04/05/2024
Latest:
საზოგადოება

რა ხდება სოხუმში? – დაპირისპირება და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოზიცია

აფხაზეთში ოპოზიციის ხალხმრავალ დემონსტრაციას დე ფაქტო მთავრობაში ცვლილებები მოჰყვა. დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა განკარგულებას ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძიაპშბას უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

ლეონიდ ძიაპშბას უფლებამოსილება პროკურატურის მიერ მისი საქმიანობის შემოწმების პერიოდში შეუწყდება. ინფორმაცია ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ე.წ. მინისტრის მოვალეობებს მისი მოადგილე ბორის აბიტოვი შეასრულებს.

ე.წ შსს მინისტრის გათავისუფლება ოკუპირებულ რეგიონში ოპოზიციური ძალების მიერ გამართული აქციის შემდეგ გადაწყდა.5 ივლისის საღამოს დემონსტრანტებმა აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შტურმით აღება სცადეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაიით, საპროტესტო აქცის მონაწილეებმა სამინისტროს ეზოს ჭიკრის შემტვრევა შეძლეს და უწყების წინ მდებარე ეზოში შეიჭრნენ. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ ძიაპშბას გადადგომამდე არ დაიშლებოდნენ. რუსული მედიის ცნობით, დაშავდა 17 ადამიანი. მათგან 10 ჰოსპიტალიზებულია.

ოპოზიცია ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას აფხაზეთში კრიმინოგენური ვითარების გაურესების გამო და რეფერენდუმზე მოსახლეობის ნების თავისუფალი გამოვლინების შეზღუდვის გამო ითხოვდა.

“პრობლემა ჯერ კიდევ არ მოგვარებულა. ოპოზიციას აქვს სხვა მოთხოვნებიც. მოლაპარაკებები გაგრძელდება. თუ საჭირო გახდება, ჩვენ შევკრებთ ხალხს და ვითარებას განვიხილავთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე და კანონის შესაბამისად ვიმოქმედოთ”, – აღნიშნა ხაჯიმბამ.

10 ივლისს ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. 5 ივლისს გამართულ ყრილობაზე ოპოზიციურმა პარტიამ “ამცახარამ” რეფერენდუმის შემოდგომას გადატანა მოითხოვა. ოპოზიციის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ აფხაზეთში მოსახლეობის ნების თავისუფალი გამოხატვისთვის აუცილებელი პირობები უზრუნველყოფილი არ არის.

დე ფაქტო მთავრობა რეფრენედუმის გადატანაზე უარს აცხადებს.

“რეფერენდუმის გადატანის უფლება არავის აქვს. ამით ყველაფერი უნდა დამთავრდეს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სახელმწიფო. რაც შემეხება პირადად მე, აქ ვიქნები ჩემთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადამდე – 2019 წლამდე”, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.