14/05/2024
Latest:
საზოგადოება

ნიკო ლეკიშვილი: რაიონიდან ჩამოსულმა ხალხმა შექმნა თბილისი

პალიტრა TV-ის გადაცემაში “ფალავადიშვილთან” თბილისზე ისაუბრა ნიკო ლეკიშვილმა.

“მე სულ ვფიქრობ იმაზე, რომ თბილისში “კაი გამარჯობა” დაიკარგა”, – აღნიშნა თბილისის ყოფილმა მერმა. მან თბილისური ურთიერთობები განმარტა და განაცხადა, რომ დღევანდელი თბილისი, თბილისური ურთიერთობები და ტრადიციები რაიონებიდან ჩამოსულმა ადამიანებმა შექმნეს.

– მე სულ ვფიქრობ იმაზე, თუ რა მოხდა, რა შეიცვალა. კარგი გამარჯობა დაიკარგა, კარგი სალამი დაიკარგა, სხვათაშორის. ძალიან მომღერალი თბილისი იყო. გამოღებული ფანჯრებიდან სულ ისმოდა სიმღერები. დღე ისმოდა მუსიკის ხმა, ფორტეპიანოზე უკრავდნენ ბავშვები, რაღაც სხვანაირი იყო. მახსოვს, სულ პატარა რომ ვიყავი, ჩემი სახლიდან ფეხით დავდიოდი სკოლაში და უნდა ჩამოსულიყავი კარგარეთელის ქუჩაზე, მერე პლეხანოვზე, მერე ქვევით და მთელი გზა მივდიოდი რაღაც არაჩვეულებრივ ატმოსფეროში. მაშინ მოდაში იყო პირველ–მეორე სართულებზე გამოაღებდნენ ფანჯრებს, ყვავილებს რწყავდნენ, რაღაცებს წმენდნენ და გამარჯობით, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეთი ჩავდიოდი. ეხლა ეს ფანჯრები არის დაკეტილი. ეტყობა ეს ურთიერთობები ამ დაკეტილ ფანჯრებში დაიკარგა, ასეთი განცდა მაქვს.  მუხრანს აქვს ერთი ასეთი ლექსი:

დღეს, რანაირი, მეგობარო, დროა ხო იცი,

დრო არ გეგონოს პაწკასი და ვახტანგ ჭყოიძის.

მოკვდა ვერაზე შავგულიძის დგომა დოინჯით

და მიხვრა–მოხვრა ვალიკოსი მოკვდა დოლიძის.

და ჯოხით ხელში სიარული მელიტონიჩის.

დღეს, მეგობარო როგორია ეს დრო ხო იცი!

აი, ეს ვინც ჩამოთვალე ყველა იყვნენ ზოგი ქუთაისიდან, ზოგი რაჭიდან, ზესტაფონიდან და ასე შემდეგ. ჩვენ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ თბილისი არის ის ფენომენი, რომელიც ფაქტიურად აი ამ ხალხის შექმნილია. გრიგოლ რობაქიძე წერს, რომ ერთ კვირაში დაიცალა ქუთაისიო. მთელი ქუთაისი უცბათ ჩამოვიდა თბილისში და იმათ შექმნეს ეს ქალაქი.

1913 წელს, როდეს ჩატარდა აღწერა, თბილისში  მოსახლეობის 17% იყო ქართველი. მერე როდესაც საქართველო–სომხეთის ომი მოხდა, მაშინ სომხების ძალიან დიდი ნაწილი გავიდა და ქალაქი დარჩა ცარიელი. როდესაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ინტელიგენციამ ჩათვალა საჭიროდ ჩამოსულიყვნენ და მიხმარებოდნენ ქვეყანას. მტელი ინტელიგენცია აქ ჩამოვიდა და ფაქტიურად ამათ შექმნეს თბილის. ეს ტრადიციები, ურთიერთობები, ყველაფერი, რაზეც ვლაპარაკობთ ჩვენ, არავის არ დაუწერია, ბრძანება არ გამოუცია რომ მეზობელს მეზობელი არ უნდა უყვარდეს. რაიონიდან ჩამოსულმა ხალხმა შექმნა ეს ტრადიცია, რასაც საბოლოო ჯამში ჰქვია თბილისი  – აღნიშნა ნიკო ლეკიშვილმა.

ბაჩო ჯინჭარაძე