“პატრიარქის ჩაყენება იმ მდგომარეობაში, რომ ვინმე შეიწყალოს და სხვა დატოვოს ციხეში, რელიგიური გადმოსახედიდანაც არასწორია”
საკითხი იმის შესახებ, თუ ვის აქვს და ვის უნდა ჰქონდეს შეწყალების უფლება, გუშინ საღამოს მდგომარეობით, ცალსახად დახურულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა პრეზიდენტმაც და საპატრიარქომაც, ასევე იყო შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და პატრიარქს შორის.
“ასე რომ, ეს საკითხი ნამდვილად დახურულია და ნამდვილად ამოწურულია იმ თვლასაზრისით, რომ რაიმე ოფიციალურ წინსვლას – საკანონმდებლო ინიციატივებს, ოფიციალურ განხილვებს ვერ და არ ვნახავთ”,
– განაცხადა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება მყისიერ რეაქციებს საქართველოს პატრიარქის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, უსუფაშვილის თქმით, ისინი ნამდვილად იყო უფრო მყისიერი და ემოციური, ვიდრე კარგად გააზრებული.
“დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორი-სამი დღის განმავლობაში ყველას ჰქონდა საშუალება, კარგად გაეაზრებინა და მივსულიყავით მარტივ დასკვნამდე, რომ როცა საუბარია მართლმსაჯულების სისტემის მიერ სასჯელდადებულ პირზე, მისი შეწყალების უფლება აქვს და უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მეთაურს. ეს ასეა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. მე მგონი, ყველამ გაიაზრა ისიც, რომ თეორიულ საკითხზე მსჯელობაც კი, რომ პატრიარქს ჰქონდეს ამ ტიპის უფლებამოსილება, იქნება გაუმართლებელი არამხოლოდ სახელმწიფოებრივი, არამედ, ეკლესიური თვალსაზრისითაც. პატრიარქის ჩაყენება იმ მდგომარეობაში, რომ პატრიარქმა ვინმე შეიწყალოს და სხვა დატოვოს ციხეში, რელიგიური გადმოსახედიდანაც არის არასწორი მოქმედება. მე მგონი, ჩვენ გარკვეულწილად ვიხილეთ დემონსტრირება იმისა, რომ ზედმეტი არაფერი არ ვარგა, მათ შორის, შესაძლოა, სიყვარულიც. პატრიარქისადმი მოწიწება და სიყვარული ძალიან დიდია საზოგადოებაში და ეს მხოლოდ კარგია. იმდენად გვაკლია როგორც ჩანს სიყვარული და იმდენად დეფიციტია, რომ ვისაც დიდ პატივს ვცემთ, მერე მის ნათქვამზე ემოციები გვეუფლება ხოლმე. პოლიტიკოსებიც ადამიანები ვართ ხანდახან, შეწყალებაზე ვსაუბრობთ და მოდი მივუტევოთ ყველას, ვისაც მყისიერი, შესაძლო არცთუ ბოლომდე გააზრებული რეაქცია ჰქონდა”,
– განაცხადა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება შესაძლო დარღვევებს, რომლის თაობაზეც ალეკო ელისაშვილმა გააკეთა განცხადება, უსუფაშვილის თქმით, მისთვის არ არის ცნობილი, რა ფაქტებზეა საუბარი და თუ ერთი წელი რეაგირება არ არის, არ ღირს კიდევ ერთი წელი ლოდინი და სჯობს, მაშინ სხვას მივმართოთ.