06/05/2024
Latest:
ეკონომიკა

მთელი ეკონომიკა ვალის გადახდას ემსახურება

ქვეყნის საგარეო ვალმა 35,5 მილიარდ ლარს (14,354 მილიარდდოლარს) გადააჭარბა. აქედან 2 მილიარდ დოლაზე მეტი მოკლევადიანი ძვირადღირებული სესხია. ამ ვალის მომსახურებას უმოკლეს დროში ასეულობით მილიონი დოლარი სჭირდება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკასა და ეროვნული ვალუტას არასახარბიელო პერსპექტივას უქმნის. ფაქტობრივად, კომპანიები მოგების უდიდესი ნაწილით ვალს ისტუმრებენ, ხოლო ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა ვალის მომსახურებას ხმარდება.

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, სამთავრობო სექტორს უცხოური ორგანიზაციების 4,265 მილიარდი დოლარი (10,577სმლმარდი ლარი) მართებს, თუმცა აქედან მხოლოდ 81,326 მილიონი დოლარია (201,688 მილიონი ლარი) მოკლევადიანი სესხი, დანარჩენი გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტია.

გაცილებით მძიმე მდგომარეობაა კერძო სექტორში. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, მარტო კომერციულ ბანკების საგარეო ვალდებულებებმა 2,787 მილიარდ დოლარს (6,911 მილიარდი ლარი) მიაღწია. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აქედან 1,218 მილირდი დოლარი მოკლევადიანი სესხია. მათ ამ სესხის ძირითადი ნაწილი მაშინ აქვთ აღებული, როდესაც ლარი დოლართან მიმართებაში 1,70-ის ნიშნულზე მერყეობდა, შესაბამისად, ამ ვალდებულების მომსახურება კომერციულ ბანკებს დაახლეობით 43%-ით გაუძვირდა.

დანარჩენი კერძო სექტორის ვალი კი 4,107 მილიარდი დოლარია (10,185 მილიარდი ლარი). ამ შემთხვევაშიც მილიარდ დოლარზე მეტი მოკლევადიანი სესხია. გამოდის, რომ ქვეყანაში არის 2,2 მილიარდი დოლარის საგარეო ვალდებულებები, რომელიც მოკლე პერიოდშია გასასტუმრებელი და მათი მომსახურებისთვის ქვეყნიდან ასეულობით მილიონი დოლარი გაედინება.

საბანკო სფეროს სპეციალისტის ლია ელიავას განცხადებით, კომერციული ბანკების საგარეო ვალების ვადიანობა ერთიდან სამთვემდეა, თუმცა ხელშეკრულება იდება განახლებადი ფორმით; ანუ თუ რომელიმე მხარე უარს არ განაცხადებს დაკრედიტებაზე, ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება. ასეთი გარიგება დამახასიათებელია არასტაბილური, ფინანსურად მოწყვლადი ქვეყნისთვის და ინსტიტუტებისთვის.

“სპეკულაციური კაპიტალის დაცვის თვალსაზრისით, მათ გრძელვადიან ფულს არ აძლევენ. შესაბამისად, კომერციული ბანკებიმოკლე პერიოდში ისტუმრებენ ამ დავალიანებას”, – ამბობს ლია ელიავა და აღნიშნავს, რომ გაცემული სესხებიდან ბანკებს ისედაც დიდი რაოდენობით დოლარი შედის. ამ მხრივ გამორჩეული 2015 წელი იყო, როდესაც სავალუტო კრიზისით შეშინებული მსესხებლები ცდილობდნენ მაქსიმალურად შეემცირებინათ დოლარში აღებული ვალდებულებები.

“2015 წელს სავალუტო კრიზისის შედეგად მოსახლეობამ უზარმაზარი თანხა შეიტანა კომერციულ ბანკებში. ზოგადად უცხოური სესხის გარეშე კომერციული ბანკების პორტფელი იქნებოდა მცირე, ხოლო მათი დაკრედიტების შესაძლებლობა შეზღუდული. თუ უცხოური სესხები კომერციულ ბანკს არ უქმნის ფინანსურ პრობლემას, ასეთი სესხების აღება არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას”, – ამბობს ელიავა და დასძენს, რომ ოფიციალური სტატისტიკით კომერციულ ბანკებს უმოქმედო სესხების მოცულობა შეუმცირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათ ფინანსური პრობლემები არ გააჩნიათ.

მართალია, კომერციულ ბანკებს ფინანსური პრობლემები არ აქვთ,მაგრამ საუბედუროდ ისინი უფრო მეტ ლარს იღებენ ეკონომიკიდან ვალების გასასტუმრებლად. შესაბამისად, მათი მიერ ქართული ეკონომიკის დაკრედიტების შესაძლებლობაც მცირდება.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი კრიტიკულ ნიშნულზე არ არის და ბევრ განვითარებულ ქვეყანას გაცილებით დიდი საგარეო ვალია აქვს. ჯანიაშვილს აღნიშნულის საილუსტრაციოდ იაპონია მოჰყავს და ამბობს, რომ ამ ქვეყნის ვალი მთლიანი შიგა პროდუქტის მოცულობას დაახლოებით ორჯერ აჭარბებს. თუმცა, მეორე საკითხია, რამდენად მყიფეა საქართველოს ეკონომიკა, რომ ასეთი დიდი ოდენობის ვალს (განსაკუთრებით კერძო სექტორმა) გაუძლოს.

“ჩვენი ოდენობის ვალი კატასტროფად არ ითვლება, თუკი ეკონომიკა გაქვს ჯანსაღი და სესხად აღებული თანხის სწორად დაბანდება ხდება. ლარის დევალვაციის გამო, ვალის მომსახურება მკვეთრად გაუძვირდა როგორც მთავრობას, ისე კერძო სექტორს. სამწუხაროა ისიც, რომ კერძო სექტორის ვალი გაცილებით ძვირი და მოკლევადიანია”, – ამბობს მერაბ ჯანიაშვილი.

მთავრობის მიერ აღებული საგარეო ვალის ვადიანობა ზოგ შემთხვევაში 20-30 წელია და საპროცენტო განაკვეთი, საშუალოდ, 1-2%-ია. ბუნებრვია, ქართული კომპანიებს რისკიანობის გათვალისწინებით, ასეთი ხანგრძლივი ვადით ფულს არავინ ასესხებს და თანაც მათთვის საპროცენტო განაკვეთი 5-10%-ის ფარგლებში მერყეობს.

“კერძო სექტორის მიერ აღებული სესხების საპროცენტო განაკვეთი რამდენჯერმე აღემატება მთავრობის მიერ ნასესხი თანხის საპროცენტო განაკვეთს. შესაბამისად, მათ უფრო დიდ რაოდენობის ლარის გადახდა უწევთ და უმცირდებათ შემოსავალი. სამწუხაროდ, ბიზნესმენებს ახალი პროექტების განხორციელება, რეინვესტირება გაუჭირდებათ. ამიტომაც ამ თვალსაზრისით მოგების გადასახადის გაუქმება ძალიან დროული იქნება”, – ამბობს მერაბ ჯანიაშვილი.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აღნიშნავს, რომ საზოგადოება რატომღაც უფრო მეტ ყურადღებას სამთავრობო ვალის მოცულობას აქცევდა და კერძო სექტორის საგარეო ვალდებულება ყურადღების მიღმა რჩებოდა.

“რეალურად სწორედ არასამთავრობო სექტორს აქვს საკმაო დიდი რაოდენობის ვალი. ამასთანვე კერძო სექტორს ეს ვალი სწრაფად გადასახდელი აქვს. საერთო ჯამში, ლარის დევალვაციის პირობებში, საგარეო ვალების მომსახურება ორივე სექტორს ძალიან უძვირდება და მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის ეკონომიკას”, – ამბობს ავთო სილაგაძე.

იგი დასძენს, რომ კომერციულ ბანკებს სესხის დიდი ნაწილი დოლარში აქვთ გაცემული და უკან ისევ დოლარს იბრუნებენ. პრობელმაა ისიც, რომ მომხმარებლის გადახდისუნარიანობა მცირდება და ეს მთლიანობაში, ვალების მომსახურების კუთხით მაინც უქმნის პრობლემას როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორს.

ასე რომ, მოკლევადიან პერიოდში მთავრობის მთავარი საზრუნავი ეროვნული ვალუტის სტაბილურობა და გამყარებაა, რათა ქვეყნის ეკონომიკამ ახალ რეალობასთან ადაპტაცია შეძლოს და განვითარდეს.

გაზეთი ბიზნეს რეზონანსი