“სოფლად მცხოვრები ქალების მსოფლიო ასოციაცია” საქართველოში რეგიონებში მცხოვრები ქალების ბიზნეს ინიციატივებს დააფინანსებს
“სოფლად მცხოვრები ქალების მსოფლიო ასოციაცია”, ეს არის ქალების ხელმძღვანელობით დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების ქალთა საზოგადოებებსა და ჯგუფებს, რომელთაც საერთო ხედვა გააჩნიათ იმასთან დაკავშირებით, რომ შეჭირვებაში მყოფი ქალები, მსოფლიოს მასშტაბით, უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ. მსოფლიოს 73 ქვეყანაში 420 წევრიანი საზოგადოებით “სოფლად მცხოვრები ქალების მსოფლიო ასოციაცია” თავის ხმას აწვდენს სოფლად მცხოვრებ 9 მილიონ ქალს მსოფლიოს მასშტაბით.
ორგანიზაციის ხელმძღვანელობას სჯერა, რომ თანამშრომლობის გზით შესაძლებელია მათი წევრების იმგვარი უფლებებით აღჭურვა, რომ მათ თავად შექმნან ახალი შესაძლებლობები ქალებისთვის, რომ გამოიმუშავონ ახალი ძალა, მიიღონ უკეთესი გადაწყვეტილებები და შეცვალონ საკუთარი ცხოვრება უკეთესობიკენ.
აღნიშნული ორგანიზაციის, ერთ–ერთი ხელმძღვანელი, ქალბატონი ვალერიე სტივენსი იყო ვიზიტით გასულ კვირას საქართველოში, რომელიც სოფელ კოდას ქალთა მაცხოვრებლებს შეხვდა და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის, წყლის მიწოდების საკითხი განიხილა.
“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ გაოცებული ვარ სოფელ კოდაში მაცხოვრებელი ქალების დისციპლინით, მათი მიზანსწრაფულობით და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით, რაც ნათლად და გასაგებად არის ჩამოყალიბებული მათ მიერ შექმნილ ბიზნეს-გეგმაში. როგორც აღმოჩნდა, მათ აქვთ მნიშვნელოვანი პრობლემა წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით. ეს ადმიანები მუშაობენ, მოჰყავთ სასოფლო სამეურნეო პროდუქცია, აქვთ შესაბამისი ბაღ–ვენახები, თუმცა ეს პროცესი მნიშვნელოვნად ფერხდება იმის გამო, რომ საირიგაციო სისტემა არ არსებობს, რათა მორწყვა იყოს უზრუნველყოფილი. ადგილზე მოხდა ჭაბურღილის ამოთხრა და როგორც გაირკვა, წყლის რესურსი არსებობს. ბიზნეს-გეგმა, რომელიც ადგილობრივმა ქალებმა შეადგინეს, გადმოიგზავნება ლონდონის ჩვენს სათაო ოფისში და დიდი ალბათობით დაფინანსდება. სამწუხაროდ, საქართველოში ქალებს ჯერ კიდევ პოსტ–საბჭოური მენტალიტეტი აქვთ, მათ აქვთ სურვილები, თუმცა ამ სურვილების შესასრულებლად არაფერს აკეთებენ, უბრალოდ ითხოვენ ფულს. საჭიროა, რომ ვინმემ, მათი ცნობიერების იმგვარ შეცვლაზე იმუშაოს, რომ მაგალითად ძალების გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ფინანსების მოძიებაც და ინფორმაციული დისბალანსის აღმოფხვრაც. სოფელ კოდაში მცხოვრები ქალები ამის ნათელი მაგალითი არიან. მე მათ, ისევე როგორც ყველა რეგიონის ქალებს საქართველოდან, რომ იბრძოლონ უკეთესი ცხოვრებისთვის, ამას ყველა იმსახურებს”, – ამბობს “ბანკები და ფინანსებთან” საუბარში ვალერიე სტივენსი.
აღსანიშნავია, რომ ვალერიე სტივენსის ვიზიტი საქართველოში, არის არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები საქართველოს რეგიონებში”–ს გამგეობის თავმჯდომარე, ნაირა ალავერდაშვილის დამსახურება, რომელმაც პირადი კონტაქტების წყალობით, უკვე მეორედ მოაწყო “სოფლად მცხოვრები ქალების მსოფლიო ასოციაციის” წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში.
“თითქმის საუკუნოვან ისტორიის ორგანიზაციაა. რომელიც მუშაობს სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემებზე და მთელი მსოფლიოს მასშტაბით აფინანსებს პატარ–პატარა გრანტებით ქალების სხვადასხვა პროექტებს.
ჩვენი მიზანია, რომ ქალებს დავეხმაროთ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნაში და ხელი შევუწყოთ, რომ მათ მიერ შედგენილი პროექტები დაფინანსდეს. მაგალითად შარშან რომ იყვნენ ჩამოსულები, რამოდენიმე პროექტი დააფინანსეს, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია, რომ ვითანამშრომლოთ ამ ორგანიზაციასთან ხოლო შორეული მიზანია, რომ ქალთა საერთაშორისო ევროპული კონფერენცია, რომელიც უნდა ჩატარდეს 2020 წელს, იყოს საქართველოში, კერძოდ თბილისში. თუმცა ამას აქვს თავისი ეტაპები, წელს აგვისტოში ტარდება ქალთა საერთაშორისო ფორუმი, სადაც უნდა წარვადგინოთ წინადადება, რომ ჩვენ მზად ვართ ამ კონფერენციის ჩასატარებლად და მასპინძლობისთვის. აღნიშნული ვიზიტის ერთ–ერთი მთავარი მიზანიც ეს არის, რომ გარდა შეხვედრებისა ქალებთან, გარემოც დაათვალიერონ და ზოგადი შთაბეჭდილება შეიქმნან, რომ სტუმრები აქ რომ ჩამოვლენ, გარდა სოფლად ქალების ნახვისა, სხვა ღირებულებებიც ნახონ.
სოფელ კოდაში ძალიან მომზადებულები დახვდნენ, ადგილზე წყლის პრობლემა არსებობს, მათ მიერ მომზადებულმა პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა და დიდი ალბათობით დაფინანსდება კიდეც, შედეგად 40 ოჯახი მიიღებს წყალს.
თუ გადაწყდება, რომ ეს ვეროპული კონფერენცია ჩვენთან ჩატარდეს, ეს ძალიან კარგი იქნება, ვინაიდან შემდგომში უკვე ძალიან ბევრ პროექტს დააფინანსებენ, ხოლო ჩვენი როლია ამ პროცესებში, რომ როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია მივეხმაროთ ქალებს ამ პროექტებში მაქსიმალურად ჩართულობაში და პლიუს გარკვეული მედიატორის როლი ვითამაშოთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სოფლად მცხოვრებ ქალებს შორის, რომელთაც აქვთ იდეები, მაგრამ რეალიზებას ვერ ახდენენ ფინანსებისა და კომპეტენციის ნაკლებობის გამო”, – აცხადებს ნაირა ალავერდაშვილი.
ლევან ღვალაძე