საზოგადოება

რკინიგზის სადგურებში ტურისტებს ახალი სერვისი ხვდება

დღეს, ორსართულიანი მატარებლის პირველ მგზავრებს ბათუმის რკინიგზის სადგურში მობილური ტურისტული საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები დახვდნენ. მობილური ტურისტული ცენტრის სერვისი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ბათუმისა და ქობულეთის რკინიგზის სადგურებს ტურისტებისთვის მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით დღეიდან დაამატა.

ცენტრის თანამშრომლების მუშაობას ბათუმის რკინიგზის სადგურში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი გაეცნენ. ისინი სადგურში ულტრათანამედროვე ტიპის მატარებლის პირველ მგზარებსაც შეხვდნენ, რომლებსაც ტურისტული ცენტრის თანამშრომლებმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია და საინფორმაციო მასალები მიაწოდეს.

დღეიდან, ორსართულიანი მატარებელი ბათუმის მიმართულებით რეისებს ყოველდღიურად, დღეში ორჯერ შეასრულებს. ერთჯერადად ორსართულიანი მატარებლით 400-მდე მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი. მათ აგვისტოს პირველ ნახევარში ბათუმის რკინიგზის სადგურში უკვე ტურისტული საინფორმაციო ცენტრი დახვდებათ, სადაც ტურისტებს რეგიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაციისა და  საინფორმაციო მასალების მიღება შეეძლებათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს აჭარის ტერიტორიაზე სულ 8 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აქვს. საინფორმაციო ცენტრების მომსახურება მნიშვნელოვანი სერვისია ტურისტულად აქტიური ქალაქისთვის, რასაც ცენტრებში ვიზიტორთა მზარდი რაოდენობაც მიუთითებს. 2016 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით (იანვარ-ივნისი) ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო ცენტრებს 21 518 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73,35 %-იან ზრდას ითვალისწინებს. ცენტრებში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 577 90 90 93 (91), რომელზედაც ტურიზმის მიმართულებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.