სავალდებულო სამხედრო სამსახური უქმდება – ჯარში მხოლოდ დაქირავებულები იქნებიან
31 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაიწყო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა რეგისტრაცია. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან 18-დან 35-წლამდე წვევამდელები და ის ახალგაზრდები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური. თავდაცვის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ სამხედრო უწყება არ აპირებს 2017-2018 წლებში ახალგაზრდების სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა მიღებით განაახლა სამი წლის განმავლობაში შეჩერებული პროცესი. მინისტრ თინათინ ხიდაშელის თქმით, 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ ისევ ჩაიცვა სამხედრო ფორმა, გააფორმა კონტრაქტი საკუთარ ქვეყანასთან და საკუთარი სამშობლოს სამსახურის ფიცი დადო, მათ შორის ნაწილმა – 26 მაისს.
31 მაისს მხედრული ვალის მოსახდელად 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს პირადად მოუწოდა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, რომელმაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის პოტენციურ მსურველებს წერილობით მიმართა:
„მართალია, ათასობით ადამიანს ვერ მივიღებთ დღეს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორია მოთხოვნა, რომ უფრო გაგვიმარტივდეს 2017 წლის დაგეგმვა. წელს დაახლოებით 1000 ადამიანით შეივსო ჯარი, 1000 ახალი სამხედრო მივიღეთ საკონტრაქტო სამსახურში და უკვე ინტერესის და მოთხოვნის შესაბამისად ვგეგმავთ 2017 და 2018 წლებს. ასე რომ, ყველას გელოდებით ჯარში, გელოდებით საკუთრი სამშობლოს სამსახურში“.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, ანუ დაქირავებული სამხედრო, მოქალაქე აბარებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტესტს; ასევე გადის სამხედრო სამედიცინო კომისიას. შემდეგ ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების 10-კვირიან კურსზე (BCT –Basic Combat Training). შერჩეული კანდიდატებისათვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყება 2016 წლის 19 სექტემბერს. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში რეკრუტი დაინიშნება ქვედანაყოფში თანამდებობაზე. როგორც რადიო თავისუფლებას თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა გიორგი თავდგირიძემ უთხრა, სამინისტრომ წელს უკანასკნელად გაიწვია ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად.
„2017-18 წლებში ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის, რომ უწყება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვევს ახალგაზრდებს. მინისტრის ბრძანებით და გენშტაბის გეგმის მიხედვით, ამ შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ მოხდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა, ხოლო ამ პერიოდში მოხდება შეფასება ამ სამსახურისა ახალი მოდულის, ახალი კონცეფციის შემუშავება, თუ როგორი უნდა იყოს კონსტიტუციური ვალდებულების მოხდის ფორმა მშვილობიანობის პერიოდში“, უთხრა გიორგი თავდგირიძემ რადიო თავისუფლებას.
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ 2017 წლიდან ახალგაზრდების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა საერთოდ შეწყდება. ახალწვეულებს კვლავინდებარად მიიღებენ შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. თავდაცვის მინისტრის მრჩევლის გიორგი თავდგირიძის თქმით, საკონტრაქტოს გარდა საქართველოს შეიარაღებული ძალები ასევე გამოიყენებს სამხედრო სამსახურის ნებაყოფლობითსა და სარეზერვო ფორმებს:
„ეს იქნება ე. წ. არმიის რეზერვი, რომელიც იქნება სავალდებულო, მაგრამ ის არ შეეხება ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ის შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც ერთი კონტრაქტით მაინც იმსახურეს შეიარაღებულ ძალებში და გადაწყვიტეს, რომ კონტრაქტი აღარ გააგრძელონ, მათ ექნებათ ვალდებულება სამი ან ხუთი წლის განმავლობაში ჩაირიცხონ სამხედრო სავალდებულო რეზერვში. ასევე გვექნება ტერიტორიული რეზერვი, რომელიც უნდა აისახოს კანონში“.
თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, 2017-18 წლებში არ გაიწვიოს ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურში და ძირითადი დატვირთვა გადაიტანოს საკონტრაქტო სამსახურზე, მიესალმებიან სამხედრო საქმის ექსპერტები, მათ შორის თემურ ჩაჩანიძეც.
„კარგი იმით არის, რომ ეს ხალხი უფრო მოტივირებულია, იციან, რატომ და რისთვის მიდიან ჯარში და მეტად მიზანდასახულები არიან. გარდა ამისა, არის მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც მათ სპეციალისტებად ჩამოყალიბებას განაპირობებს. მათ აქვთ საშუალება შეიძინონ სასურველი სამხედრო პროფესია და ამ მიმართულებით გააგრძელონ სამხედრო სამსახური. ჯარში დარჩენის, ანუ კარიერის გაკეთების, თვალსაზრსითაც ხელსაყრელია საკონტრაქტო სამსახური“, განაცხადა თემურ ჩაჩანიძემ.
თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ საკონტრაქტო სამსახურში მიღებული სამხედროები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. კონტრაქტორის ხელფასი 950 ლარს შეადგენს. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით, თუმცა, როგორც გიორგი თავდგირიძე ამბობს, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისათვის უპირატესობის მინიჭება არ ნიშნავს იმას, რომ იცვლება კონსტიტუციით განსაზვრული ზრდასრული მამაკაცის ვალდებულება, დაიცვას თავისი ქვეყანა. უბრალოდ, შესაცვლელია ამ ვალდებულების მოხდის ფორმა – ერთიანი სამხედრო სავალდებულო სამსახური.