19/05/2024
Latest:
პოლიტიკა

„რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა“ – კობახიძე EU-ს რეკომენდაციებზე

„რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომაერემ ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის რეკომენდაციებზე საუბრისას თქვა.

მისივე თქმით, შესასრულებელი დარჩა მხოლოდ 3 რეკომენდაცია, საიდანაც ერთ-ერთი სასამართლო რეფორმაა. კობახიძე თვლის, რომ ეს რეკომენდაცია ზოგადია და მისი შესრულებისთვის მეტი კონკრეტიკაა საჭირო.

„ივნისის ბოლომდე, რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა. რჩება 3 რეკომენდაცია, ერთი ეხება სასამართლო რეფორმას – ამაზე ჩვენ ვითხოვთ კონკრეტიკას, ჩვენ არ ვიცით ამაში რა იგულისხმება და ჯერჯერობით არ უთქვამთ არც ევროკავშირიდან, რას გულისხმობენ ფართო სასამართლო რეფორმაში. როგორც კი გვექნება კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით, მაშინვე დაიწყება მსჯელობა, სწორედ იმიტომ ვერ შესრულდა ეს პუნქტი, რომ არ ვიცოდით რა იგულისხმებოდა მასში კონკრეტულად“, – თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, უკვე 2 საათია რესპუბლიკაში მიმდინარეობს კონფერენცია – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“, რომელსაც მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებიან. შეხვედრაზე იმყოფება ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიც.

მხარეები საუბრობენ, რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე „ქართული ოცნება“ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ზის, რომლებსაც რამდენიმე თვის წინ უცხოეთის გავლენის აგენტებად აცხადებდა.

„რაც შეეხება აგენტებს, ამასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია ცნობილია ვის ვგულისხმობთ აგენტების ქვეშ. აქ იგულისხმებიან ის სუბიექტები, რომლებიც ჩართული არიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება არასამთავრობო სექტორს როგორც ასეთს. რა თქმა უნდა, არის რამდენიმე მდიდარი ენჯეო, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ისინი სცენიდან ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, რაც არაა არასამთავრობო ორგანიზაციის საქმე. საია-ს წინა თავმჯდომარემ თქვა, რომ ის არ იდგა სცენაზე და დადასტურდა, რომ არ იყო სცენაზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა საფუძველი, რომ მასთან ერთად დავმჯდარიყავი“ – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარის დატოვება