18/05/2024
Latest:
საზოგადოება

პოპულიზმი ადგილს პრაგმატიზმს უთმობს

 

ბექა ციხისელის ბლოგი

 

ირანიციონალური და მეტაფიზიკური საქართველო, დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე გაბატონებული ტენდენცია აღმოჩნდა პოლიტიკურ აზროვნებაში. დინების საწინააღმდეგოდ მცურავი ქვეყანა წარმოსახვითი რეალობის ტყვეობაში მოექცა. სამოქალაქო ომის ალში გახვეულ საქართველოში ჩამოსულმა შევარდნაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას თქვა “ეკონომიკაა მთავარიო” – რუსული აქცენტით და დარბაზმა მყისიერად დაუსტვინა. თუმცა, ამით ნათქვამის ჭეშმარიტება არ აორთქლებულა – ეკონომიკა მთავარი აღმოჩნდა, არადა ცენტრალიზებული, საგეგმო, ინტეგრაციისა და კოოპერაციის განსაკუთრებით მაღალი დონის პირობებში ფუნქციონირებადი სოციალისტური ეკონომიკა მის ერთ-ერთ რესპუბლიკას – საქართველოს არანაირ შანსს არ აძლევდა დამოუკიდებელი, გამართულად ფუნქციონირებადი ეკონომიკა ჰქონოდა.

 

ქუთაისში რომ ,,კოლხიდა” იწყობოდა, მისი ერთი ჭანჭიკიც კი არ იწარმოებოდა საქართველოში. სხვა რესპუბლიკებიდან შემოდიოდა, მაგალითად, რუსთავის მეტალურგიული ქარხნისთვის აუცილებელი წიაღისეული და ნედლეული.

 

თუმცა, საქართველოშიც იწარმოებოდა რაღაც, რაც სხვა მოკავშირე რესპუბლიკებში გადიოდა მარაგნაწილების სახით. ძირითადად ამის გამო და არამარტო, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მოკლე დროში საბჭოთა საქართველოს ეკონომიკამ სრული კრახი განიცადა. ჩვენ ეკონომიკის გარეშე დავრჩით, ანუ ჩვენს დამოუკიდებლობას შესაბამისი და აუცილებელი საყრდენი – ეკონომიკა არ აღმოაჩნდა.

 

ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ეს თემა დღესაც აქტუალურია. მესიებისა და მხსნელების, მამა-მარჩენალების მძებნელი ქვეყანა ძირითადად პოპულისტებს ირჩევს, ან პოპულისტებს მიჰყვება, რომლებიც გაყალბებული არჩევნების შედეგად მოდიან ხელისუფლებაში.

 

ამიტომ სააკაშვილის ხელისუფლებისთვის მთავარი იყო პენსიების მცირედით, მაგრამ სისტემატური მომატება, რაც, საბოლოო ჯამში, პენსიის მსყიდველობით უნარს არ ზრდიდა, მაგრამ კარგად აწყობილი და დაფინანსებული პიარ-მანქანა ხალხზე ზრუნვის ილუზიას რეალობად წარმოაჩენდა.

 

“ქართული ოცნების” მთავრობა ამ გზით არ წავიდა. მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონი გამოყო და გადაუდებელი დახმარება, ოპერაცია და ა.შ. თითოეული მოქალაქისთვის მისაწვდომი გახადა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რომ არ დაეფინანსებინა, ახალ მთავრობას თანდათანობით პენსიის 200 ლარამდე გაზრდა შეეძლო იმ თანხით. თანხით, რომლითაც სასიცოცხლო საფრთხის წინაშე მდგარ მოქალაქეებს დღეს სახელმწიფო გულის შუნტირებისა თუ სტენდირების ხუთიათასიან და ათიათასიან ოპერაციებს უფინანსებს. მაგრამ ვინაა განმკითხავი? ვინაა ამის ამხსნელი ქართული საზოგადოებისთვის?

 

დღევანდელი მთავრობა არ არის ვოლუნტარისტული. ის არ მოითხოვს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების გახარჯვას ლარის დევალვაციის თავიდან ასაცილებლად, რადგან იცის, რომ ეს შეუძლებელია. თუმცა, ეროვნული ბანკის ნაციონალი პრეზიდენტისგან ითხოვს საამისოდ იმდენის დახარჯვას, რომ დოლარის გამყარებითა და ძირითადად  სხვა საგარეო ფაქტორებით გამოწვეული ლარის გაუფასურება მყისიერი არ იყოს და ხალხის მდგომარეობაზე კატასტროფულად არ აისახოს. მაგრამ ასანთით ხელში, თივის ზვინზე მჯდომი ქადაგიძე მაინც თავისას მიერეკება…

 

ამ დროს, როგორც ბოლო ხანს ყოველთვის, არენაზე გამოდის პრეზიდენტი მარგველაშვილი. ამჯერად იგი კანონშემოქმედებით საქმიანობას მიჰყოფს ხელს და კანონპროექტს ამზადებს ეროვნული ბანკიდან ბანკების ზედამხედველობის გამოყოფის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული და მისთვის ხელმოსაწერად წარდგენილი კანონის საპირწონედ.

 

აქაც იგივე პოპულიზმი გამოსჭვივის, ხალხისა და ჩვენი დასავლეთელი პარტნიორების თავმოსაწონებლად – მარგველაშვილი ხომ ალასანიას დაჯგუფებასთან ერთად დასავლეთის მიერ (და არა ქართული საზოგადოების მიერ) ნაციონალების ალტერნატივად განიხილება.

 

რა უნდა ქნას “ქართული ოცნების” მთავრობამ? ნებისმიერ ფასად ლარის სტაბილურობა შეინარჩუნოს და არ დაუშვას დენის ტარიფის გაზრდა. მაგრამ ეს ყველაფერი ხომ, ობიექტური კანონზომიერებებით, გარდუვალია?! ამიტომ, მთავრობა არ მიდის გლობალური და კონკრეტული კანონზომიერებების წინააღმდეგ და საკმაოდ სარისკო ნაბიჯს დგამს: დენზე ტარიფს ზრდის.

 

სწორედ ეს არის პოპულიზმისა და სოციალური დემაგოგიის პოლიტიკიდან პრაგმატულ პოლიტიკაზე გადასვლის ნიშანი. საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს ეკონომიკური თვალსაზრისით ამ ნაბიჯის გარდუვალობა და დემაგოგებს, რომლებსაც საინფორმაციო სივრცე, “ნაციონალების” ტელევიზიის და პატარკაციშვილების ოჯახის ტელევიზიის – “იმედის” ეთერი მონოპოლიზებული აქვთ, არ მისცეს ხალხის გამოთაყვანების საშუალება.

 

ჩვენმა საზოგადოებამ, ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ბევრი რამ ისწავლა, სათანადო დასკვნები გააკეთა, იმედია ეს საზოგადოება პოპულისტებს და დემაგოგებს არ მისცემს მათი ნებით მანიპულირების საშუალებას და ქვეყნის განვითარების რეალისტურ გეზს დაუჭერს მხარს, აღარ გაყვება დემაგოგებს და მაშინ საქმის გამკეთებელ ხალხსაც აღარ დასჭირდება საარჩევნო კამპანიისას არარეალური დაპირებებისა და ინდულგენციების გაცემა.

 

 

მარგველაშვილი ცდილობს ეროვნული ბანკი ,,ნაციონალებისგან” გადაიბაროს

 

საყოველთაო კენჭისყრის გზით არჩეული პრეზიდენტს, ბუნებრივია, აქვს გარკვეული დაწერილი თუ დაუწერელი უპირატესობები, დაუწერელი და გაუწერელი თუნდაც კონსტიტუციაში. იყოს ეს, დავუშვათ, ნაყოფიერი კანონშემოქმედებაც. მაგრამ, როცა ვეტოს ნაცვლად კანონპროექტის წერას იწყებს, საზოგადოება დაბნეულია და ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს, ვისი ხათრითაც მარგველაშვილს ხმა მისცა.

 

ეს ყველაფერი პოლიტიკური პროცესის ჩარჩოში ჩაჯდებოდა, რომ არა აღნიშნული მანევრების პოლიტიკური საფანელი. დღეს ეროვნული ბანკი ისევ მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალების” კონტროლქვეშაა. ამით ამერიკელი მეთვალყურეები მშვიდად არიან – ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ,,ნაციონალების” ბიზნეს-ინტერესებს და მათ მიერ ზურგგამაგრებულ ფენას კი მოემსახურება, მაგრამ რუსულ პოლიტიკურ-ფინანსურ ექსპანსიას მაინც აღუდგებაო წინ. ასე ვარაუდობენ. მათ არ ადარდებთ სააკაშვილისა და ძმათა მისთა ინტერესები “საქართველოს ბანკში”, რომლის მეპატრონეთა ვინაობა შორეულ ოფშორებში იკარგება და რომელთა უკანაც ქართველი ექსპერტები “ნაციონალებს” მოიაზრებენ. ასეთ შემთხვევაში მარგველაშვილი ცდილობს ეროვნული ბანკი “ნაციონალებისგან” გადაიბაროს. ამ მხრივ სქემაც აპრობირებული აქვს. შერჩეული არასამთავრობოებისა და სასურველი ექსპერტების ფონად გამოყენება მისთვის მისაღები ვარიანტის გასატანად.

როგორც ეს მოხდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად გიორგი ყაველაშვილის წარდგენის დროს. არასამთავრობოებმა ცნობილი ეკონომისტები და ფინანსისტები ლევან კალანდაძე, ემზარ ჯგერენაია და მერაბ კაკულია დაასახელეს, პრეზიდენტმა კი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი გიორგი ყაველაშვილი წარადგინა, რომელსაც ეროვნული ბანკის წევრად არჩევის შემდეგ ერთი საჯარო განცხადებაც კი არ გაუკეთებია, მათ შორის, ლარის დევალვაციის საკითხთან დაკავშირებით.

 

 

“ამ ჩემს პანორამას”, ანუ ბილწსიტყვაობა ქუჩის პოლიტიკაში

 

ერთ დროს მთაწმინდა ხრიოკი იყო. იქ არც მწვანე საფარი არსებობდა, ფერდობზე და არც ფუნიკულიორი – დღევანდელი თბილისის ერთ-ერთი სიმბოლო და ღირსშესანიშნაობა. აღმოსავლეთისკენ დაძრულს, თუ ავლაბრიდან გაიხედავ, თვალში გეცემა სოლოლაკიდან გაყოლებაზე ქალაქზე წამომდგარი მრუმე ხრიოკი დამრეცი კალთა. აქ ერთი ნაწილის გაკეთილშობილებაზე დაიწყო ფიქრი მან, ვისაც შეუძლია საქმეში ნახევარი მილიარდის ჩადება. გარდა იმისა, რომ გააკეთილშობილებს მიდამოს, რას დაუშავებს სოლოლაკს და ძველ თბილისს წარმოუდგენელია. ნაცები და მათი იდეური მოკავშირეები, ზოგი გულუბრყვილო ძე შეცთომილი ისტერიკაშია. ოღონდ უარი ათქმევინონ ნახევარდ მილიარდიან ინვესტიციაზე ივანიშვილს და მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ.

 

ფალოსის ქართული შესატყვისის წარწერებით ხელში ჩიტირეკიები, ნებსით თუ უნებლიედ დათვურ სამსახურს უწევენ ქალაქს და ქვყანას. დასაჯეს რა ბილწსიტყვაობისთვის, ანგლობენ: ამ ჩემს ფალოსს, ანუ ამ ჩემს პანორამასო.

 

კი ბატონო! უყურეთ ქალაქზე წამომდგარ ხრიოკ ციცაბოს და დატკბით. უფრო მეტიც, იქნებ ფუნიკულიორიც დაგვენგრია და ფერდობზე გაშენებული მწვანე საფარიც გადაგვეწვა…

 

,,პანორამა თბილისი” უნდა განხორციელდეს. საზოგადოება არ შედგება მხოლოდ შარახვეტიებისა და ანგაჟირებული სუბიექტებისგან. ვინც ხმამაღლა ყვირის, ის ყოველთვის მართალი როდია. მივცეთ ამ კაცს (ივანიშვილს ვგულისხმობ) კეთილი საქმის გაკეთების საშუალება, რომელიც საშვილიშვილო საქმედ დარჩება.

 

დღეს მუშტაიდის ვინაობა არავინ იცის, მაგრამ  მის მიერ გაშენებული ბაღი კვლავაც არსებობს. მივცეთ ივანიშვილს საშუალება, რომ სოლოლაკის ქედი გაალამაზოს და კეთილმოაწყოს. კი იქნება ეს მისი კოშკის მიმდებარე ტერიტორიის გალამაზება, მაგრამ განა თბილისსაც არ წაადგება? რაც შეეხება პროექტის მიმართ შენიშვნებს, ბუნებრივია, მისი საფუძვლიანი განხილვა უნდა მოხდეს, უწინარეს ყოვლისა, ექსპერტების და სპეციალისტების მიერ.