რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალება…
,,რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალება რუსულენოვანი არხი კი არა სამი–ოთხი სოლიდური დასავლური ინვესტიცია და უმძიმესი სოციალური პრობლემების მოგვარებაა”
გაიხსნება თუ არა საქართველოში რუსულენოვანი არხი, ამ დროისთვის უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე რამდენჯერმე ისაუბრეს და ამ ინიციატივის ავტორი პაატაზაქარეიშვილია. როგორც ჩანს, მთავრობაშიც რუსული არხის გახსნის მიმართ მზაობა არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ არხზე საუბარს ამდენ დროს არ დაუთმობდნენ ჩასაფრებული ნაციონალების ფონზე, რომლებმაც ჯერ კიდევ 2014 წლის დეკემბერში საქართველოს პროკურატურაში რუსული არხების აკრძალვის მოთხოვნით განცხადება შეიტანეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტი ვაჟა ბერიძე გვესაუბრა.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, „რესპუბლიკელი“ პაატა ზაქარეიშვილი რუსულენოვანი არხის გახსნისინიციატივით გამოდის. მისი მხრიდან ეს დინების საწინააღმდეგოდ ცურვაა, თუ რუსულ–ქართული ურთიერთობისდარეგულირების მცდელობა?
– პირადად მე წინააღმდეგი ვარ, ყოველგვარი ინგლისურენოვანი, თურქულენოვანი, სომხურენოვანი ტელევიზიები ყალიბდებოდეს სახელმწიფოს მიერ. არა მგონია, რომ ჩვენ უნდა წავახალისოთ საქართველოს მოქალაქეების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნა. ერთი მხრივ, როდესაც თითქოს ზრუნავ შენსავე მოქალაქეებზე, რომ მათ არ გაუჭირდეთ ინფორმაციის მიღება, მეორე მხრივ, ამით ახალისებ იმას, რომ ადამიანი ცხოვრობდეს საქართველოში და სახელწიფო ენის სტატუსის მქონე ქართულ ენაზე საუბარი, საქმის წარმოება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა არ შეეძლოს. ამიტომ მე ვფიქრობ, სახელმწიფომ ეს არ უნდა წაახალისოს. მეორე მხრივ, თუკი აღმოჩნდება, რომ ეს სფერო კომერციულად მომგებიანია, კერძო პირებს შეუძლიათ ნებისმიერ ენაზე მაუწყებლობის ორგანიზება. თუმცა, ბუნებრივია, კავშირგაბმულობის მარეგულირებელი კომისია უნდა ახდენდეს მათ ზედამხედველობას, რათა ეს არხები არ იქცეს ჩვენისთანა მცირე ქვეყნისთვის გარკვეული შეხედულების პროპაგანდად, ტოტალიტარიზმის, ფუნდამენტალისტური, აგრესიული, ექსტრემისტული განწყობილების, სეპარატიზმის წამახალისებლად.
მკრეხელობად არ მიმაჩნია, ცალკეულ რეგიონში, სადაც უჭირთ ქართულ ენაზე საუბარი და ურთიერთობა თვითმმართველობით ორგანოებთან, იყოს რუსული არხები, მაგრამ ვიმეორებ, ეს უნდა ეფუძნებოდეს კერძო ინიციატივას და კონტროლდებოდეს შესაბამისი სტრუქტურების მიერ, ამისთვის ჩვენ ფული არ უნდა დავხარჯოთ. პირიქით, ფული უნდა დავხარჯოთ იმაზე, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს სახელმწიფო ენა და ამ ენაზე შეძლოს ურთიერთობა.
თუკი რუსულენოვანი არხი არ გაიხსნება, ეროვნული უმცირესობების უფლებების შეზღუდვაზე ხომ არალაპარაკდებიან ცალკეულ არასამთავრობოები? ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება ისე მოწყობილი, როგორც ირანი, სადაცეთნიკური სიჭრელის მიუხედავად, დე იურედ ეროვნული უმცირესობა არც არსებობს.
– არა მგონია, საქართველოში ეს პრობლემა აქტუალური იყოს, რამდენადაც ტოლერანტული ტრადიციის ქვეყანა ვართ. სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, ორი ავტონომია ჩვენს მიერვეა აღიარებული. სხვათა შორის, ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პროცესი გულისხმობს იმასაც, რომ ევროკავშირის პრინციპებს რეგიონალურ ენებთან მიმართებით ანგარიში გავუწიოთ, რათა რომელიმე ეთნიკური ჯგუფის ენობრივი დისკრიმინაცია არ მოხდეს საქართველოში. თუმცა არც ისეთ უკიდურესობაში უნდა გადავვარდეთ, რომ მეგრული და სვანური ენები რეგიონალურ ენებად დავაფიქსიროთ. ბუნებრივია, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ გვაქვს უზარმაზარი განძი მეგრული და სვანური ენების სახით, ეს ენები უნდა ისწავლებოდეს სკოლებში და შეიძლება ვიფიქროთ მათ განვითარებაზეც, რადგან დიალექტის ფარგლებში შესაძლოა, არც იყო მიზანშეწონილი ფუძე ქართული ენების ჩაკეტვა, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში გასაგები იყო ყველა ქართველისთვის და შემდეგ მოხდა მათი დიფერენციაცია. ამ საგანძურს მოვლა სჭირდება, მაგრამ მათი რეგიონულ ენებად აღიარება და საქმის წარმოება მეგრულ და სვანურ ენებზე, ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით, მიზანშეწონილი არ იქნება. ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი.
უკიდურესობები ჩვენს ერს ახასიათებს. რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, თემურიაკობაშვილი აცხადებდა, რომ რუსული მედია იყო მკვლელობის ალტერნატიული იარაღი საქართველოში.განსაკუთრებით, საუბრობდნენ „რასია 24“-ზე, რომელსაც სიძულვილის ტირაჟირებასა და ანტიქართულპროპაგანდაში ადანაშაულებდნენ.
– აქ რამდენიმე პრობლემაა. ერთი, რას მისცემს რუსულ-ქართულ ურთიერთობებს რუსულენოვანი არხი საქართველოში და, მეორე, უნდა აიკრძალოს თუ არა „მკვლელობის ალტერნატიული იარაღი“ (რუსული მედია) საქართველოში. არა მგონია, რაიმე სერიოზული პოლიტიკური ზეგავლენა მოახდინოს რუსულენოვანი არხის ჩართვამ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, რადგან ჩვენ რაიმე ტიპის პროპაგანდის წარმოებას არ ვაპირებთ ამ არხით. ჩვენ ვაპირებთ იმას, რომ მიუკერძოებელი ინფორმაცია მივიტანოთ რუსულენოვან მოქალაქეებამდე. არ გამოვრიცხავ, ეს არხი რუსული პროპაგანდის საპირწონე იყოს, მაგრამ ამითაც ბევრი არაფერი შეიცვლება, რადგან ახლა ინტერნეტის საუკუნეა. დავუშვათ, ავკრძალეთ რუსული არხები, ამის მერე შეიძლება ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს ფუნდამენტალური წყაროები და მათი ვებგვერდები, ისინიც გავთიშოთ და უშედეგო, არაფრისმომცემ ნაბიჯებამდე დავიდეთ.
ჩვენ ვიცხოვრეთ საბჭოთა კავშირში, რომელსაც ჰქონდა კარგად აწყობილი ტოტალიტარული პროპაგანდისტული მანქანა და ყველა ტელეარხიდან და გაზეთიდან უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა გარკვეული შინაარსის ინფორმაცია, ანალიზი, შეხედულებები. თუმცა საბჭოთა კავშირმა და მისმა შემადგენელმა ერებმა ერთ მშვენიერ დღეს თქვეს „არა“ და დაიწყო ეროვნული მოძრაობა, საბჭოეთი იქცა ნაცარტუტად, ის უკვე შევიდა კრიზისსა და ჩიხში, როგორც პოლიტიკური, ისე მსოფლმხედველობრივი, იდეოლოგიური და ეკონომიკური თვალსაზრისით. დასავლური ხედვის დახშობამ და ე.წ. საბჭოთა ხალხების „დაცვამ“ ვერ უშველა იმ სისტემას. ახლაც ასეა. რუსული არხები თუ ავკრძალეთ, ის იდეები გაქრება? ნუთუ ჩვენ ხალხს აღვიქვამთ, როგორც ნახირს, რომელიც ვერ გაარჩევს სიმართლეს პროპაგანდისგან? მით უმეტეს, ვერ გაარჩევს სიმართლეს რუსული პროპაგანდისგან, რომელიც ხალხს ისევ იმ საბჭოთა კავშირს აგონებს, სადაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ იყვნენ. თუმცა, სიმართლეს თუ ვიტყვით, იქაც ძალზე ცუდ მდგომარეობაში იყო ხალხი სოციალური თვალსაზარისით, განსაკუთრებით, ზეკრიზისში როცა შევიდა ის ქვეყანა, 70-იანი წლების ბოლოდან. ამიტომ მივცეთ ხალხს საშუალება, შეაჯერონ თვალსაზრისი, ნუ შეგვეშინდება რომელიმე პროპაგანდისტული არხის.
მაგალითად, „ისლამურ სახელმწიფოსა“ და მის პრინციპებთან დაკავშირებით საქართველოში სწორი მიდგომა მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც ერთ-ერთი ქართველის მოწოდება გავრცელდა საინფორმაციო სივრცეში, რომლის აკრძალვასაც დასავლური ფონდების მიერ დაფინანსებული არასამთავრობოები ითხოვდნენ. მერე გაქრა სივრციდან ის მიმართვა, მაგრამ იმ მიმართვამ ქართულ საზოგადოებას თვალნათლივ დაანახა, რასთან გვქონდა საქმე „ისლამური სახელმწიფოსა“ და მის მიერ გადაბირებული საქართველოს მოქალაქეების სახით. ასევეა რუსების შემთხვევაშიც, რომლებიც კარავს გარს ურბენენ, კარავში მყოფებმა კი არ იციან, როდის შემოუვარდებიან. ამიტომ სჯობს, გაიხედონ ამ კარვიდან და გაიგონ, როდის და საიდან აპირებს მოწინააღმდეგე შემოვარდნას. თორემ დავახშოთ ეს არხები, რკინის ფარდა მაინც აღარ არსებობს, ჩვენს მოქალაქეებს მაინც ვერ დავიცავთ და ისინი გავარდებიან ან თურქეთში პლანტაციებში შავ მუშებად, ან რუსეთში ორი კაპიკის საშოვნელად და იმავე პროპაგანდას იქვე მოუსმენენ.
საქართველოს 800 ათასი მოქალაქე, ფაქტობრივად, მოწყვეტილია ქართულ სინამდვილეს და აკრძალული აქვს არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ კი თავისუფალი სივრცის ნაწილი გავხდებით და აქ მოსახლეობისა და მუშახელის ნაკლებობობა თუ იქნება, ამას ოპერატიულად შეავსებენ ჩვენთვის საყვარელი ჩინელები, პაკისტანელები, ბანგლადეშელები. ბოლოს და ბოლოს, სახელწიფო ჩვენი მოქალაქეების ერთობაა, ამ ეტაპზე 4 მილიონის ერთობა და მიმაჩნია, რომ რუსულ პროპაგანდაზე არანაკლები საფრთხეა ჩვენი უპერსპექტივო სოციალური ვითარება. სჯობს, დასავლეთი ამაში დაგვეხმაროს და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთვის გამოყოფილ ძალიან დიდ თანხას ერთი-ორი ან სამი სერიოზული დასავლური ინვესტიციაც მოჰყვეს საქართველოში.
25 წელია, ჩვენი ქვეყანა სიღარიბეშია, დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში ელემენტარული სოციალური მოთხოვნილებები ვერ დაუკმაყოფილებია. ამიტომ სოციალურ პრობლემებს მოუარონ. ეს იქნება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე კარგი საშუალება.
for.ge