„ქართული ოცნების“ ყრილობა და კვირიკაშვილის მთავარი მესიჯები
„ქართული ოცნების“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა, გასული 4 წელი შეაფასა დასამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
“მადლობა მინდა ვუთხრა პარტია ,,ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადა. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და, პირდაპირ გეტყვით, პოლიტიკური თვალსაზრისით დიდი გამოწვევაც არის. ჩემი კოლეგების, თანამოაზრეებისა და თანაგუნდელების გულწრფელი მხარდაჭერა და ნდობა ასმაგად აძლიერებს ჩემს პასუხისმგებლობას. მე მზად ვარ, ვემსახურო ჩემს სამშობლოს და ყველაფერი გავაკეთო ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დროს შეიქმნა და გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების გზაზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა “ქართული ოცნების” 4 წლის მმართველობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პერიოდში ქვეყანაში ბევრი პრობლემა გადაიჭრა.
“დღეს, პარტიის დაარსებიდან 4 წლის თავზე, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ბევრი პრობლემა გადავჭერით, ბევრი სირთულე დავძლიეთ, და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, იმ დაძაბულ ვითარებაში თავიდან ავიცილეთ ანგარიშსწორების საფრთხე, რომლის წინაშეც რეალურად იდგა ჩვენი ქვეყანა. ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა ანგარიშსწორება. მიგვაჩნია, რომ შურისძიება გუშინდელი დღეა, რეგრესია, განვითარების შეფერხებაა. მჯერა, გავა დრო და ხალხი ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში კიდევ უფრო დარწმუნდება. ჩვენი მიზანი მხოლოდ ქვეყნის მშვიდობიანი, თანამიმდევრული განვითარება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაა. ის, რომ ჩვენ შევძელით აგვერიდებინა ქვეყნისათვის მთავარი საფრთხე, ჩვენი გუნდის ლიდერების პოლიტიკური ნება და თითოეული თქვენგანის დამსახურებააიყო თუ არა ეს 4 წელი უშეცდომო?! პირდაპირ გეტყვით, რომ – არა. და ეს ბუნებრივიც არის ახალგაზრდა პარტიისთვის. მაგრამჩვენ არც ამ შეცდომებისაღიარება და არც რეალობისათვის თვალის გასწორება გაგვჭირვებია. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ისეთი შეცდომა ნამდვილად არ დაგვიშვია, რომელიც ზიანს მოუტანდა ქვეყანას”, – განაცხადა პრემიერმა.
კვირიკაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ„ უნდა დაანახოს ყველას, რომ მის წევრებს აერთიანებს მკვეთრად გამოხატული მისწრაფებები და აქვთ ერთიანი პოლიტიკური ხედვა როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით.
“ჩვენი პარტიის საგარეო-პოლიტიკური ვექტორი სრულად ემთხვევა ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას, იყოს ევროპის ნაწილი და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ჩვენი მსოფლმხედველობრივი ერთობაა ევროპასთან, ეს არის ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ, უსაფრთხოებისკენ, მეტი შესაძლებლობებისკენ, თითოეული ჩვენი მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისკენ. სწორედ ამიტომ გვაქვს გეზი აღებული ევროკავშირისა და ნატო-სკენ და ამ გეზს არ გადავუხვევთ”, – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო- რუსეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა.
“საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მეზობელ სახელმწიფოებთან, რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობა. ჩვენ ვცდილობთ ჩიხიდან გამოვიყვანოთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ვდგამთ ნაბიჯებს, რომ აღვადგინოთ სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ურთიერთობები. მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს – ურთიერთობის ნორმალიზაცია ვერ მოხდება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. ეს არის ის, რაც არაფერში არ გაიცვლება”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.