02/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ბანკების გაზრდილი ვალი ეკონომიკას ამუხრუჭებს

 

საგარეო ვალების საკითხის განხილვისას ბოლო დრომდე ყოველთვის აქცენტი კეთდებოდა სამთავრობო ვალზე, არადა, აღმოჩნდა, რომ კერძო სექტორს ამ მხრივ გაცილებით რთულად აქვს საქმე. ბანკებისა და სხვა კომპანიების მზარდმა დავალიანებამ, შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასაც შეუქმნას საფრთხე.

ეროვნული ბანკის სტატისტიკური ინფორმაციით, კომერციულ ბანკების საგარეო ვალდებულებებმა 2,787 მილიარდ დოლარს (6,911 მილიარდი ლარი) მიაღწია. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აქედან 1,218 მილირდი დოლარი მოკლევადიანი სესხია. მათ ამ სესხის ძირითადი ნაწილი მაშინ აქვთ აღებული, როდესაც ლარი დოლართან მიმართებაში 1,70-ის ნიშნულზე მერყეობდა, შესაბამისად, ამ ვალდებულების მომსახურება კომერციულ ბანკებს დაახლოებით 47%-ით გაუძვირდა.

საბანკო სექტორმა გასულ წლებში მოიზიდა 2,7 მილიარდი დოლარი სესხების სახით უცხოური რესურსი, საიდანაც უახლოეს 3 წელიწადში დასაბრუნებელი აქვს 4,4 მილიარდი დოლარი. სწორედ ამიტომ საფინანსო სფეროს სპეციალისტებს საქართველოს კომერციული ბანკების მდგრადობა აეჭვებთ.

“ერთი თემაა, რომ ეს ორი მაჩვენებელი არ ედრება ერთმანეთს, რადგან მომსახურების ხარჯი გამოდის 50%-ზე მეტი და დარწმუნებული ვარ, რომ აქ კორუფციულ ელემენტები დევს. მეორე და უფრო სერიოზული პრობლემაა, რომ ეს მიმოქცევაში ლარის რაოდენობას ამცირებს: როდესაც ეს 2,7 მილიარდი დოლარი შემოიტანეს, ლარის კურსი იყო 1,7 ანუ ლარებში ბანკებმა შემოიტანეს 4,6 მილიარდი ლარი და გადასახდელი აქვთ 4,4 მილიარდი დოლარი, რაც დღევანდელი კურსით არის 11 მილიარდი ლარი. ანუ ეკონომიკაში შემოიტანეს 4,4 მილიარდი ლარი და გააქვთ 11 მილიარდი. ესაა ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემები”, – აცხადებს ფინანსისტი თემურ ბასილია.

საბანკო სფეროს სპეციალისტის ლია ელიავას განცხადებით, პრობლემაა ის, რომ კომერციული ბანკების საგარეო ვალების ვადიანობა ერთიდან სამ თვემდეა, თუმცა ხელშეკრულება იდება განახლებადი ფორმით, ანუ თუ რომელიმე მხარე უარს არ განაცხადებს დაკრედიტებაზე, ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება. ასეთი გარიგება დამახასიათებელია არასტაბილური, ფინანსურად მოწყვლადი ქვეყნისთვის და ინსტიტუტებისთვის. მოკლევადიანი სესხების გასასტუმრებლად კომერციულ ბანკებს თითქმის არასდროს ჰყოფნით ფული და ამიტომაც მათ ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხების მეშვეობით ეხმარება.

ამ და სხვა ფაქტორების გამო, კომერციულ ბანკებს ჯერჯერობით ფინანსური პრობლემები არ აქვთ, მაგრამ საუბედუროდ ისინი უფრო მეტ ლარს იღებენ ეკონომიკიდან ვალების გასასტუმრებლად. შესაბამისად, მათ მიერ ქართული ეკონომიკის დაკრედიტების შესაძლებლობაც მცირდება.

სასესხო დავალიანების ზრდაში რისკს ვერ ხედავს საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე. მისი განცხადებით, ბანკის აქტივ-პასივების მართვისას მთავარი რისკი გამომდინარებს საპროცენტო განაკვეთების ცვლილების არასასასურველი სცენარების დადგომისას. რაც შეეხება საგარეო დავალიანებას, ის პრობლემას არ წარმოადგენს თუ არ წარმოქმნის ჭარბვალიანობის ეფექტს. შესაბამისად, დღეს ქართულ კომერციულ ბანკებს ამის საშიშროება ნამდვილად არ უდგათ.

“ბანკის აქტივ-პასივების მართვისას მთავარი რისკი გამომდინარებს საპროცენტო განაკვეთების ცვლილების არასასასურველი სცენარების დადგომისას. რაც შეეხება საგარეო დავალიანებას, ის პრობლემას არ წარმოადგენს თუ არ წარმოქმნის ჭარბვალიანობის ეფექტს ანუ რამდენად შეუძლია ბანკს ახალი ვალდებულებების მომსახურება. აქედან გამომდინარე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქართულ კომერციულ ბანკებს საგარეო ვალის საშიშროება ნამდვილად არ უდგათ”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ბანკები და ფინანსები