პირველ კვარტალში ქართული ღვინის ექსპორტი 45%-ით გაიზარდა
იანვარ-აპრილში ქართული ღვინის ექსპორტი 45 % – ით გაიზარდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 30 ქვეყანაში იანვარ-აპრილში 11.5 მლნ ბოთლი ღვინო გაიგზავნა, რაც 45 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. უფრო დეტალურად, გაზრდილი ექსპორტისა და ქართული ღვინის პოტენციალზე, “ღვინის ტურიზმის ასოციაციის” ხელმძღვანელი ლევან ჩუბინიძე გვესაუბრა.
– ქართული ღვინის ექსპორტი 45 %-ით გაიზარდა. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ქართულ ღვინოზე მოთხოვნის ზრდა?
– ქართული ღვინის ცნობადობა ზოგადად გაიზარდა საზღვარგარეთის ბაზრებზე, რასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გამოფენებში, კონფერენციებში და ღვინოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა. ეს აუცილებელია და კარგი შედეგი მოაქვს. არ შეიძლება, ეს პროცესი შევწყვიტოთ. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც კი მსგავსი ღონისძიება დაიგეგმება, ყველგან უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ყველგან უნდა გავაკეთოთ პრეზენტაცია საქართველოს, ქართული ღვინის და ტურიზმის შესახებ.
– დღეს ჩვენი მთავარი საექსპორტო ქვეყნები რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთია. თქვენი აზრით, გამოფენებში მონაწილეობის გარდა, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქართველმა მეღვინეებმა ახალი ბაზრებიც აითვისონ და ქართული ღვინის ცნობადობამ სხვა ქვეყნებშიც მოიმატოს?
– ამისთვის გასაწევია რიგი მარკეტინგული და პიარკამპანიები. უნდა ჩატარდეს დეგუსტაციები, გატარდეს სხვადასხვა სახის სარეკლამო კამპანიები. როგორც ზემოთ აღვნიშნე, გამოფენებზე უნდა იყოს მაქსიმალური აქტიურობა. რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა დავაგემოვნებინოთ ქართული ღვინო. ქართული მხარის მონაწილეობა და ჩართულობა სხვადასხვა ღონისძიებებში და აქტივობებში კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოსა და ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ცნობადობის ამაღლებას მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებას. უნდა შევეცადოთ ჩვენი უნიკალურობა ვაჩვენოთ მსოფლიოს. ქვევრი არის ყველაზე უნიკალური, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ეს არის ჩვენი ქვეყნის სახე, ჩვენი ისტორია, ჩვენი ტრადიცია., ესაა ნიშა რომლითაც შეგვიძლია დავაინტერესოთ, წარვსდგეთ და ჩვენი მნიშვნელოვანი განაცხადი გავაკეთოთ მსოფლიოს ღვინის ბაზარზე.
– რაც შეეხება ევროპულ ბაზარს, რამდენად კონკურენტუნარიანია ქართული ღვინო ევროპულ ბაზარზე?
– როცა ევროპის ბაზარზე ვსაუბრობთ, კონკურენტუნარიანობა ფასებთან მიმართებაში უნდა განვიხილოთ. არ შეიძლება ცალსახად იმის მტკიცება, რომ ქართული ღვინო ხარისხით ბევრად ჯობია ევრუპულ ღვინოს. აქ ამბიციები ზომიერად უნდა მოვთოკოთ და ბიზნესის წესები გავითვალისწინოთ. ფაქტია, რომ ამ ეტაპზე ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით თუ ვიმსჯელებთ, ქართული ღვინო ევროპულზე ძვირია. ბიზნესკალკულაციით თუ მივუდგებით საკითხს, ეს ფასი რეალურია და არა ხელოვნურად რეგულირებული. თუ ჩვენ გვინდა კონკურენცია მეტად გავუწიოთ ევროპულ ღვინოებს, მეტი სუბსიდიები უნდა განვახორციელოთ, უფრო მეტად უნდა ვაკონტროლოთ ჩვენ თვითონვე ჩვენი ღვინის ხარისხი.
– წლების მანძილზე მეღვინეებს პრობლემები აქვთ ლოჯისტიკასთან დაკავშირებით. რა მდგომარეობაა ამ კუთხით დღეს და თქვენი აზრით, რა არის მთავარი პრობლემა, რომელიც ქართველ მეღვინეებს უდგათ?
– ერთია კარგად მოუარო ვენახს, დააყენო კარგი ღვინო და მეორე საკითხია, ეს შენი მონაგარი გაყიდო. აქტუალური პრობლემა, რაც ქვეყანაში გვაქვს და რა საკითხითაც “ღვინის ტურიზმის ასოციაციაა” დაინტერესებული, სწორედ ესაა. ქვეყანაში გვყავს გარკვეული რაოდენობის ღვინის ინდუსტრიული მწარმოებლები, რომლებიც არიან გადასახადის გადამხდელები და რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ თავიანთი ბიზნესის წარმოებით ქვეყნის განვითარებაში. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, მაგრამ აუცილებელია წინ წამოიწიონ იმ მეღვინეებმა რომელთაც არ აქვთ ინდუსტრიული წარმოება, ისინიც გახდნენ გადასახხადების გადამხდელები, ასევე წინ წამოიწიონ ახალმა მეღვინეებმა და ნელ-ნელა, ეტაპობრივად განვითარდნენ.
ამისთვის მნიშვნელოვანია მათ ვასწავლოთ სწორი მიდგომები ბიზნესის კუთხით, ბოთლში ჩამოსხმა, ეტიკეტირება, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ბუღალტერია, ლოჯისტიკა, ფასწარმოქმნის სწორი წარმოება, რათა შემდეგ გადასახადის გადახდის დროს თავზარი არ დაეცეთ და კითხვები არ გაუჩნდეთ – თუ რატომ იხდიან გადასახადს. აუცილებელია მათ მიიღონ შემოსავლები, გაუჩნდეთ იმედი, იფიქრონ გრძელვადიან გეგმებზე და იყვნენ თვითდარწმუნებულები. მათ უნდა სჯეროდეთ, რომ სახელმწიფოს ურჩევნია ხალხი მდიდარი იყოს, ვიდრე ღარიბი და უმუშევარი, ამიტომაა საჭირო მათ სწორად დაანახო თავიანთი რესურსები, სწორად მიანიშნო, რომ ღვინო, რომელსაც შენ აყენებ და სვამ, უგზავნი მეგობრებს, ნათესავებს, შეიძლება ჩამოასხა ბოთლში და გაყიდო, ასევე შენი ოჯახური კარ-მიდამოც, რომელიც საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეიძლება იყოს, საინტერესო აღმოჩნდეს უცხოელი ან თუნდაც ქართველი ტურისტისთვისაც. ეს ყველაფერი ტურიზმია და ამაში ფულს იხდიან.
– თქვენმა ასოციაციამ კომპანია TNT- სთან გააფორმა მემორანდუმი. რას ითვალისწინებს მემორანდუმი და რამდენად შეუწყობს ხელს ეს იგივე ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარებას?
– “ღვინის ტურიზმის ასოციაციის” მემორანდუმი TNT- სთან, ხსნის იმ პრობლემებს რაც, საზღვარგარეთ ღვინის ექსპორტს, ახლავს თან. ესაა ერთ-ერთი ლოჯისტიკურად პრობლემური საკითხი. ერთია, რა ხარისხის ღვინოს აგზავნი საზღვარგარეთ და მეორეა, რა ჩადის ადგილზე. ღვინო ცოცხალი ორგანიზმია და მნიშვნელოვნად განიცდის ტემპერატურულ ცვალებადობას, ნჯღრევას, გრძელვადიან ტრანსპორტირებას და მსგავს ცვლილებებს. ჩვენი აზრით, ტრანსპორტირებისთვის ღვინოში გარკვეული მინარევების გარევას, სჯობს საიმედო და სწრაფი ტრანსპორტირება განახორციელო. ჩვენ კიდევ ვცდილობთ ამ საკითხის დახვეწას და მაქსიმალური კომფორტის პოვნას ბაზარზე, რაც ფასითაც, მომსახურების ხარისხითაც და კონკურენტუნარიანობითაც უნდა გამოიხატებოდეს.
– რამდენად არის დღეს ღვინის ტურიზმი მიმზიდველი უცხოელი ვიზიტორებისთვის, თანამშრომლობთ თუ არა ამ მიმართულებით სხვადასხვა ტუროპერატორებთან?
– “ღვინის ტურიზმის ასოციაციის” წევრები უკვე არიან ტურისტული კომპანიები, ღვინის ბარები და რესტორნები, ასევე ინდუსტრიული მწარმოებლები და მცირე საოჯახო მარნები, ტურიზმის ობიექტები, შესაბამისად, უკვე გაერთიანებული სქემა მუშაობს და სისტემაც გამართულია. მთავარია, არსებობს ტურისტის ინტერესი და ეს ინტერესი მზარდია. ანალიზითაც ირკვევა, რომ მოხმარება ქართული ღვინის მიმართ იზრდება და ჯერჯერობით ამ მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილება თავისუფლად შეგვიძლია.
ანა ნაცვლიშვილი