სხვა

“პასუხი უნდა გაეცეს, როგორ ფინანსდებიან საქართველოში რადიკალური ჯგუფები, როგორ ფინანსდება „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზება ამერიკელი ხალხის ფულით” – შალვა პაპუაშვილი

პასუხი უნდა გაეცეს, როგორ ფინანსდებიან საქართველოში რადიკალური ჯგუფები, როგორ ფინანსდება „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზება ამერიკელი ხალხის ფულით, – ამის შესახებ საქართველოს  პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„კამპანია „მე ვისროლე“ დაფინანსებული არის ამერიკის ბიუჯეტიდან, რომელსაც ამტკიცებს კონგრესი. ამიტომ, ვფიქრობ, კითხვები ჩვენ კი არ უნდა დაგვისვან, არამედ კითხვები უნდა დაუსვან NED-ს და მოიკითხონ, ამერიკის გადასახადის გადამხდელების, ამერიკის მოქალაქეების ფული რატომ მიედინება უცხო ქვეყანაში „მოლოტოვის კოქტეილის“ იდეის პოპულარიზაციისკენ. ვფიქრობ, ეს უფრო სწორი საქციელი იქნებოდა. იქნებ დაინტერესდნენ, რატომ და როგორ აფინანსებენ ამერიკული ფონდებიდან საქართველოში პარტიებს, რადიკალურ და ექსტრემისტულ ჯგუფებს? არის თუ არა ეს ამერიკელი ხალხის ინტერესებში? უპირველეს ყოვლისა, ამერიკელი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება, როცა სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, რომელიც შენს ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ იდგა ავღანეთში – და ჩვენ დავკარგეთ უფრო მეტი ჯარისკაცი ავღანეთში, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანას საერთოდ იქ ჯარისკაცი ჰყავდა – შენი ბიუჯეტიდან რომელიღაც ორგანიზაცია „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებაში ხარჯავს ფულს. არის თუ არა ეს კეთილსინდისიერი საქციელი? რა თქმა უნდა, ეს არ არის კეთილსინდისიერი ქცევა და ამაზე ჩვენ გვინდა პასუხები, ეს არ არის ჩავლილი საკითხი. პასუხი უნდა გაეცეს, როგორ ფინანსდებიან საქართველოში რადიკალური ჯგუფები, როგორ ფინანსდება „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზება ამერიკელი ხალხის ფულით,” – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარის დატოვება