის წარსული, დღევანდელობა, ასევე ის, თუ რა გეგმები აქვს მას სამომავლოდ დასახული?

– მადლობა მოლოცვისათვის. ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია არაა ახალი ორგანიზაცია. იგი უკვე ორი ათეული წლისაა და მიმდინარე წელს აღინიშნა მისი დაარსებიდან საიუბილეო 20 წელი. იგი იმ საშინელ პერიოდში შეიქმნა, როდესაც ქვეყანაში მძვინვარებდა ქაოსი, შიმშილი, სიცივე, მაშინ როდესაც, არც კონსტიტუცია  იყო და არც ლეგიტიმური ხელისუფლება. შევიკრიბეთ ქვეყნის წამყვანი ეკონომისტ-მეცნიერები და გადავწყვიტეთ ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობების კონსოლიდაცია იმ მიზნით, რომ დავხმარებოდით ქვეყანას შექმნილი უმძიმესი ვითარებიდან გამოსვლაში. აკადემიას სათავეში ჩაუდგა და სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ქართული ეკონომიკური მეცნიერების პატრიარქი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ბატონი ლეო ჩიქავა. თავად ეს აკადემია პრინციპულად განსხვავებულია სხვა დარგობრივი აკადემიებისაგან. ეს განსხვავება-თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ, დებულების თანახმად, აკადემიის წევრი შეიძლება გახდეს მხოლოდ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. მეცნიერების კანდიდატები, აკადემიური დოქტორები და სხვა დარგის მეცნიერები ამ აკადემიაში ვერ გაწევრიანდებიან. თავიდანვე აკადემიაში გაწევრიანების მსურველი ბევრი აღმოჩნდა, თუმცა, არჩევნებში ფარულმა კენჭისყრამ შესაძლებელი გახადა საუკეთესო, გამორჩეული მეცნიერების მობილიზება. ისე, გულწრფელად უნდა ვთქვა, ისევე როგორც ყველგან, აქაც ზოგიერთი დაუმსახურებლად შემოგვეპარა.

თავიდანვე მუშაობა წარიმართა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში პრიორიტეტული ამოცანების განსაზღვრის მიმართულებით. შემუშავდა არაერთი კომპლექსური დოკუმენტი და რეკომენდაციების პაკეტი და გადაეგზავნა ზემდგომ ორგანოებს. ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლება აღფრთოვანებით შეხვდა ჩვენს წინადადებებს, მაგრამ ზოგიერთი რამ პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც იქნა გათვალისწინებული.

– რომელ პერიოდზეა საუბარი?

– მოკლედ რომ გითხრათ, ეს არის შევარდნაძის პერიოდი. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ამ პერიოდში მეცნიერულ აზრს მეტ-ნაკლებად მაინც ჰქონდა დაფასება. პრეზიდენტთან ფუნქციონირებდა ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭო, სადაც ეკონომიკური აკადემიის წევრების ერთი ნაწილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა. მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის ლადო პაპავას ძალისხმევით დაწესდა “ეკონომისტის დღე”. თუმცა, შემდგომ ავტორიტარული რეჟიმის დროს მთელი მეცნიერება და მათ შორის ეკონომიკურიც “ჩარეცხილ იქნა”. მიუხედავად ამისა, აკადემიას არ შეუწყვეტია ფუნქციონირება. შეხვედრები, დისკუსიები, წინადადებები, რეკომენდაციები და ა. შ. სისტემატურ ხასიათს ატარებდა.

– ახლა თუ შეიცვალა რამე, საუბარია ახალი ხელისუფლების მხრიდან ეკონომიკური აკადემიის მოსაზრებების პრაქტიკულ გამოყენებაზე.

– სიმართლე მხოლოდ ერთია, – არ შეცვლილა არაფერი. დღეს ხელისუფლება ეკონომიკური მეცნიერული აზრის მიღმა საქმიანობს, თუ არ მივიღებთ მხედველობაში ფინანსთა სამინისტროს, სადაც შექმნილია მრჩეველთა საბჭო. უფრო მეტიც, დღეს პატარ-პატარა არასამთავროებებს, სადაც ნამდვილად არიან ნიჭიერი ახალგაზრდები, უფრო მეტს უსმენენ, ვიდრე გამოცდილებით სავსე ჭარმაგ მეცნიერებს. მაგრამ ეს არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ჩვენი ბრალიცაა. სწორედ ამ ნაკლოვანების გამოსწორება იქნება ჩვენი აკადემიის ერთ-ერთი ორგანიზაციული ამოცანა. ჩვენი 60 კაციანი აკადემიის მიზანია ორიენტაცია მთავარი ეკონომიკური გამოწვევების შესწავლაზე და ამ კუთხით პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებაზე. უნდა გავაძლიეროთ აკადემიის ჩართულობის დონე გადაწყვეტილებების მიღებაში, მისი საზოგადოებრივი ცნობადობის ხარისხი, იგი უნდა გავხადოთ მოთხოვნადი ორგანიზაცია და ამის რესურსი აკადემიას ნამდვილად გააჩნია.

– წარმატებებს ვუსურვებ თქვენს აკადემიას. უპირველესად მაინტერესებს თქვენი აზრი  დღეისთვის საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ,..

– მწარე სიმართლეა ის, რომ ქვეყანას ერთიანი, მეცნიერულად არგუმენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა არ გააჩნია. გვაქვს ცნობილი სტრატეგია “საქართველო-2020”, რომელიც შედგენისთანავე მოძველდა და ქაღალდზე დარჩა. გვაქვს ცალკეული მიზნობრივი პროგრამები, რომელთა მექანიკური ერთიანობა არანაირად არ შეიძლება ქვეყნის ერთიან პროგრამად ჩაითვალოს. ამის მიზეზი უამრავია.  მათ შორის ერთ-ერთი ის მიმაჩნია, რომ ეკონომიკა თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული გახდა. პოლიტიკა შეიჭრა ატამში, ყურძენში, ციტრუსებში, მწვანილში და ა.შ. უფრო მეტიც, კონცერტებიც კი პოლიტიზებული გახდა. არაფერს ვამბობ ელექტრონულ და ბეჭდვით მედიაზე, რომლებიც აყოლილი არიან ამ არასახელმწიფოებრივ აზროვნებას და ქმედებას. მიდის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა სკამების მოპოვება-შენარჩუნებისთვის და რეალური ეკონომიკისთვის მოქმედ ხელისუფლებას დრო არ რჩება. პლიუს ამას, მთავრობის ზოგიერთი წევრის არაკომპეტენტურობა, უცოდინარობა, გამოუცდელობა მრავალი შეცდომის საფუძველი ხდება. რიგი ეკონომიკური გადაწყვეტილება მოწყვეტილია რეალობას. ამან გამოიწვია საზოგადოებრივი ნიჰილიზმი და შეასუსტა მეწარმეობრივი აქტივობა. ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ვერ მოხერხდა ჯანსაღი და საქმიანი, გამჭვირვალე კოორდინაცია, უფრო მეტიც, მათ შორის თავი იჩინა, როგორც ფარულმა, ასევე ღია დაპირისპირებამ, რამაც თავის მხრივ დააფრთხო გარე და შიგა ინვესტორები. პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობის დროზე ადრე დატოვებამ, ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა იქონია, რადგან მეწარმეებს გაუხანგრძლივა მოლოდინის რეჟიმი. უკრაინა-რუსეთის საომარმა დაპირისპირებამ ნეგატიურად იმოქმედა ბიზნესზე, რადგან უკრაინა საქართველოსათვის მესამე, ხოლო რუსეთის ფედერაცია მეოთხე სავაჭრო პარტნიორის ადგილს იკავებს. ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა გადაწყვეტილების სწრაფად მიღების სათანადო უნარი და გამოცდილება. წინასაარჩევნო პროგრამის რიგი კომპონენტების დროზე შეუსრულებლობის გამო შესუსტდა მთავრობის მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი.

– თქვენი საუბრიდან გამოდის, რომ როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციაც არაა ორიენტირებული ქვეყნის მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამოყვანაზე. სწორად გისვამთ კითხვას?

– კითხვა სწორია. აქ ერთი რამაა, ხელისუფლებას უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს. ხოლო ოპოზიციას არ უნდა ეკონომიკის გაჯანსაღება, მისი მიზანია ხალხი აუმხედროს ხელისუფლებას და თვითონ მოიკალათოს მათ ადგილზე და ამას სხვათაშორის ნელ-ნელა ახერხებს კიდევაც. ოპოზიცია, სახელმწიფო-ნაციონალურ ინტერესებს ამოფარებული, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებს მოხერხებულად იყენებს, ქმნის საზოგადოებრივ აზრს, მოქმედი მთავრობის უნიათობისა და არაკომპეტენტურობის შესახებ. ამ მიზნით, ფართოდ იყენებს საერთაშორისო შეხვედრებსა და ფორუმებს, რომელთა ორგანიზაცულ უზრუნელყოფაში სარგებლობს ადრე მათ მიერ უხვად დაფინანსებული ლობისტური ორგანიზაციების მხარდაჭერით. მოქმედ მთავრობას, რომლის მიმართაც ოპოზიციის კრიტიკა რიგ შემთხვევაში, სამართლიანია, მუდმივად უხდება თავის მართლება და წინა ხელისუფლების ნაკლოვანებებზე პედალირება, რაც მათ რეიტინგზე ნეგატიურად აისახება. ყველაფერს ამას ეწირება ეკონომიკა. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას საზოგადოებასთან გასაგებად და დამაჯერებლად ვერ მიაქვს ინფორმაცია განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებისა და ამ მიმართულებით შექმნილი ობიექტური გამოწვევების შესახებ. არადა, მთლად ცუდად არაა საქმე. ბევრი რამე კარგიც კეთდება, მაგრამ ხალხმა არ იცის.

– და მაინც ბატონო იაშა, რა მიგაჩნიათ ღევანდელ მთავარ ეკონომიკურ გამოწვევად საქართველოში?

– მოკლედ რომ გითხრათ სამი რამ, – ერთი ეკონომიკის პოლიტიზება და პარტიული ინტერესების საჯიჯგნად ქცევა, რაზეც მე უკვე გელაპარაკეთ. მეორე, – ეს არის უმუშევრობის მაღალი დონე. მესამე კი, ქართული ვალუტის გაცვლითი კურსის დაცემა. აქედან დასაქმება აქილევსის ქუსლია, რომელიც დაუძლეველი აღმოჩნდა ამ ორი ათეული წლის განმავლობაში. მიზეზი ისაა, რომ ადგილობრივი და მოზიდული ფულადი კაპიტალი იხარჯება არგონივრულად. სამუშაო ადგილის შესაქმნელად უნდა განვითარდეს რეალური სექტორი, სადაც იქმნება პროდუქცია-მომსახურება და ახალი მუდმივი სამუშაო ადგილი. ჩვენ კი გამოვეკიდეთ ძვირადღირებული მახინჯი შენობების აგებას, კაბინეტებისა და მანქანების შეძენას, ჩინოვნიკების ფულად დაჯილდოებას. სანამ მთავრობის მთავარი ორიენტირი არ გახდება საშუალო და მცირე ბიზნესი, დასაქმების პრობლემა არ მოიხსნება. სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ ამ ბოლო დროს მთავრობამ გამოიღვიძა. შეიქმნა სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამები, რომელთა სრულფასოვანმა ამოქმედებამ, დასაქმების კუთხით, მდგომარეობა ნაწილობრივ მაინც უნდა გამოასწოროს.

რაც შეეხება ლარის გაუფასურებას. აქ მინდა ვთქვა შემდეგი, – ეს თემა არცერთ ქვეყანაში არ გამხდარა ისე პოლიტიზებული, როგორც საქართველოში. მოხდა შემდეგი რამ, გარე ფაქტორებმა მნიშვნელოვნად ნეგატიურად იმოქმედა ლარის კურსზე. ამას დაემატა შიდა ფაქტორებიც. მთავრობის ზოგიერთი არასწორი გადაწყვეტილება და ეროვნული ბანკის კრიჭაში ჩადგომა, რაც მოგვიანებით ურთიერთბრალდებებში გადაიზარდა. მთავრობას არ ეყო გამბედაობა ეროვნული ბანკისათვის მიენიშნებინა იმ უმოქმედობაზე, რასაც იგი დიდი ხნის მანძილზე იჩენდა. კი ბატონო, სავალუტო რეზერვები ეკონომიურად უნდა ეხარჯა, მაგრამ რატომ არ იყენებდა სხვა ფინანსურ ინსტრუმებტებს ლარის სტაბილურობის მისაღწევად. არც კონსტიტუციაა, ამ მხრივ, გამართული. რას მიქვია, ეროვნული ბანკის საქმე არაა სავალუტო პოლიტიკა. ეს ხომ სისულელეა. ფასების სტაბილიზაცია და ინფლაცია ლარის სტაბილურობასთან რომაა მიბმული და ისიც ისეთ ქვეყანაში, სადაც 80% იმპორტზეა დაფუძნებული, ამას არ უნდა მტკიცება. ანდა, რატომ არავინ გაბედა იმის თქმა, რატომ არ იყენებდა ეროვნული ბანკი იმ ფინანსურ ინსტრუმენეტებს, რასაც სააკაშვილის დროს იყენებდა. მით უმეტეს, რომ მაშინ ლარს ამყარებდა ბრიუსელიდან მიღებული 4 მილიარდი დოლარი.  შემდეგ მოხდა ის რაც მოხდა. პარლამენტმა გადაწყვიტა ეროვნული ბანკის შესუსტება, იმ მიზნით, რომ ზედამხედველობის გამოტანა ლარს გაამყარებდა. მე არ ვიცი, ეროვნული ბანკი ყველაფერს ამას პოლიტიკური მიზნით აკეთებდა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ მისმა უნიათო და ჯიუტურმა პოლიტიკამ ქვეყანა დააზიანა. ვფიქრობ, რომ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი გონივრული პოლიტიკის პირობებში ლარი დასტაბილურდება.

– თქვენი აზრით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვამ რა როლი ითამაშა ლარის კურსის გაუფასურებაში?

– სააკაშვილის დროს მე ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი კონტროლის პალატის. მაშინაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო ხარჯების ჭარბად გაწევა ბოლო კვარტალში. ეს ასეა ყველა ქვეყანაში. თითიდანაა გამოწოვილი იდეა, რომ ბიუჯეტის ხარჯვითმა წესრიგმა დიდად დააზარალა ეროვნული ვალუტა.

– და ბოლოს, მინდა გკითხოთ შემდეგი. ამ დღეებში ნობელის პრემია მიენიჭა ენგუს დიტონს, რომელიც ასკვნის, რომ სიღარიბის ზღვარი არ არის 1,9 დოლარის ხარჯვის შესაძლებლობა, არამედ ის სხვადასხვანაირია სხვადასხვა ქვეყანაში. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ იდეის შესახებ საქართველოსთან მიმართებაში?

– გარდა თქვენს მიერ მოყვანილი ციფრისა, მის ერთ-ერთ მიგნებად მიჩნეულია აგრეთვე ის, რომ ადამიანები, რომლებიც წელიწადში 75 ათას დოლარზე ნაკლებ ხელფასს იღებენ, მისი ნებისმიერი მომატებისას ბედნიერები ხდებიან. მაგრამ მან პრემია მიიღო იმ გამოკვლევებზე, რითაც დაადგინა როგორ ანაწილებენ მომხმარებლები თავიანთ შემოსავლებს სხვადასხვა სიკეთეების შეძენაზე (საქონელსა და მომსახურებაზე), აგრეთვე საზოგადოებრივი შემოსავლის რა ნაწილი იხარჯება და რა ნაწილი მიდის დაგროვებაზე და როგორ იზომება სიმდიდრე და სიღარიბე. საქართველოსთვის ამის მისადაგება უაზრობაა. მან ეს დასკვნები გააკეთა 450 ათასი ამერიკელის გამოკითხვის შედეგების ანალიზით. ჩვენთან სულ სხვა მდგომარეობაა, გაცილებით, მრავალჯერად ცუდი.