08/05/2024
Latest:
საზოგადოება

NDI-ს 5-ანი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ, როგორც მოსალოდნელი იყო დიდი აჟიოტაჟი შექმნა. ფაქტია, რომ კვლევა საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი იარაღი უფროა, ვიდრე საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგების გაანალიზებისას 5-მა საკითხმა მიიქცია ყურადღება.

  1. „შერჩევის ცდომილება“

2015 წლიდან NDI-ს მიერ ჩატარებულ 4 კვლევაში შერჩევის ცდომილებამ იმერყევა 1,6%-დან 3,1%-მდე. საინტერესოა რატომ, როცა შერჩევის სპეციალისტმა ველი ისე უნდა დაგეგმოს, რომ ცდომილება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. გასული წლის აპრილში გამოკითხულთა რაოდენობა შეადგენდა 4 360 რესპონდენტს, სადაც ცდომილების კოეფიციენტი შეადგენდა +/- 2,3%-ს. აგვისტოში გამოიკითხა 4 448 და ცდომილება იყო 3.1%. ნოემბრის მონაცემებით როდესაც რესპონდენტთა რაოდენობა თითქმის 2,5-ჯერ შემცირდა და 1881 რესპონდენტი იღებდა კვლევაში მონაწილეობას, ცდომილება შემცირდა და როგორც NDI ამბობს შედგინა 1,8%, ხოლო მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, სადაც გამოკითხულთა რაოდენობა ნოემბერთან შედარებით გაორმაგდა და 3900 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილება +/- 1,6%-ით განისაზღვრა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საველე სამუშაობის შემსრულებელი კომპანია სულ მცირე არაკომპეტენტურია.

  1. „რუსთავი 2“ და „მაესტრო“

გასული წლის ნოემბერში NDI-მ მოსახლეობას კითხვა დაუსვა „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც შეეცადა დაედგინა პოლიტიზირებულად თვლიდა თუ არა საქართველოს მოსახლეობა ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ორგანიზაციამ ეს საკითხის აქტუალურობით ახსნა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „მაესტროსთან“ დაკავშირებული მოვლენები ველის (გამოკითხვის) დაწყებამდე 20 დღით ადრე დაიწყო, მკვლევარებს არ ჩაუთვლიათ საჭიროდ ამ საკითხის საზოგადოების სამსჯავროზე გატანა აუცილებლობად. რატომ ჩაითვალა „რუსთავი 2“ მნიშველოვნად და „მაესტრო“ უმნიშვნელოდ გაუგებარია. დავა მეწილეებს შორის მიდიოდა ორივე შემთხვევაში და ორივე შემთხვევაში მუსირებდა მოსაზრება, რომ შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ხელისუფლებას. მიუხედავად ამისა, „მაესტროს“ შესახებ მოსალეობისთვის არაფერი უკითხავთ.

  1. გამქრალი ნოემბერი

„როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო?“ – ამ შეკითხვაზე საქართველოს მოსახლეობის აზრი NDI-მ არ ასახა ბოლო კვლევაში და თქვა, რომ მათი რაოდენობა ვინც თვლის, რომ „საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება“ იკლებს, ხოლო მათი რაოდენობა ვინც თვლის, რომ „საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება“ – იმატებს. ეს მართლაც ასეა 2015 წლის აპრილთან შედარებით, მაგრამ საპირისპირო ვითარებაა 2015 წლის ნოემბერთან შედარებით. ნოემბერში მოსახლეობის 19% თვლიდა, რომ „საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება“, ხოლო 2016 მარტში ეს მაჩვენებელი 1% გაიზარდა და 20% შეადგინა. ამავე საანგარიშო პერიოდში ანტიგანწყობებმაც იკლო და მათი რაოდენობა ვინც თვლიდა, რომ „საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება“ 44%-დან 39%-მდე შემცირდა. აქვე მნიშნელოვანია ითქვას, რომ შედეგების პრეზენტაცია სწორედ ამ საკითხით დაიწყო და პირველი, რაც NDI-მ გააჟღერა იყო სწორედ ქვეყნის განვითარების არასწორი განვითარების ზრდის ტენდენცია.

  1. Exit-poll = NDI

რაც დრო გადის „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი NDI კვლევებში სულ უფრო უახლოვდება ერთმანეთს. ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემები 2012 წლის ეგზიტპოლის შედეგებს გვახსენებს. მაშინ ეგზიტპოლს 4 ორგანიზაცია ატარებდა და ერთ-ერთი „GfK“ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დაკვეთით მუშაობდა. სწორედ „GfK“-ს 20:00 საათის მონაცემებით, როცა უბნები დაიხურა „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმა მისცა ამომრჩეველთა 30%-მა, ხოლო ქართულ ოცნებას – 35%-მა. ამავე ორგანიზაციამ საბოლოო მონაცემები 23:00 საათზე გაასაჯაროვა და ამ ორი პოლიტიკური ძალის პროცენტები ერთმანეთს გაუტოლდა და მათ 33-33% ერგოთ. NDI-ს ბოლო მონაცემებით „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს 15%, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ – 13%. ალბათ NDI-ს GfKზაციასთან გავქვს საქმე.

  1. Q57-58 დილება

NDI-მ პოლიტიკოსების მოწონება/არ მოწონების რეიტინგებიც გამოაქვეყნა, რომელსაც ასევე დიდი ყურადღება დაეთმო როგორც პოლიტიკურ, ასევე საექსპერტო წრეებში. აქ დავით ბაქრაძის პირველი ადგილი იმდენად საინტერესო არ არის, რამდენადაც ნათელაშვილის მეოთხე. ქვეყნის მთავარი ლეიბორისტი უფრო რეიტინგული აღმოჩნდა ვიდრე დავით სერგეენკო, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი და დავით უსუფაშვილი, იმის გათვალისწიინებით, რომ ამ უკანასკნელთა საქმიანობას ამავე კვლევაში რესპონდენტები ყველაზე დადებითად აფასებენ. ე.ი. დავით ბაქრაძის გარდა, რომელიც დადებითად შეფასდა სხვა აქ ჩამოთვლილ პირებთან ერთად, რატომღაც 57-ე შეკითხვაში არავის გახსენებია.

და მაინც, რატომ არ აღმოჩნდა პოლიტიკოსების სიმპათია/ანტიპათიაზე დასმული შეკითხვა კვლევის პოლიტიკური ნაწილის ერთიან ანგარიშში? იმიტომ ხომ არა რომ კითხვა N58, რომელიც პოლიტიკოსების ანტირეიტინგს ასახავს მოხვდა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი?!