06/05/2024
Latest:
საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი უაზრო ქმედებებით ძალიან დაეხმარა რუსეთს ოკუპაციაში

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი უაზრო ქმედებებით ძალიან დაეხმარა რუსეთს ოკუპაციაში.

ივანიშვილის აზრით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის და არ წამოეგოს პროვოკაციებს. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების აღმართვის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.

„კიდევ ახალი პროვოკაცია მივიღეთ აღმაშფოთებელი, რაზეც მე, როგორც ვადევნებ თვალს, სახელმწიფო მოხელეებმა ყველამ ჯანსაღი რეაქცია გააკეთეს. ეს უნდა გავაგრძელოთ. „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი ლიდერის გაუგებარი ქმედებების შედეგი იყო ის, რაც მივიღეთ, მათ რიცხვში ოკუპირებული ტერიტორიები. ისინი ძალიან დაეხმარნენ რუსეთს, რომ განეხორციელებინა ის, რაც განახორციელა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მხოლოდ მშვიდობიანი გზით და არ წამოვეგოთ პროვოკაციებზე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, უნდა მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება. ივანიშვილის თქმით, პრობლემის გადაწყვეტას სჭირდება დიდი მოთმინება, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნის აშენება და დრო, იმისთვის, რომ აფხაზებმა საქართველოს შემადგენლობაში ცხოვრება გადაწყვიტონ.