სხვა

ქალთა და ახალგაზრდა გოგონათა ფსიქიკური ჯანმრთელობა – ქართული გამოწვევები და უცხოური პრაქტიკა

ავტორი:  გურანდა ფუტკარაია

ფსიქიკური ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესი და ღირებულია ყველა ადამიანისთვის, მათ შორის ქალებისა  და ახალგაზრდა გოგონებისთვის. საკითხზე საზოგადოებაში  ხშირად ისმის, თუმცა,  ამ თემაზე ფართო მასებმა  ბევრი საჭირო რამ არ იციან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუციის მიხედვით, „ჯანმრთელობა ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური სრული კეთილდღეობის მდგომარეობაა, და არა მხოლოდ ავადმყოფობის არ არსებობა“.

საინტერესოა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირველი დირექტორის  დოქტორი ბროკ ქიშოლმის  მოსაზრებაც : „არ არსებობს ჯანმრთელობა ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე“.

ამ შეფასებებით ცხადი ხდება რამდენად აქტუალური და საყურადღებოა ფსიქიკური ჯანმრთელობა.

„მენტალური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ დონეზე. მოსახლეობის ზოგად მენტალურ მდგომარეობაზე ზრუნვა საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის განუყოფელი ნაწილია, რადგან მენტალურად ჯანმრთელი ინდივიდებისგან შემდგარი საზოგადოება უფრო პროდუქტიული და წარმატებულია.“ – აღნიშნულია მკურნალი.ჯი-ს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა 450 მილიონ ადამიანს აწუხებს. საქართველოში კი ქცევითი აშლილობის 80 ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველაზე ხშირად დასმული დიაგნოზი დეპრესიაა.

დეპრესია შინაგანი მდგომარეობაა, როდესაც გამოხატულია განწყობის ცვალებადობა, მუდმივი უიმედობის განცდა,  ცხოვრების ხარისხის დაქვეითება, შფოთვა და ნეგატიური ფიქრები. სეროტონინის მუდმივი დეფიციტი აღნიშნული დაავადების მქონე ადამიანებში იწვევს დანაშაულის შეგრძნებას, მომავლის მუდმივად შავ ფერებში ხედვას, მათთვის ფაქტობრივად შეუძლებელია ბედნიერების, სიხარულის განცდა.– ასეთია დეპრესიის განმარტება.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები უფრო მეტად ქალებს აწუხებთ (11,9%). მამაკაცთა შემთხვევაში მაჩვენებელი 9,3%-ია.  მათ ქვეყანაში არაერთი გამოწვევა ექმნებათ. მდგომარეობას ართულებს ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან არსებული ხარვეზები. ამის ერთ-ერთი მაგალითია  შემდეგი:

სახალხო დამცველის ანგარიშში, სახელწოდებით „ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“ ხაზგასმულია, რომ ქალები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით, არ არიან ჩართულნი დაავადებათა ადრეული გამოვლენის სახელმწიფო სკრინინგ პროგრამაში (გარდა C ჰეპატიტის სკრინინგისა). განსაკუთრებით პრობლემურია ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კვლევების მიუწვდომლობა.

ავერსი.ჯი-ზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ სუსტი სქესი ორჯერ უფრო ხშირად  ემართებათ  დეპრესია  და ეს თანაფარდობა, განურჩევლად რასობრივი და ეთნიკური კუთვნილებისა თუ საზოგადოებრივ-ეკონომიკური მდგომარეობისა, ერთი და იგივეა. „ოგიერთი გამოკვლევა იმაზე მეტყველებს, რომ ქალებს დეპრესიისთვის მამაკაცებთან შედარებით მცირე სტრესიც ჰყოფნით. გარდა ამისა, განსხვავებულია ქალების ფიზიოლოგიური რეაქცია სტრესული ფაქტორების მიმართ. ქალის ორგანიზმში უფრო მეტი სტრესული ჰორმონი გამომუშავდება, ვიდრე მამაკაცისაში, ხოლო ქალის სასქესო ჰორმონი პროგესტერონი ხელს უშლის სტრესული ჰორმონის ნორმალური დონის აღდგენას. ბუნებრივია, ყოველივე ეს ქალს უფრო მეტად განაწყობს დეპრესიის მიმართ.

საქართველოში 1995 წლიდან ფუნქციონირებს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც სრულად ფინანსდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები, -ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტიდან (2015 -2020) ირკვევა.  მასში აღნიშნულია ისიც, რომ „ამბულატორიულ მომსახურებას ძირითადად 18 სამედიცინო დაწესებულება (მათ შორის ფსიქიატრიული დისპანსერები, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებისა და პირველადი ჯანმრთელობის ცენტრების კაბინეტები/განყოფილებები) ახორციელებს, რომლებიც გაბნეულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა, მათი უმრავლესობა განთავსებულია ქალაქებში.

საყურადღებოა, დოკუმენტში „ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში: ხარვეზები და შესაძლო გადაჭრის გზები“ გაცემული რეკომენდაციაც:

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დღეს არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია რაციონალური და კარგად გათვლილი ნაბიჯების გადადგმა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და ამასთანავე, ქვეყნის სოციალურ­-ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, დარგის განვითარებისკენ ორიენტირებული დაფინანსების მოდელების შემუშავება.

ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით საინტერესოა უცხოური პრაქტიკაც. დოკუმენტში სახელწოდებით  „პრაქტიკული გზამკვლვევი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სიღარიბესა ან მიგრაციაში მყოფი ადამიანებისთვის“ ვკითხულობთ:

„საფრანგეთში ქალთა მხარდასაჭერად ასოციაციები და სპეციალური ეროვნული სტრუქტურები არსებობს.

  • ოჯახის დაგეგმვის ცენტრები: ყველასთვის ხელმისაწვდომი, არასრულწლოვანთათვის უფასო, ჯანმრთელობის დაზღვევის გარეშე. ჯანდაცვისა და სოციალური პროფესიონალების ჯგუფს შეუძლიათ მოგაწოდოთ ინფორმაცია და რჩევები ემოციურ და სექსუალურ ცხოვრებაზე, გაგიწიოთ სამედიცინო კონსულტაციები კონტრაცეფციის მიღებაზე, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სკრინინგზე, ორსულობის ტესტებზე, ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტის მხარდაჭერაზე (აბორტი);
  • ქალთა და ოჯახების უფლებების შესახებ საინფორმაციო ცენტრები (CIDFF) აცნობენ, ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ ქალებს უფლებების წვდომაში.“

ხაზგასასმელია ისიც, რომ   ფსიქიკური აშლილობის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, დაავადებულთა მხოლოდ 20% სარგებლობს სამედიცინო დახმარებით.

სიღარიბე, უმუშევრობა, ძალადობა, მიგრაცია – ყოველივე ეს  ნეგატიურ გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე,  სამწუხაროდ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები ჩვენს რეალობაში მრავლადაა. სამწუხაროდ, ამის დასტურია უკრაინის მაგალითი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის სპეციალური მრჩევლის, მიშელ კაზაჩკინის განცხადებით, მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობას  სერიოზული საფრთხე შეუქმნა.

„ამჟამად უკრაინაში ყოველი მეოთხე ადამიანი სერიოზული ფსიქიკური დაავადების საფრთხის წინაშეა. დნიპროში ბოლო ვიზიტისას ვნახე ათობით ჰოსპიტალიზებული სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც მწვავე შფოთვა, დეპრესია და ფსიქიკური აშლილობა ჰქონდათ. ფსიქიკური ჯანმრთელობა უკრაინაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმთავრეს პრობლემად იქცევა. “ – მიშელ კაზაჩკინმა.

ფსიქიკური აშლილობები კვლავ იმ თემების სიაშია, რომლებზეც ადამიანები ღიად და საჯაროდ არ/ვერ საუბრობენ. არსებული სტიგმები, ინფორმირების დაბალი დონე  ქალებს  გარკვეულ ბარიერებს უქმნის და მათი უმრავლესობა დუმს. არ აქვს მნიშვნელობა აწუხებს თუ არა პირადად მას ფსიქიკური ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, – თემა თითქმის დახურულია.

მნიშვნელოვანია, ქალებსა და ახალგაზრდა გოგონებს შევახსენოთ გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც  მათი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია :

  1. აუცილებლად გამოყავით დრო დასვენებისთვის; საყვარელი და მნიშვნელოვანი საქმეც კი ზოგჯერ გვერდზე უნდა გადავდოთ;
  2. გამოყავით დღეში რამდენიმე წუთი აქ და ახლა ყოფნისთვის; ამ დროს შეგიძლიათ დაკავდეთ სუნთქვითი სავარჯიშოებით, ან, უბრალოდ, მთელი გულისყურით, ბოლომდე ისიამოვნოთ დილის ყავით;
  3. ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას სასიკეთო გავლენა აქვს ფსიქიკურ კეთილდღეობაზე: ვარჯიში, ჯანსაღი საკვები და ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფსიქიკისთვისაც;
  4. ყურადღება მიაქციეთ მოხმარებული ფსიქოაქტიური საშუალებების რაოდენობას; ჩაი და ყავაც კი, გადაჭარბებული რაოდენობებით, ზიანის მომტანია თქვენი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის;
  5. იყავით აქტიური. სოციალური კავშირებისა და საყვარელი საქმიანობის ქონა მნიშვნელოვანია თქვენი კეთილდღეობისთვის;
  6. ესაუბრეთ თქვენს ემოციებზე სანდო ადამიანებს, ჰკითხეთ ახლობლებს, როგორ გრძნობენ თავს და, საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ სპეციალისტს.

და ბოლოს , ,,ფსიქიკურ აშლილობაში სამარცხვინო არაფერია, მაგრამ სტიგმა და დისკრიმინაციაგვრცხვენოდეს ჩვენ. – ამერიკის პრეზიდენტი, ბილ კლინტონი.

 

კომენტარის დატოვება