02/05/2024
Latest:
ეკონომიკა

აფბა: 2016 წელს დსთ-სთან საგარეო ვაჭრობა შემცირდა, ხოლო ევროკავშირთან გაიზარდა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია-აფბა“, საქართველოს საგარეო ვაჭრობის იანვარ-მარტის მონაცემებს აფასებს. ორგანიზაციის ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი იმ ფაქტორებს ასახელებს, რამაც გამოიწვია პირველ კვარტალში მონაცემების შემცირება. „2016 წლის პირველ კვარტალში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 2,145 მლრდ დოლარი შეადგინა. რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 7%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი შემცირებულია 12%-ით, ხოლო იმპორტი 5%-ით. თუ გადავხედავთ საგარეო ვაჭრობის დინამიკას, ქვეყნების ჯგუფების მიხედვით ნათლად დავინახავთ იმ ფაქტორებს რაც პირდაპირ მოქმედებს ქვეყნის იმპორტ-ექსპორტის მოცულობაზე. დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-მარტში 574 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა რაც 15%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქმე იმაშია, რომ სწორედ დსთ, ანუ ჩვენი რეგიონის ქვეყნებში, გასულ წელს იყო სერიოზული სავალუტო და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 2016 წელსაც გრძელდება. უფრო კონკრეტულად კი, ნავთობზე დაბალი ფასები კვლავ ნარჩუნდება, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის რუსეთშსა და აზერბაიჯანის ეკონომიკებს. პრაქტიკულად საომარ მდგომარეობაში აგრძელებს ცხოვრებას უკრაინა რაც მის ეკონომიკას ყოველდღიურად ასუსტებს. სწორედ ეს არის ის მთავარი ფაქტორები რამაც რეგიონის ქვეყნებთან გააუარესა საგარეო ვაჭრობის მონაცემები.

დსთ–გან მკვეთრად განსხვავებული სურათი გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის კუთხით. კონკრეტულად კი 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 712 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია. ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ ევროკავშირს ნაკლებად შეეხეო ის ეკონომიკური პრობლემები, რომელიც ჩვენი რეგიონის ქვეყნებს უდგათ წინ.

რაც შეეხება იმპორტს, იმპორტის მოცულობის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ავტომობილების იმპორტის შემცირებამ. რომელიც თავის მხრივ რეექსპორტზე გადიოდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახა საერთო იმპორტის მოცულობაზე.“ ანალიტიკოსმა ასევე სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ბაზრების დივერსიფიცირება.

„თუ გადავხედავთ ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ბოლო წლების მონაცემებს, დავინახავთ, რომ ამ კუთხით ათეულში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გვაქვს. შესაბამისად იმპორტ-ექსპორტის წახალისებისა და საგარეო ვაჭრობის მოცულობის გაზრდის კუთხით დადებითად იმუშავებს ახალი ბაზრების ათვისება და ბაზრების დივერსიფიცირება. ამ მიმართულებით დადებითად უნდა იმუშაოს ჩინეთსა და საქართველოს შორსი გაფორმებულმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ.

ასევე აღსანიშნავია, საქართველოს ეკონომიკის სეზონურობაც. იმდენად რამდენადაც ჩვენი ექსპორტი მეტ-ნაკლებად, არის სეზონური და ზაფხულის მოახლოებასთან ერთად უფრო აქტიურდება. მაგალითისთვის 2015 წლის იანვარში ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 156 460.8 დოლარი ხოლო ამავე წლის ივნისის თვეში 198 597.3 დოლარი. შესაბამისად ზაფხულის პერიოდში საგარეო ვაჭრობის ბრუნვის ზრდას უნდა ველოდოთ.“