ეკონომიკა

ქართულმა თაფლმა ევროკავშირის აღიარება მიიღო

ევროკავშირმა საქართველო მესამე ქვეყნების სიაში შეიყვანა, საიდანაც ადგილობრივ მეწარმეებს უფლება ეძლევათ, თაფლი ექსპორტზე შეიტანონ.

როგორც eugeorgia.info-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, თაფლი ცხოველური წარმოშობის პირველი გადამუშავებული პროდუქტია, რომელმაც ხანგრძლივი პროცედურების შემდეგ ევროკავშირში აღიარება მიიღო, შესაბამისად, ყველაზე პერსპექტიულია ექსპორტირების თვალსაზრისით.

თაფლზე მოხმარების ზრდისა და შიდა წარმოების შემცირების გამო, ევროკავშირი დღეს თავისი პროდუქციით ადგილობრივ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს და  დაახლოებით, 40%-ს სხვა ქვეყნებიდან ყიდულობს. მომდევნო 5 წლის განმავლობაში ევროპაში იმპორტის ზრდას ელოდებიან. ქართული თაფლი კი, სპეციალისტების აზრით, განსაკუთრებული საგემოვნო თვისებებით გამოირჩევა .

ევროკავშირის კანონმდებლობით, აკრძალულია იმპორტი ქვეყნიდან, თუ ის არ შედის ე.წ. მესამე ქვეყნების სიაში. აღნიშნულ სიაში ყოფნა კი  ნიშნავს, რომ ქვეყანას თაფლის ხარისხის შესაბამისი კონტროლის/შემოწმების სისტემა აქვს. ეს კი ერთგვარი გარანტიაა, რომ ამ ქვეყნიდან იმპორტირებულ პროდუქტში არ იქნება  აკრძალული ნარჩენი და ვეტერინარული პრეპარატი.

წყარო: eurogeorgia.info