08/05/2024
Latest:
საზოგადოება

ოფშორების ბერმუდი და NDI-ს ზღაპრები

ნაციონალური მედიის ბრწყინვალება და სინაზე

ოფშორულმა ორომტრიალმა შეძრა პლანეტა. დამოკლეს მახვილი უხილავ ხელს მოწყდა და მსოფლიოს ფინანსური მაგნატები შეჟრჟოლა. ვის არ შეეხო ეს გლობალური ტექტონური ძვრა, რომელსაც, შესაძლოა ამასწინანდელი ორი მეგა პლიტის შეჯახებისგან წარმოშობილ ცუნამზე დიდი ტალღა მოჰყვეს, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ და პოლიტიკურ ელიტებს წარეცხავს. რა იყო ეს, ა? ვინ გააფრთხილეს და რატომ. ვის არ შეეხო ეს მძვინვარე, ჯერ კიდევ ვირტუალური კატასტროფა. იგი ხომ ყველას და ყველაფერს მოიცავს, HSBC-დან დაწყებული, კემერონით დამთავრებული. ჩვენ, რიგით მოკვდავებს, სხვა არაფერი დაგვრჩენია, თუ არა შევნიშნოთ, რომ ჯერ ამერიკისა და კანადის მოქალაქეებზე – კომპანიებსა და პოლიტიკოსებზე, არაფერი გამოქვეყნებულა, არადა, სწორედ ისინი დომინირებდნენ ათწლეულების განმავლობაში, იმ სივრცეში, რასაც ოფშორული სამოთხე წარმოადგენდა. ცხადია, ვინც აკონტროლებს მსოფლიო საფინანსო სისტემას, იმათ კი მკაფიო გზავნილით მიმართეს მეტისმეტად გალაღებულებსა და გათავხედებულებს. პოროშჩენკოს, რომელიც არ ასრულებს სათანადოდ მითითებებს და დასავლურ დახმარებას ანიავებს, ან უბრალოდ არ აწვდიან, რადგან ყველაფერი კორუფციულ სქემებში ჩაიკარგება, პუტინს, რომელიც „ახალ მსოფლიო წერიგს“ ანგრევს, რომელიც ჯერ არ ჩამოყალიბებულა და ისევ რუსეთის მსოფლიო პოლიტიკურ ელიტაში დაბრუნებას ცდილობს, კემერონი, რომელმაც ბრიტანეთის ევროკავშირში ყოფნა სასწორზე შეადგო და რეფერენდუმი დანიშნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ჩვენი მედიის თავისუფალი ვარდნა
მედიის თავისუფლების ხარისხი გაიზარდა, მაგრამ მათი დამოკიდებულება პოლიტიკურ პარტიებსა და ბიზნეს-კლანებზე გაიზარდა. ჩვენს სინამდვილეში გაჩნდა პარტიული ტელევიზიები, ბიზნესმენები კი თავიანთი ინტერესების ლობირებისას, ივანიშვილთან და მთავრობასთან ვაჭრობისას ტელევიზიებს იყენებენ.

ამიტომ დაიწყო მედიის, განსაკუთრებით ტელემედიის თავისუფალი ვარდნა მეპატრონეების უკანონო ინტერესების უფსკრულში.

გასაოცარი იყოს ქართული მედიის ლიდერების მეტამორფოზა ოფშორების თემასთან მიმართებაში. ნაციონალურ მედიას ჯერ გაუხარდა, იქ, სადღაც ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი რომ გამოჩნდა, მაგრამ ენთუზიაზმი სწრაფად განელდა – აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს პირადობის მოწმობის დაგვიანებით წარდგენისთვის 20 ათას დოლარამდე ჯარიმა ერგება, ხოლო კომპანია, რომელიც მას თითქოსდა არ მოუხსენიებია პრემიერობისას დეკლარაციაში, მისი კუთვნილი კომპანიის შვილობილია მხოლოდ და მაშინ არის დაფუძნებული, როცა ივანიშვილი თავის აქტივებს თვითონ არ მართავდა. ყოველ შემთხვევაში, დღემდე მეტი არაფერია. მერე ამ „პანამის ქაღალდებში“ კეზერაშვილის – სააკაშვილის ხაზინადარის გვარმაც გაიჟღერა და მავანნი გონს მოეგენ – ნაციონალების ადრე კუთვნილი და დღემდე კონტროლირებადი ყველა ბიზნესი ხომ ოფშორებში იყო რეგისტრირებული? ჰოდა, გაჩუმდნენ. ახლა ამერიკელ სუფლიორებს შესცქერიან და მესიჯებს ელიან, ეს ჩვენი მარადიული თუთიყუშები.

მოდით, ცოტა ხნით დავივიწყოთ ოფშორები და იმ თემებს მივხედოთ, რომლებსაც ქართველების გული და გონება შეეპყრო ამ დღეებში.

ლარის გამყარება, 29 მილიონი და პროპაგანდა – 2
ობივატელის ცნობიერებას ნაცპროპაგანდა ყოველი მხრიდა უტევდა, მიქცევებით და მოქცევებით, თემაზე: რა ცუდია, რომ მყარდება ლარი, სწრაფად მყარდება, თორემ არა უშავდა. ყველაზე გამობრძმედილი დემაგოგები ცდილობენ ეს პროცესი ისევ ხელისუფლების მზაკვრობად მონათლონ, ხან მთავრობის დეფიციტურ ხარჯვაზე ღაღადებდნენ, ხან დოლარის გამყარებაზე, ხანაც გადმორიცხვების ზრდაზე. ოღონდაც ვინმეს აუგად არ მოეხსნიებინა ლარის ვარდნის შემოქმედი და არქიტექტორი ქადაგიძე – მომავალ არჩევნებში ნაცების სიის ერთ–ერთი ვარსკვლავი (წყალწაღებულები ხავსს ეჭიდებიან, ხავსს და NDI-ს კვლევებს) მერე მოზარეებს ოცდაცხრა მილიონზე მოქვითინე ნაცპროპაგანდისტები შეუერთდნენ, როგორ შეიძლებაო ტურიზმის წახალისებისთვის 29 მილიონის დახარჯვა. ვიღაცამ დათვალა, რომ ამ 29 მილიონს 50 ათასი ვიზიტორი შემოიტანს უკან ქვეყანაში, რომელთაგან თითოეული, მიღებული გაანგარიშებით 600 დოლარს დახარჯავს. არა, ჯიუტად იმეორებენ, ეს 29 მილიონი სოციალურად შეჭირვებულებისთვის დაგვერიგებინაო, თანაც ჩვენი აეროპორტები, ამდენი ვიზიტორი რომც მოაწყდეს ქვეყანას, ვერ მიიღებენო.

ა, კიდო, შარი.

კიდევ უფრო შორს წავიდნენ ნაცმედიის პროპაგანდისტები და მოარული ხმები გაუმხილეს გულგახეთქილ ქართველებს. ნუ გეშინიათ, რუსების საწინააღმდეგო კონტრპროპაგანდისთვის ამერიკელები თამარ ჩერგოლეიშვილს და ძმათა მისთა ათეულობით მილიონ დოლარს უყოფენ, რომლითაც ისინი თვით აშშ–ში „თავისუფლების ინსტიტუტს“ დააარსებენ (საწყალი ამერიკელები), ხოლო საქართველოში პრორუსებს ბრდღვინს ადენენ და კარდაკარ მოივლიან მთელ საქართველოს, რათა ხალხი რუსული პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხისგან იხსნან.

პროპაგანდა – 2
არა, აქ იტალიური ლოჟა პ – 2 არაფერ შუაშია, „წითელი ბრიგადები“ რომლებმაც იტალიის პრემიერ–მინისტრი ალდო მორო გაიტაცეს და მოკლეს. აქ უბრალოდ თამარ ჩერგოლეიშვილი და მისი თანამოაზრეები აწარმოებენ ანტირუსულ პროპაგანდას. ძალიანაც კარგი! ჯანდაბამდის გზა ჰქონიათ რუსებსაც და მატ პროპაგანდასაც! მაგრამ საოცარი ის იყო, რომ პირველივე გასვლაზე წეროვანში სადაც სამაჩაბლოდან დევნილებს შეხვდნენ, პროპაგანდა – 2–ის აქტივისტებმა ხელისუფლებას შეუტიეს, ხოლო მერე მთავარი სამიზნეც ღირსეულად წარმოაჩინეს: თამარ ჩერგოლეიშვილი კამერების წინ, დიდხანს ლანძღავდა და აგინებდა ივანიშვილს და დღევანდელ ხელისუფლებას, ქოქოლას აყრიდა და მსმენელებს არჩევნებში ნაციონალებისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა.

ამაში უნდა დაიხარჯოს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მილიონები?

“კმარას“ აღორძინებასაც ხომ არ უნდა ველოდეთ?

მე არ მწამს პროპაგანდის, კიდევ უფრო არ მწამს კონტრპროპაგანდის. დროა ჩვენმა ერთუჯრედიანებმაც და მათმა ამერიკელმა დამფინანსებლებმაც კარგად გაიაზრონ, რომ რუსულ პროპაგანდას ორი რამ გააცამტვერებს – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს ეკონომიკის აღორძინება, თუ ხალხი დაპურდება და დასაქმდება, ვერანაირი რუსული პროპაგანდა მას დასავლეთის წინააღმდეგ ვერ განაწყობს. ეს მილიონები, სჯობს დასავლეთმა ქართულ ეკონომიკაში ჩადოს.

რაც შეეხება კონტრპროპაგანდას, მორყეულმა კომუნისტურმა რეჟიმმა უზარმაზარი ფული დახარჯა კონტრპროპაგანდაზე, რომ არ დავთვალოთ, რამდენს ხარჯავდა დასავლური რადიოსადგურების ჩახშობაზე, მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირი მაინც დაინგრა.

 აზრზე მოდით, ხალხო.

ოფშორში ბიზნესის კეთება კრიმინალი არ არის
მიმდინარე მომენტის ყველაზე სერიოზული ფაქტორი არის საერთაშორისო სკანდალი, დაკავშირებული პანამის მასალებთან. ეს არ არის შემთხვეითი მოვლენა და ამ ფაქტს, ვფიქრობ, ექნება საკმაოდ საინტერესო გაგრძელება. ოფშორების თემა არ არის ახალი. ქართული საზოგადოება, დასავლური საზოგადოებაც, თვით აშშ–ც მრავალი წელია აყენებს ოფშორების თავსახეტის მნიშვნელობაზე საკითხს და მიიჩნევენ, რომ გარკვეულწილად უნდა იქნას გადახედილი ის ვითარება, რაც ამასთან დაკავშირებით შეიქმნა. სამწუხაროდ, სჩვევიათ ხოლმე, როგორც დასავლეთში, ასევე საქართველოშიც, ამ მოვლენის წინა პლანზე წამოწევას მიეცა სკანდალური ხასიათი და ისე არის წარმოჩენილი ვითარება, თითქოს ოფშორში კომპანიის დარეგისტრირება ამა თუ იმ კომპანიისთვის, ამა თუ იმ პიროვნებისთვის, არის უკანონო, კრიმინალი, დანაშაული და მიუღებელი ბევრი თვალსაზრისით. როდესაც კემერონს თხოვენ პასუხს, ოფშორულ კომპანიებში წილის ქონასთან დაკავშირებით, აქ ვითარება მეტ–ნაკლებად გასაგებია, რადგან კემერონი გამოირჩეოდა იმით, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას და შემდგომაც ოფშორულ თემაზე მწვავედ გამოდიოდა და აკრიტიკებდა იმ ადამიანებს და ვითარებას, რაც ამასთან დაკავშირებით იყო შექმნილი. აქ უფრო პოლიტიკური და მორალურ–ეთიკური ასპექტი მოდის წინა პლანზე, რადგან თუ შენ წინააღმდეგი ხარ და გამოდიხარ ვითარების რადიკალურად შეცვლის მებაირახტრედ, შენ თვითონ არ უნდა გქონდეს მიღებული სარგებელი ოფშორებიდან.

ოფშორების თემა გასული საუკუნის 50–იანი წლებიდან გახდა აქტუალური, როდესაც საგადასახადო წნეხი დასავლეთის ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და იყო მთელი რიგი ქვეყნები, რეგიონები, რომლებიც სოციალურ–ეკონომიკური თვალსაზრისით იყო უაღრესად ჩამორჩენილი და მათი განვითარების არანაირი პერსპექტივა არ არსებობდა. აქედან დაიწყო ოფშორების გამოყენება ბევრი კომპანიის და მდიდარი ადამიანების მხრიდან. ზოგჯერ ეს ადამიანებიც არ არიან დამნაშავეები, როდესაც საზოგადოება მათ პასუხს სთხოვს. ამ თემის შესახებ საერთაშორისო დონეზე უნდა შედგეს მსჯელობა და ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდეს საკითხი. სხვათაშორის, ევროკავშირმა განაცხადა, რომ შეიქმნება ოფშორების საკითხების შემსწავლელი კომისია, რაც მისასალმებელია.

ქართველები და ოფშორები
ნაციონალური მედიის გაყუჩების მიზეზებზე მოგახსენეთ. ნაციონალების მმართველობის დროინდელი ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი ოფშორებში იყო განლაგებული და განთავსებული. ქვეყნიდან გაედინებოდა ულევი სიმდიდრე, ხოლო მთავრობა ორ კაპიკად აძლევდა ქვეყნის სიმდიდრეს ყაზახ თუ არაბ ინვესტორებს, რუსებსაც, რასაკვირველია, მათ უფრო, მათთან გარიგებაში შესვლა უფრო იოლია. ოფშორებში გატანილი კაპიტალიდან ინვეტიციად შემობრუნებული თითქმის არ არსებობს, უცხოურ ინვესტიციად ტრანსფორმირებული რამდენიმე შემთხვევა, საეჭვო იყო, თუმცა, არავის გამოუკვლევია და დაუდასტურებია.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ბევრი ქართული კომპანია და ბევრი ქართველი შეძლებული ადამიანი თავის კომპანიებს არეგისტრირებდა ოფშორებში, ისეთი მნიშვნელოვანი სტრუქტურაც კი, როგორიც არის ,,საქართველოს ბანკი“, წლების განმავლობაში მის საკონტროლო პაკეტს ფლობდა BNY Nomenees Limited-ი, რომელიც ერთ–ერთ ოფშორულ ზონაში იყო დარეგისტრირებული, ანუ საკონტროლო პაკეტს ფლობდნენ პირები, რომელთა შესახებ სახელმწიფოს, საზოგადოებას, ინფორმაცია არ ჰქონდა. თუმცა ეს არანაირ კანონს არ ეწინააღმდეგებოდა და ასე იყო ბევრი სხვა კომპანიაც. ამ თემას სჭირდება სერიოზული კვლევა. ჩვენ არავის არ შეიძლება ბრალი დავდოთ. ინფორმაცია ოფშორული ზონების შესახებ შეიძლება მხოლოდ ძალიან ძლიერ და გავლენიან სპეცსამსახურებს ჰქონდეთ. კერძოდ აშშ–ს, ევროკავშირის და ა.შ.  მე არ მგონია ქართული სპეცსამსახურებისთვის ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს.

დღეს სხვა მსოფლიოა. დღეს უკვე საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) საუბრობს მსოფლიოში უთანასწორობის ზრდაზე, ხოლო ეკონომიკური ზრდიდან, თავადვე აღიარებენ, რომ  მხოლოდ ელიტები იღებენ სარგებელს და ნახულობენ მოგებას. დღეს შეიძლება უკვე დაისვას ოფშორების საკითხი, მაგრამ თუ ,,ძლიერნი ამა სოფლისანი“ ოფშორების თემის გააქტიურებას მსოფლიოს ფინანსური და პოლიტიკური ელიტის ნაწილის დატერორებისა და განადგურებისთვის არ გამოიყენებს. სარგებელს ყველა ნახავს: დასავლეთიც და აღმოსავლეთიც, მდიდრებიც და ღარიბებიც. ოფშორები  საერთო ბაზრის პერიოდიდან მოყოლებული,  იყო დასავლეთის უმნიშვნელოვანესი პროექტი და ამ პროექტის ეჭვქვეშ დაყენება იქნება შეცდომა. თემაზე მსჯელობისას არ უნდა ავყვეთ ემოციებს, არ უნდა დავიწყოთ ცნობადი სახელებით და გვარებით ჟონგლიორობა, ფაქტების და ვერსიების ხელაღებით შეგდება საინფორმაციო სივრცეში. ვინც არ უნდა იყოს ის, საქართველოს რომელი მოქალაქეც.

ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, შემდეგ სააკაშვილის დროსაც იყო სერიოზული საუბრები იმის თაობაზე, ხომ არ დაგვეფუძნებინა ოფშორული ზონები საქართველოში. განიხილებოდა აჭარა. თვითონ აბაშიძე გამოდიოდა ინიციატივით. შემდეგ, ამას ამბობდნენ გარკვეული წრეები სომხეთში, ჯავახეთთან მიმართებაში. იყო თვითონ ქართული პიოლიტიკური სპექტრის იდეა სამცხე–ჯავახეთის ოფშორულ ზონად გამოცხადების თაობაზე, ანუ ამ მხარის სოციალურ–ეკონომიკური ვითარების წამოწევის გზად ესეც იყო მიჩნეული და მაშინ ამაზე არავის კატეგორიული წინააღმდეგობა არ გაუწევია. უბრალოდ, ქართულმა საზოგადოებამ მაშინ უარი თქვა ოფშორების დაარსებაზე, რადგან, მოგეხსენებათ, ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია ოფშორულ ზონებზე გავლენის თვალთაზრისით მინიმალურია. ეს იმ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, რომლის ტერიტორიის 22% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, იქნებოდა სახიფათო. ჩვენ მაშინ წავედით თავისუფალი ეკონომიკური, ინდუსტრიული ზონების შექმნის გზით. დღეს კი უნდა ვნახოთ რა წილია ქართული ეკონომიკის ოფშორებში. ბევრი ქართული კომპანია და ბევრი მილიონერი ოპერირებს ოფშორულ ზონებში და ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, მედია–საშუალებებმა, არასამთავრობო სექტორმა, ანალიტიკოსებმა უნდა შევხედოთ  ამ საკითხს სერიოზულად და გამოვიმუშაოთ სწორი მიდგომები. განსაკუთრებით მივხედოთ, რას ამბობენ ამაზე ჩვენი დასავლელი მოკავშირეები, როგორიც არიან შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ. რათა ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს ისე, რომ არც ადამიანები დაზარალდნენ, არ იქნან ანათემას გადაცემული, იმისათვის, რომ კანონით დაშვებული საგადასახადო შეღავათებით ისარგებლეს. ამავე დროს, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, ოფშორების არსებობით ხომ არ ზარალდება ქვეყნების ბიუჯეტები,  ხომ არ ღრმავდება სიდუხჭირე განვითარებად ქვეყნებში და მსოფლიოში.

მოკლედ ოფშორების თემა გონივრულად და ფრთხილად, მაგრამ არსებითად უნდა გააქტიურდეს და გადაიჭრას.

ასე რომ, ოფსორული ბერმუდი ვფიქრობ გაქრება. ყოველ შემთხვევაში, ,,ოფშორული სამოთხე“ ამ სახით აღარ იარსებებს.

NDI-ს მორიგი ზღაპარი და კიდევ ერთხელ აორთქლებული ჭეშმარიტება
ახლა კავკასიაში ვნებები დუღს. დუღს და როგორც ამბობენ ჭეშმარიტებაც ორთქლდება. შედეგად, სულ ახლახანს ყარაბახთან დაკავშირებით აზერბაიჯანმა და სომხეთმა 22 წლიანი შესვენების შემდეგ, კინაღამ მასშტაბური საომარი ოპერაციები გააჩაღეს. საქართველო რუსეთის, თურქეთის და ,,ისლამური სახელმწიფოს“ გზაგასაყარზე მდებარეობს, ამიტომ, თუ უგუნურება იზეიმებს, შესაძლოა, ფრონტის ხაზზე აღმოვჩნდეთ. ,,ცხელი თავები“ წამსვე ალაპარაკდნენ ტაო–კლარჯეთის დაბრუნების შესაძლებლობაზე, აზერბაიჯან–სომხეთის კონფლიქტში აზერბაჯანისთვის ღია მხარდაჭერის გამოცხადებაზე და ასე შემდეგ. ამას თან დაერთო NDI-ს მორიგი ზღაპარი, რომელმაც ჭეშმარიტების ბოლო წვეთებიც ააორთქლა სრულიად კავკასიური სივრციდან.

სოციოლოგიური  კვლევების თაობაზე საუბარი მოკლედ საუბარი ძნელია. არაერთხელ მითქვამს, რომ პატივს ვცემ NDI-ს და IRI–ს, ესენი არიან სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთაც ავტორიტეტული ხელმძღვანელები ჰყავთ. თუმცა მათი საქმიანობის პრაქტიკა საქართველოში, პირადად ჩემთვის, ბევრ კითხვას ბადებს. გაუგებარია ის პრინციპი, რომლითაც არის ,,კავკასიის რესურცენტრი“ შექმნილი და რომლის თანახმადაც მხოლოდ ის არის  NDI-ს კვლევების კონტრაქტორი საქართველოში. გაუგებარია, რატომ არის სულ ერთი და იგივე IPM–ი, რომელსაც  უდაოდ კარგი, სოციოლოგი გოჩა ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს, კონტრაქტორი მეორე კომპანიის – IRI–ს. არანაირი კონკურსი არ ტარდება, არანაირი გამჭვირვალობა არ არის. არადა, კარგად ვიცით, რომ ნაციონალების მმათველობის დროს, ეს ორგანიზაციები სააკაშვილის მოკავშირეებად მოიაზრებოდნენ. ვიცით აგრეთვე, რომ  ამა თუ იმ კვლევის შედეგებს მნიშვნელოვანწილად განაპირობებს  მეთოდიკა, რომელსაც ველზე იყენებს ორგანიზაცია, რომელიც კვლევას აწარმოებს. ისმის კითხვა, როგორ, რა შეკითხვებს, როგორი ფორმულირებით აძლევს ველზე მომუშავე ინტერვიუერი მოქალაქეს, რა გარემოა. მაგალითად, სააკაშვილის დროს მოქალაქეთა დიდი ნაწილი არ ამბობდა, რასაც ფიქრობდა დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, რადგან მაშინ იყო ხელისუფლების შიში. დღეს ბევრად უფრო ღია გარემოა, ბევრად უფრო სანდოა დაფიქსირებული პასუხები, თუ კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაცია კეთილსინდისიერად იმუშავებს. მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ სუვერენულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს, ჰყავდეს რამდენიმე სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების  კარგად დაფინანსებული და ავტორიტეტული, მიუკერძოებელი,  კომპანია, რომელიც თვითონ შეამოწმებს ხალხის განწყობას, ელექტორატის დამოკიდებულებას ამა თუ იმ პრობლემისადმი, პარტიისადმი, პოლიტიკოსისადმი. ჩვენი მეგობარი ქვეყნის თუნდაც ავტორიტეტული უცხოური ორგანიზაციების მიერ საზოგადოებრივი აზრი არ უნდა იყოს მართული, როგორც ამას NDI და IRI ცდილობენ. და მაინც, ვფიქრობ, ეს, NDI-ს და IRI-ს სააკაშვილის პერიოდიდან ინერციით გადმოყვათ, თორემ ასეთ რეპუტაციულ ლაფსუსებს არ დაუშვებდნენ.

NDI: 2012 –,,ქართული ოცნება“ – 12%; არჩევნები – 53%

         2013 – გიორგი მარგველაშვილი (,,ქართული ოცნება“) – 29%; არჩევნები – 62%

         2014 დავით ნარმანია (თბილისის მერი) – 39%; 1 ტური 46%

არადა, როგორც NDI გვამცნობს, კვლევის დასაშვები ცდომილება 2%–ის ფარგლებშია. მიუხედავად ამისა, ეს კვლევებიც მნიშვნელოვანწილად სწორად ასახავს საზოგადოების განწყობას, ტენდენციებს. მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ შედეგები ამ ორგანიზაციის უკან მდგომი იმ პოლიტიკური წრეების ინტერესებს ასახავდეს, რომლებიც ვაშინგტონში ნაციონალებს მფარველობენ და მიაჩნიათ, რომ ქართულ პოლიტიკაში მათი შენარჩუნება, როგორც დღევანდელი ხელისუფლების  ალტერნატივის რეალური და შესაძლებელია.

ჩვენს ამ კვლევების გადამოწმების საშუალება არ გვაქვს,  სხვა დამოუკიდებელი ქართული კომპანიების მეშვეობით. არადა, ეს აუცილებელია, რათა ჩვენ გვქონდეს სწორი წარმოდგენა საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ვითარებაზე, ხალხის განწყობაზე. ვინაიდან ჩვენ ელექტორალურ დემოკრატიას ვამკვიდრებთ და ამ იდეის ერთგულები ვართ.

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პოლონეთში, ჩეხეთში ან ბულგარეთში, რომ არაფერი ვთქვათ ბელგიაზე, ნიდერლანდებსა და პორტუგალიაზე, საზოგადოებრივი აზრის კვლევას აწარმოებდეს მხოლოდ ამერიკული ან ბრიტანული კომპანიები? ისინი არიან მოკავშირეები, მათ აფასებენ და პატივს სცემენ ამ ქვეყნებს, მათ მთავრობებს, პარტნიორობენ, მაგრამ მათი სახელმწიფოებრივი ხედვის ხელყოფა იქნებოდა, იქ რომ მხოლოდ რომელიმე უცხოურ კომპანიას ეწარმოებინა კვლევები. სოციოლოგიური კვლევების მწარმოებელი კომპანიები ამ ქვეყნებში ყოველთვის, თითქმის ზუსტად გამოიცნობენ ხოლმე არჩევნების შედეგებს.

რაც სწორია ამ კვლევების შედეგებში და ჩვენს ეჭვს არ იწვევს – ქართული საზოგადოების ევროატლანტიკური არჩევანი არის მყარი და ამ არჩევანს ხილულ პერსპექტივაში არაფერი ემუქრება. თუკი ცალკეული პოლიტიკოსები, პარტიები ან ადამიანები საუბრობენ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე, ეს არანაირად არ აყენებს ეჭვქვეშ ჩვენს ევროატლანტიკურ არჩევანს. დიახ, ჩვენ სწორედ ევროატლანტიკურ პრინციპებზე ფუნქციონირებად ქვეყანას ვაშენებთ და არა ისეთს, სადაც ვიღაცა, თუნდაც პატივსაცემი და სახელიანი უცხოური ორგანიზაცია, აყალბებს კვლევის შედეგებს გარკვეული მიზნით, კარნახობს ხალხს, როგორი არჩევანი გააკეთოს.

ბექა ჩრდილელი