17/05/2024
Latest:
საზოგადოება

“ქართველების სამშობლოში დაბრუნების მთავარი ინდიკატორი არის ქვეყანა, რომლის კეთილდღეობის ხარისხი არის მაღალი”

 

თბილისში, ოქტომბერში, გლობალური დიასპორული კვირეული გაიმართება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები. კონკრეტულად რას მოიცავს აღნიშნული კვირეული, რა არის მისი უმთავრესი მიზანი, ვის შეეძლება აღნიშნულ კვირეულზე დასწრება, რა პრობლემები აქვს ქართულ დიასპორას, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, გელა დუმბაძეს ვესაუბრეთ.

 

– როგორც ცნობილია საქართველოში გლობალური დიასპორული კვირეული გაიმართება, რას მოიცავს აღნიშნული კვირეული და რა არის მისი უმთავრესი მიზანი?

–აღნიშნული კვირეული, საერთაშორისო დიასპორის ჩართულობის ალიანსთან ერთად, მეორედ იმართება. ეს ორგანიზაცია ამერიკაშია დაფუძნებული. ამერიკის ხელისუფლება დიდი ხანია მიხვდა თუ რას ნიშნავს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების ფინანსური და სხვა ტიპის პოტენციალი. ჩვენ ამ ორგანიზაციის წევრი გავხდით შარშან. გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც ჩვენ გავხდით ამ ორგანიზაციის რეგიონალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპაში. ეს ორგანიზაცია ატარებს ყოველწლიურ დიასპორულ კვირეულს.

დაგეგმილი დიასპორულ გლობალურ კვირეული, ამჯერად იქნება რეგიონალური ხასიათის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი მეზობელი ქვეყნის დელეგაციებიც. ველით გამოხმაურებას აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. ჩამოდიან ძალიან ცნობილი ექსპერტები აშშ–დან და სხვადასხვა ქვეყნებიდან. კვირეულის ფარგლებში გაიმართება რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება. მთავარი ღონისძიება გაიმართება 13 ოქტომბერს, რომელიც ჩატარდება ექსპო–ჯორჯიაში. ასევე რუსთაველის თეატრში გაიმართება დიასპორული, რეჟისორებისა და შემსრულებლების მიერ მოწყობილი, ძალიან ფართო საღამო. იქნება საქველმოქმედო გამოფენა, რომელიც გვინდა მივუძღვნათ და შემოსული თანხები გადავურიცხოთ სოლიდარობის ფონდს. ყველა ამ ღონისძიებას აქვს ერთი მიზანი, აამაღლოს საზოგადოების ცნობადობა ისეთ საკითხებში, როგორიცაა დიასპორა და მისი მნიშვნელობა ქვეყნის განვითარების საკითხში.

– ეკონომიკური ფორუმის შესახებ უფრო დეტალურად, რომ გვითხრათ, ვინ იქნებიან ამ ფორუმუმზე მოწვეული, რა ტიპის ფორუმი იქნება და რა იქნება ძირითადად განსახილველი საკითხები?

–ეკონომიკური ფორუმის ძირითადი საკითხი იქნება დიასპორული ინვესტიციები. მოწვეული იქნებიან დიასპორის წარმატებული წარმომადგენლები, რომლებმაც საქართველოში განახორციელეს სხვადასხვა ტიპის ინვესტიცია. ეს არის მშვენიერი სივრცე, სადაც შეიძლება მოხდეს აზრთა ურთიერთგაზიარება და ახალი პარტნიორების გაცნობა. ველოდებით, რომ ამ ღონისძიებას გახსნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

– ვის შეეძლება აღნიშნულ კვირეულზე დასწრება?

– დასწრება არის თავისუფალი, ჩვენ წინასწარ გვაქვს დაანონსებული ამის თაობაზე სამინისტროს ვებ-გვერდზე. იქ არის სპეციალური მონაწილის ფორმა, ვინც შეავსებს მას, შეეძლება მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ ფორუმში.

– ქართული დიასპორის წარმომადგენლებიდან, ვინ იქნებიან მოწვეული აღნიშნულ კვირეულზე? ღონისძიებებში თუ არიან ჩართული უცხოეთში მყოფი ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები?

– 16 ოქტომბერს, სავარაუდოდ, კონსერვატორიაში ჩატარდება კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ უცხოეთში მყოფი შოუ–ბიზნესის ქართველი წამომადგენლები. ჯერ–ჯერობით ეს სიურპრიზად გვინდა შემოვინახოთ. ასევე, ღონისძიებას დაესწრებიან უცხოეთში მოღვაძე ქართველი კინო–რეჟისორები. მოხდება ჩვენი დიასპორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოება.

–  აღნიშნული კვირეული უკვე მეორე წელია იმართება, რა შედეგების მომტანია იგი როგორც ქვეყნისთვის, ასევე, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისთვის?

– პირველ რიგში, დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ უჩნდებათ იმის განცდა, რომ სამშობლოში ფიქრობენ მათზე, სამშობლოსთვის მნიშვნელოვანია მათი გამოცდილება და პოტენციალი. ამის კიდევ ერთი დასტურია მაისის თვეში ჩვენს მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმი სადაც 8 პროფესიულ დარგში მოვიწვიეთ დიასპორის წარმომადგენლები და ძალიან საინტერესო დისკუსია გავმართეთ. მათ უჩნდებათ იმის რეალური შეგრძნება, რომ სამშობლოსთვის მნიშვნელოვნები არიან და შესაბამისად ბმა  სამ?ობლოსა და იქ მიმდინარე პროცესებს შორის არის უფრო მაღალი ხარისხის, ამას კი საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.

ასევე, მსგავსი ფორუმების მეშვეობით უამრავმა საქმიანმა ადამიანმა გაიცნო ერთმანეთი, არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით შედგა დიალოგი ხელისუფლების წამომადგენლებთან. ასევე, ეს არის საკმაოდ ნოყიერი ნიადაგი დიასპორული ინვესტიციების მოსაზიდად.

 

– სამინისტროს მხრიდან, რამდენად წარმატებით მიმდინარეობს კომუნიკაცია ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან და ხდება თუ არა მუდმივ რეჟიმში, მათი პრობლემების გაცნობა და  განხილვა?

– ჩვენი სამინისტრო, პერმანენტულად ატარებს უამრავ შეხვედრას დიასპორის წარმომადგენლებთან, როგორც უცხოეთში ასევე თვითონ სამინისტროს შენობაში. ინტენსიური კომუნიკაციაა მათთან და

მე ყოველთვის მზად ვარ, რომ ყველა დაინტერესებულ პირს შევხვდე, ვისაუბრო მათ წინაშე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. შემდეგ საჯაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლებთა, დავაყენო ეს საკითხები და ვეძიო მათი მოგვარების გზები.

ვმართავთ უამრავ კონკურსებს, შეჯიბრებებს, ახალგაზრდებს ვთავაზობთ ჩართვას ისეთ  კონკურსებში, როგორიცაა დიასპორული სტაჟირება, მონამვლის ბანაკი და ასე შემდეგ. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს დიასპორულ ორგანიზაციებთან და დიასპორის თვასაჩინო წევრებთან.

– დღესდღეობით რა პრობლემები აქვთ ყველაზე მეტად ქართული დიასპორის წარმომადგენლებს?

– მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სამინისტროს კარგად აქვს აწყობილი მათთან კომუნიკაცია, მაინც ვთვლი, რომ მთავარი პრობლემა მაინც არის კომუნიკაცია. მე მუდმივად ვთხოვ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მინისტრთა კაბინეტის წევრებს, რომ როცა იქნებიან უცხოეთში შეხვდნენ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. ვინაიდან, ერთია ინფორმაციის მიღება ინტერნეტიდან და მეორე, როდესაც მთავრობის წარმომადგენელი თავად გაწვდის სხვადასხვა ინფორმაციას.

კომუნიკაციის პრობლემის გარდა, ძალიან ფართოდ არის წარმოჩენილი ნოსტალგიის პრობლემა. ადამიანები არიან უცხოეთში და მათ ძალიან უჭირთ სამშობლოს გარეშე. თუმცა,

არის ერთი საინტერესო რამ, რაც ქართულ დიასპორას აერთიანებს, ყველა ადამიანს უნდა სამშობლოში დაბრუნება და საკუთარ მიწასთან ახლოს ყოფნა. სწორედ ეს არის გამაერთიანებელი მომენტი ჩვენი დიასპორისთვის.

რა თქმა უნდა არის სხვადასხვა პრობლემა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეულ დინამიურ ურთიერთობას მათთან მივაღწიეთ და არის ჯანსაღი პირდაპირი კონტაქტი დიასპორის წარმომადგენლებთან.

– საბერძნეთში არსებული კრიზისიდან გამომდინარე, რა მდგომარეობაში არიან იქ მცხოვრებ  ქართული დიასპორის წარმომადგენლები?

– საბერძნეთში თავად ვიყავი ოფიციალური ვიზიტით, შეგნებულად ავირჩიე ისეთი ქალაქები სადაც მაქსიმალური პრობლემები იყო, ვნახე იქ არსებული სიტუაცია. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც იქ სიტუაცია დაიძაბა ვიზიტით იმყოფებოდა ჩემი პირველი მოადგილე. შემიძლია ვთქვა, რომ საბერძნეთთან მაქსიმალურად ინტენსიური კონტაქტი გვაქვს, იქ არის უამრავი ჩვენი ღირსეული თანამემამულე წასული, მათ შორის ქალბატონები, რომლებიც მომსახურების სფეროში მუშაობენ. მე მათ საქმიანობას ხშირად ვადარებ სოციალურ გმირობას.

მე მინდა აქაურ ოჯახებს მივმართო და ვთხოვო, რომ დროულად მოუხმონ უკან თავიანთ ოჯახის წევრებს, ვინაიდან ძალიან მძიმეა მათი მდგომარეობა საბერძნეთში, განსაკუთრებით ოჯახების გარეშე.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი მოქალაქეები აქტიურად დაუბრუნდნენ საქართველოს და თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს ამისათვის?

–  პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ამ თემის გარშემო ძალიან ხშირად ხდება სპეკულაცია. არსებობს მსოფლიო გამოცდილება რაც უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ადამიანები ღირსეულად დაბრუნდნენ. მე ერთი რამ მინდა გადაჭრით  ვთქვა, მთავარი ინდიკატორი ადამიანის ღირსეულად დაბრუნების ეს არის ქვეყანა რომლის კეთილდღეობის ხარისხი არის მაღალი. ქვეყანაში არსებული კეთილდღეობა კი მიიღწევა მთავრობის და საზოგადოების თანადგომით და ერთობლიობით.  და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, თუ უცხოეთში მყოფ ქართველებს ექნებათ გარანტირებული იმის ნახევარი თანხა რასაც უცხოეთში აკეთებენ, მზად იქნებიან, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში.

გიორგი კაპანაძე